თავში

24 სექტემბერს მსოფლიო საზღვაო დღე აღინიშნება

24 სექტემბერს მსოფლიო საზღვაო დღე აღინიშნება
24 სექტემბერს მსოფლიო საზღვაო დღე აღინიშნება

მსოფლიო დღეს 24 სექტემბერს საზღვაო დღეს აღნიშნავს. ეს დღე საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყანას, მიულოცა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

„გილოცავ მსოფლიო საზღვაო დღეს, საქართველო! ისტორიულად, წყალი ადამიანებსა და კონტინენტებს შორის გამყოფიც იყო და გამაერთიანებელიც. ევროკავშირი და საქართველო ერთად ცდილობენ, რომ შავი ზღვა თანდათან იქცეს იმ ხიდად, რომელიც ჩვენს გაერთიანებასა და დაახლოებას შეუწყობს ხელს. ევროკავშირსა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობა ის წარმატებაა, რომელზეც ჯერ კიდევ ბევრია მოსაყოლი. ჩვენ ერთად უზრუნველვყავით სფეროს განვითარება და მოდერნიზება, გავზარდეთ გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტები იმისთვის, რომ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს ამ სფეროში მუშაობით და ხელი შეუწყოს მის მდგრად განვითარებას, რაც ასე მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის. ასევე, იმისთვის, რომ განხორციელდეს საქართველოს გეგმა, რომელიც რეგიონში მის სატრანსპორტო და დამაკავშირებელ კვანძად ქცევას ითვალისწინებს. დღეს საქართველოს უკვე 12,000-ზე მეტი მეზღვაური ჰყავს და მათი ყოველწლიური შენატანი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით ხუთასი მილიონი ლარია. გასულ წელს, 40% -ით გაიზარდა საკონტეინერო ტვირთბრუნვა საქართველოს პორტებში, რაც შემდგომი ზრდის პოტენციალის მაჩვენებელია. ჩვენ ერთად შევძელით ის, რომ ევროკავშირის 22 დირექტივიდან და რეგულაციიდან საქართველოს უკვე დანერგილი აქვს 16. ამჟამად ერთად ვმუშაობთ საქართველოს პირველ საზღვაო სტრატეგიაზე; ამ ერთობლივმა შრომამ უკვე მისცა საქართველოს მეზღვაურებს საშუალება, რომ მათი განათლება და სერტიფიკატები აღიარებულიყო ევროპის 20 სახელმწიფოს მიერ, რაც საქართველოს მეზღვაურებს ევროპულ გემებზე არა მხოლოდ მუშაობის, არამედ კაპიტნობის შესაძლებლობასაც კი აძლევს. ნება მომეცით დავასრულო ეს განცხადება გულწრფელი მადლობით საქართველოს ყველა მეზღვაურისა და საზღვაო სფეროში მომუშავე ადამიანის მიმართ, რომლებიც COVID- ის ამ რთულ დღეებში 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ, რათა საქართველოს პორტებში საქონელი და მარაგები უწყვეტად შემოსულიყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა“- განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

ცნობისთვის, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარებას სხვადასხვა პროექტებისა და პროგრამების საშუალებით, რომელიც ეხება მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, სანავიგაციო უსაფრთხოების გაძლიერებას, საზღვაო გარემოს დაცვას, და ასევე განათლებისა და სწავლების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას. ყველა ეს რეფორმა მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს ქვეყნას იმ გეგმების განხორციელებაში, რომლებიც შეეხება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მდგრადი საზღვაო ტრანსპორტირების სისტემისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და საკანონმდებლო ბაზის შექმნას, ახალი ტექნოლოგიისა და ინოვაციების დანერგვას, ენერგოეფექტურობას, გაციფრულებას, საზღვაო / პორტის მომსახურებების ინტეგრაციასა და სხვა.

"ევროკავშირი სიამაყით უწევს საქართველოს მთავარ პარტნიორობას ამ პროცესში და მსოფლიო საზღვაო დღესთან დაკავშირებით იწყებს საინფორმაციო კამპანიას, რომელიც ხაზს უსვამს როგორც იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია, ასევე სამომავლო პერსპექტივებს. შავი ზღვა უნიკალური აქტივია საქართველოსთვის, მაგრამ ის საკმაოდ დაბინძურებულია. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს შავი ზღვის წყლის ხარისხის გაუმჯობესების, შესაძლებლობების განვითარებისა და ტექნიკური დახმარების გზით. საერთაშორისო გადაზიდვები მსოფლიო ვაჭრობის 80%-ზე მეტს შეადგენს. საზღვაო გადაზიდვა ტრანსპორტირების ყველაზე ეფექტური და ეკონომიური მეთოდია; ეს უზრუნველყოფს გლობალური საქონლის საიმედო და დაბალფასიან ტრანსპორტირებას, ვაჭრობის ხელშეწყობასა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას. მდგრადი გადაზიდვებისა და მდგრადი საზღვაო განვითარების ხელშეწყობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს, ისევე როგორც საქართველოსთვის, როგორც ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნისთვის," - აცხადებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

„მეზღვაური საკვანძო პროფესიაა!“ - ამ სლოგანით წარმართავს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) 2020 წლის კამპანიას და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ მეზღვაურებს და თავისი წვლილი შეიტანონ მათ როტაციაში.

საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, ვინც ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მოწოდებას და 15 ივნისს მეზღვაური - “საკვანძო პროფესიად“ გამოაცხადა, ანუ,  მთავრობის 2020 წლის 15 ივნისს გადაწყვეტილებით, საქართველოში მეზღვაური - “საკვანძო პროფესიად“ გამოცხადდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system