სოფლის მეურნეობის პოსტკრიზისულმა გეგმამ სოზარ სუბარის მოლოდინს გადააჭარბა

სოფლის მეურნეობის პოსტკრიზისულმა გეგმამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ამ პროგრამაში გაცილებით მეტია, ვიდრე ეს იყო ჩვენი მოთხოვნები და თხოვნები, - ასე შეაფასა პრემიერის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარმა გუშინ ლევან დავითაშვილის მიერ წარდგენილი სოფლისა და ფერმერების მხარდამჭერი პაკეტი.

„ესაა ძალიან დიდი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ადამიანებმა ამოისუნთქონ, წელში გაიმართონ, წვრილ ფერმერულ მეურნეობებს ჰქონდეთ შემოსავალი, მსხვილებს - პროდუქცია, რომელსაც გაიტანენ როგორც შიდა ბაზარზე, ისე - ექსპორტზე. ამის შედეგად, ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებული იმპორტზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, ეს შეამცირებს ქართული პროდუქტის ფასს, რადგან რაც მეტი იქნება მოსავალი, მით მეტად დაიკლებს ფასი. მართალია, ეს მთლად კარგი ამბავი არაა ფერმერისთვის, გლეხისთვის, რომელსაც მოჰყავს პროდუქტი, თუმცა თუ გვექნება ხარისხიანი მოსავალი და თესლის, სარწყავის დაფინანსება - ხარჯიც ნაკლები ექნებათ და ეს გაზრდის გარე ბაზრებზე პროდუქციის გატანის შანსს“ - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

შეგახსენებთ, გუშინ სოფლის მეურნეობის მინისტრმა საზოგადოებას გააცნო, როგორ დაეხმარება მთავრობა სოფელსა და ფერმერებს. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, რომ სოფლის მეურნეობა "ქართულმა ოცნებამ" გამოაცხადა პრიორიტეტულ მიმართულებად და ბიძინა ივანიშვილმა 200 მლნ ლარამდე დახარჯა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციაზე მთავრობა 10 მილიონი ლარს დახარჯავს.

ფერმერები რეგისტრირებულ 1 ჰექტარ მიწაზე 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ამავე ოდენობის მიწაზე მათ შეეძლებათ დიზელი შეიძინონ საბაზრო ფასზე ლარით იაფად.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამაზე საბიუჯეტო თანხები არ დაიხარჯება. ამაზე მთავრობა კომპანიებს გაურიგდა და რამდენიმე წელი ისინი გლეხებს იაფ დიზელს შესთავაზებენ.

მთავრობის დახმარების წყალობით, 200 000-მდე ფერმერი დიზელის შეძენისთვის 40 მილიონ ლარამდე დაზოგავს.

პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა 200 ათას ფერმერს 300 მილიონი ლარით დაეხმარება.

ყველა ფერმერი 2020 წელს მთლიანად გათავისუფლდნენ საირიგაციო, ანუ სარწყავი წყლის, გადასახადისგან.

ფერმერთა საგადასახადო შეღავათების ბიუჯეტი 13 მილიონი ლარია.

ერთწლიანი კულტურების წარმოებას სესხების პროცენტს მთავრობა დაუფარავს.

სამთავრობო დახმარებისა და შეღავათების მიღების პირობა არის რეგისტრირებული მიწის ფლობა, ანუ დახმარებებს და შეღავათებს მხოლოდ რეგისტრირებული მიწის მფლობელი ფერმერები მიიღებენ.

ცნობისთვის, რეგისტრირებულ ერთ ჰექტარზე მთავრობა ფერმერს 850-დან 1 700 ლარამდე დაეხმარება.

პრემიერმა გახარიამ განაცხადა, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს , რომ საქართველოში დაუმუშავებელი მიწა აღარ დარჩეს.

მთავრობა მცირემიწიან ფერმერებსაც დაეხარება.

მცირე ფერმერებისთვის დაზღვევის ხარჯის 70%-ს მთავრობა დაფარავს

მესათბურე ფერმერებს კი ხელისუფლება ხარჯების ნახევარს დაუფინანსებს, ხოლო კოოპერატივებს ხელისუფლება მაქსიმუმ 25 000 ლარით დააფინანსებს.

ფერმერები ისარგებლებენ საბანკო შეღავაღებითაც.

ცნობისთვის, პრემიერი ფერმერებს მიწების რეგისტრირებას სთხოვს. მისივე პროგნოზით, ქვეყანაში, 3 წლის განმავლობაში, სრულად იქნება აღრიცხული და რეგისტრირებული ნებისმიერი სახის მიწა.

შეგახსენებთ, ყველა ფერმერს, რომელიც ლეგალურად ფლობს მიწის ნაკვეთს და გარკვეული ტიპის დამადასტურებელი საბუთი გააჩნია, მიწის რეგისტრაცია უფასოდ შეეძლება.

სოფლის მეურნეობის სტიმულირების გეგმაში მთავრობას დეტალურად აქვს გაწერილი, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ფერმერები მთავრობის დახმარების მისაღებად.

დღესვე მინისტრმა დეტალურად განმარტა, რა სახით მიიღებენ ფერმერები სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას.