თავში

ძაღლები ბრინჯაოს ხანაში ვეგეტარიანელები იყვნენ - PHOTO

​ძაღლები ბრინჯაოს ხანაში ვეგეტარიანელები იყვნენ
ძაღლები ბრინჯაოს ხანაში ვეგეტარიანელები იყვნენ - PHOTO

ესპანელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 3 000 წლის წინანდელი ძაღლების ძვლები და დაადგინეს რომ ბრინჯაოს ხანაში ისინი მცენარეულობით იკვებებოდნენ. როგორც გაირკვა, შინაური ცხოველების საკვებს ძირითადად მარცვლოვანი მცენარეები წარმოადგენდა, თუმცა მათი წინაპრები, რომლებიც პირველყოფილმა ადამიანებმა მოაშინაურეს, ჭამდნენ ხორცს. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

ესპანეთში, ბარსელონასთან ახლოს, კან როკეტაში ნაპოვნი ძაღლების ნეშტი თარიღდება 1300-დან 550 წლების შუალედით ჩვენს წელთაღრიცხვამდე. არქეოლოგებმა შეისწავლეს 36 ძაღლი, გამოკვლევების საფუძველზე მათგან 17-ს არ დაუდასტურდა ორგანიზმში საკვები ხორცის არსებობა. მათ ძვლებში ნახშირბადისა და აზოტის შემცველობა თითქმის ისეთივე იყო, როგორიც იმდროინდელი რქოსანი პირუტყვების ძვლებში.

,,როდესაც ადამიანებმა ნეოლითის ეპოქაში დაიწყეს მცენარეების მოყვანა, მათ შეამცირეს ნადირობა ცხოველებზე, რის საფუძველზეც თვითონაც და თავიანთი შინაური ცხოველებიც ძირითადად ვეგეტარიანულ კვებაზე გადავიდნენ’’, - აღნიშნავს ბარსელონის უნივერსიტეტის ზოოარქეოლოგი სილვია ალბიზური. 

ძაღლების რაციონი ძირითადად ისეთი მარცვლეულისგან შედგებოდა, როგორიცაა ფეტვი. ეს განპირობებული იყო იმით, რომ პატრონი თითქმის არ ჭამდა ხორცს. ძაღლები იცავდნენ საცხოვრებელ ტერიტორიასა და რქოსან პირუტყვებს, ხოლო მათი საკვები მცენარეული წარმოშობის ნახშირწყლებით იყო გამდიდრებული.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ვეგეტარიანელობა ძაღლებისთვის დამახასიათებელი იყო მხოლოდ იმ რეგიონებში, სადაც მათი პატრონები სოფლის მეურნეობას მისდევდნენ. ხოლო შედარებით ცივი კლიმატის მქონე ადგილებში, სადაც არსებობის წყაროს ნადირობა წარმოადგენდა, ძაღლებიც ხორცის მჭამელები იყვნენ.

საკითხი, თუ როდის მოაშინაურა ადამიანმა ძაღლი, დისკუსიის საგანია მეცნიერებში. ზოგიერთი მიიჩნევს რომ ეს 14 ათასი ხოლო ზოგის აზრით 40 ათასი წლის წინ მოხდა.

თანამედროვე ძაღლები, კატებისგან განსხვავებით შეიძლება ბოსტნეულითა და მარცვლეულით გამოვკვებოთ. თუმცა ექიმების აზრით, ამისათვის ჯერ საჭიროა ვეტერინართან კონსულტაცია.

ფოტოები: Journal of World Prehistory

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system