თავში

"ამცირებს სიკვდილიანობას და მძიმე ფორმებისგან იცავს" - რას წერს რევაზ ბოჭორიშვილი

"ამცირებს სიკვდილიანობას და მძიმე ფორმებისგან იცავს" - რას წერს რევაზ ბოჭორიშვილი
ამცირებს სიკვდილიანობას და მძიმე ფორმებისგან იცავს - რას წერს რევაზ ბოჭორიშვილი

საფ­რან­გეთ­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი, რე­ვაზ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქვეყნებს.

მედიკოსი წერს, რომ კოვიდ საწინააღმდეგო აცრები არათუ უნდა გაგრძელდეს, არამედ დაჩქარდეს და მასიური გახდეს.

მისი თქმით, ერთადერთი რაც აჩვენებს მაღალ ეფექტურობას კოვიდის მძიმე ფორმით დაავადებისა და სიკვდილიანობის შემცირების თვალსაზრისით, ეს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციაა.

"1918-1921 წლებში ე.წ. "ესპანური" გრიპის პანდემიის შედეგად მსოფლიოში გარდაიცვალა 20 დან 50 მილიონამდე, ხოლო ზოგიერთი გამოთვლით კი 100 მილიონამდე ადამიანი. ეს შემზარავი შედეგი აიხსნება იმ პერიოდში ეფექტური მკურნალობისა და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის არარსებობით.

დღეს, როდესაც მსოფლიოში 4,5 მილიონი ადამიანია უკვე გარდაცვლილი კოვიდ-19 ის გამო, როდესაც მკურნალობის საკითხში დღემდე ისევ ბევრი გაურკვევლობაა, ერთადერთი რაც აჩვენებს ეფექტურობას, არა 100 %-იანს, მაგრამ მაღალ ეფექტურობას კოვიდის მძიმე ფორმით დაავადებისა და სიკვდილიანობის შემცირების თვალსაზრისით, ეს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციაა. 

ამ პირობებში, "ბუნებრივი გზით", მხოლოდ კოვიდის გადატანით, აცრის გარეშე კოლექტიური (ჯგუფური) იმუნიტეტის მიღწევაზე ლაპარაკიც კი ცოტა არ იყოს უხერხულია... და მინიმუმ უხერხულია თვალის დახუჭვა იმაზე, რომ ბევრი ადამიანი ვერც კი მიაღწევს იმ ნანატრ პოსტ კოვიდურ იმუნიტეტს, სწორედაც რომ ვერ გ ა დ ა ი ტ ა ნ ს კოვიდს....ან დღეების განმავლობაში იქნება რეანიმაციაში, ან "ხანგძლივი კოვიდი" გასტანჯავს... მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ ან არ აიცრა...

დღეისათვის ცნობილი მონაცემების საფუძველზე, როგორიცაა არსებული ვაქცინების ეფექტურობა, ვაქცინაციის ტემპი, კოვიდის გართულებები და სიკვდილიანობა, ფრანგი მკვლევარების ჯგუფმა გამოითვალა რამდენი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა საფრანგეთში ვაქცინაციის დაწყებიდან, ანუ რამდენი დაიღუპებოდა ვაქცინაციის გარეშე... ამ კვლევის მიხედვით, 2021 წლის 20 აგვისტომემდე აცრის წყალობით -რეანიმაციაში არ მოხვდა 39 100 ადამიანი, რაც შეესაბამება რეანიმაციაში მოხვედრის რისკის შემცირებას 46 % -ით, სიკვდილს გადაურჩა 47 400 ადამიანი, რაც შეესაბამება სიკვდილიანობის შემცირებას 57%- ით.

ხოლო 2021 წლის 31 დეკემბრისთვის გაკეთებული გათვლებით- რეანიმაციაში არ მოხვდება 67 000 ადამიანი, რაც შეესაბამება 57%-ით რისკის შემცირებას, სიკვდილს გადაურჩება 78 700 ადამიანი, რაც რისკის შემცირების 65%-ს შეესაბამება.

რა დასკვნა შეიძლება გაკეთდეს ამ მონაცემების გაცნობის შემდეგ? უპირველეს ყოვლისა, ვაქცინაცია რეალურად ამცირებს სიკვდილიანობას და მძიმე ფორმებისგან იცავს. მხოლოდ კოვიდის გადატანის ხარჯზე კოლექტიური იმუნიტეტის თეორიული მიღწევის რეალური ფასი იქნება ასეულ ათასობით გარდაცვლილი ადამიანის სიცოცხლე, მათი, ვინც არ გარდაიცვლებოდა მასიური ვაქცინაციის პირობებში, თანაც ასეთი იმუნიტეტის მიღწევას დასჭირდება დიდი დრო და მილიარდებით გამოხატული ზარალი მოჰყვება… წარმოუდგენლად დიდი ფასია. 

ყველანაირი თვალსაზრისით, მათ შორის ეთიკურით,  კოვიდ საწინააღმდეგო აცრები უნდა არათუ გაგრძელდეს, არამედ დაჩქარდეს და მასიური გახდეს. მეცნიერება დღეს ამ გზას გვიჩვენებს. დანარჩენი მინიმუმ ერთი საუკუნით უკან გვაბრუნებს", - წერს რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში.

აღნიშნული პოსტით რევაზ ბოჭორიშვილი, სავარაუდოდ, ლევან რატიანის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა თქვა, რომ საუკეთესო იმუნიტეტი კოვიდგადატანილებს აქვთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system