თავში

"ანესთეზიის დროს გული გაუჩერდა" - 19 წლის გარდაცვლილი ორსულის ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

"ანესთეზიის დროს გული გაუჩერდა" - 19 წლის გარდაცვლილი ორსულის ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს
ანესთეზიის დროს გული გაუჩერდა - 19 წლის გარდაცვლილი ორსულის ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

ქუთაისის კლინიკაში გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ოჯახის წევრები პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა.

ამასთან, მომხდარზე პირველ კომენტარს აკეთებს იმ კლინიკის ექიმი, სადაც მშობიარეს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ექიმის განმარტებით, პაციენტს ანესთეზიის დროს გული გაუჩერდა, 15 დღიანი მკურნალობის მიუხედავად კი, მშობიარე ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამედიცინო დაწესებულებაში, ოჯახის ბრალდებებს მედიკამენტების უვარგისობასთან და ასევე ნარკოზის ზედოზირებასთან დაკავშირებით, უარყოფენ. ექიმის განცხადებით, საკეისრო კვეთის დროს ორსულს გული გაუჩერდა, თუმცა სამედიცინო პერსონალმა ვითარების დარეგულირება შეძლო. პაციენტი ორი კვირის შემდეგ გარდაიცვალა. კლინიკა ახლა სამედიცინო ექსპერტიზის შედეგს ელოდება. 

"გაკეთდა სპინალური ანესთეზია, ჩატარდა საკეისრო კვეთა ჩვენებით. იყო გარდიგარდმო მდებარეობა ნაყოფის და მესამე ხარისხის სიმსუქნე. ანესთეზიის დროს გულის გაჩერება განვითარდა. რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად აღდგა გულის რითმი, გადაყვანილ იქნა პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში. 15 დღიანი მკურნალობის შედეგად სამწუხაროდ ვერ მოხდა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა, მიზეზბზე ახლა თავს შევიკავებ... დაველოდოთ დასკვნას" - განაცხადა ექიმმა გიორგი ხუციშვილმა.

გარდაცვლილის ოჯახი ამტკიცებს, რომ საკეისრო კვეთის დროს ახალგაზრდა მშობიარეს ანესთეზიური საშუალების ზედმეტი ან უხარისხო დოზა შეუყვანეს. 

ისინი მოითხოვენ, გამოძიების დასრულებამდე ექიმებს მუშაობის უფლება შეუჩერდეთ და იმ შემთხვევაში, თუ მათი ბრალეულობა გამოიკვეთა, მკაცრად დაისაჯონ.

"ჩვენ ვითხოვთ პირველ რიგში ანესთეზიოლოგ ავთანდილ მამარდეიშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერებას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კანონით მის დასჯას. ამასთან, თუ გაირკვევა სხვა ექიმების უფლებამოსილების გადაჭარბება, ბრალეულობა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მასთან ერთად უნდა მოხდეს ყველა მონაწილე პირის კანონით დასჯა", - ამბობს გარდაცვლილი ქალის ნათესავი.

სესილი ბუბუტეიშვილი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში საკეისრო კვეთიდან 2 კვირაში გარდაიცვალა. როგორც კლინიკამ გარდაცვლილის ოჯახს განუმარტა, საკეისრო კვეთის დროს ახალგაზრდა გოგოს გული გაუჩერდა, რის შემდეგაც კომაში ჩავარდა და 2 კვირაში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system