თავში

არა, ბატონო, არსენ! - ამირან გამყრელიძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს პასუხობს

არა, ბატონო, არსენ! - ამირან გამყრელიძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს პასუხობს
არა, ბატონო, არსენ! - ამირან გამყრელიძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს  პასუხობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს პასუხობს, რომელიც საქართველოს სტატისტიკას კორონავირუსთან დაკავშირებით ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ ჩვენი ქვეყნიდან სომხეთში ჩასულ არაერთ პირს ინფექცია დაუდგინდა. შესაბამისად, არსენ ტოროსიანი ვარაუდობს, რომ საქართველოში ბევრად მეტი ინფიცირებულია, ვიდრე ხელისუფლების ოფიციალური მონაცემები ასახავს.

ამირან გამყრელიძის თქმით, თუ ტოროსიანმა მსგავსი განცხადება ნამდვილად გააკეთა, საქართველოს დაავადებული მოქალაქეების შესახებ საქართველოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის უნდა ეცნობებინათ. 

"მეუცხოვა მისგან ამ ტიპის არადიპლომატიური განცხადება, იმიტომ რომ თუ ასეთი შემთხვევები იყო, რომ აქედან ჩასულ მძღოლს ან კიდევ სხვას, დაუდგინდა ინფექცია, ანუ საქართველოს მოქალაქეებს, მაშინ ჩვენც და სომხეთიც ვართ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების კონვენციის ხელმომწერები და მათ ეს უნდა ეცნობებინათ ჩვენთვის და ჯანმო-სთვის," - განაცხადა გამყრელიძემ.

არსენ ტოროსიანის მიერ გამოთქმულ ეჭვს, შედიან თუ არა საქართველოს სტატისტიკურ მონაცემებში პნევმონიისგან გარდაცვლილი პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსი დადასტურებული არ ჰქონდათ, გამყრელიძე პასუხობს, რომ საქართველოში კორონავირუსზე ტესტირება უტარდება ყველას, ვისაც პნევმონიის დიაგნოზს დაუსვამენ. 

„არ ვიცი რა სტატისტიკას ეყრდნობა, მას შეუძლია, ნახოს ჩვენ მიერ გამოქვეყნებული, რომელიც ინგლისურადაც არის. ჩვენს ვებგვერდზე არის ჩვენი ყოველწლიური სტატისტიკა, დინამიკა პნევმონიების. ჩვენ ეს შესწავლილი გვაქვს. ჩვენთან არ აღინიშნება ის, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამ პანდემიების დროს - ჭარბი სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ეს ჰქონდა და აქვს იტალიას, ბევრ ქვეყანას, სადაც მაღალი იყო სიკვდილიანობა. ჩვენ ამას ვუყურებთ 3-4 თვის განმავლობაში, გვაქვს თუ არა ჭარბი სიკვდილიანობა, მათ შორის პნევმონიით? არ გვაქვს. დღეს საქართველოში იტესტება პნევმონიის მქონე ყველა ავადმყოფი, ყველა ჰოსპიტალში. ყველა ამბულატორიული მიმართვა, სადაც დგინდება პნევმონიის დიაგნოზი, რა თქმა უნდა, გადადის ჰოსპიტალში და ყველა იტესტება“ - განმარტა გამყრელიძემ. 

გარდა ამისა, ტოროსიანი დაინტერესდა,გამოყენებული იყო თუ არა საქართველოში ინფიცირების ყველა შემთხვევაში PCR-ტესტები, თუ საუბარია სწრაფ ტესტებზე, რომელსაც, მისი თქმით, დაბალი სანდოობის გამო, სომხეთში ფაქტობრივად არ იყენებენ.

გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ტოროსიანი, ასევე საუბრობს, რომ საქართველოში თითქოს ტესტებს ურევენ და ტესტირებულთა მაჩვენებელში შედის სწრაფი ტესტები, რაც ასე არ არის. 

„არა ბატონო არსენ, 48 290 ტესტირება, რაც ჩატარებულია ქვეყანაში, ყველა არის PCR-ტესტირება. ჩვენ ამაში არ შეგვაქვს რამდენიმე ათასი სწრაფი ტესტი, რომელსაც ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებები იყენებენ. ასე რომ, გამიკვირდა ეს“, - დაამატა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს, არსენ ტოროსიანს, COVID-19-ზე საქართველოს სტატისტიკა აეჭვებს და ვარაუდობს, რომ ქვეყანაში ყველა ინფიცირებულის გამოვლენა და სტატისტიკაში ასახვა არ ხდება.

„როცა ჩვენ საქართველოდან სომხეთში შემოსულ მძღოლებს ვუტარებთ ტესტირებას, უმრავლეს შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებას ვადგენთ. ასე რომ, განა დასაჯერებელია, რომ საქართველოში დღეში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 1-2 შემთხვევა დასტურდება? თუ სინამდვილეში ყველა ინფიცირებულის გამოვლენა და შემდეგ სტატისტიკაში ასახვა არ ხდება?“ - განაცხადა მინისტრმა.

საინფორმაციო სააგენტო Arminfo-ს თანახმად, საზოგადოებრივი საბჭოს მიერ მოწყობილ ონლაინშეხვედრაზე არსენ ტოროსიანმა რამდენიმე შეკითხვა დასვა: მათ შორის, გამოყენებული იყო თუ არა საქართველოში ინფიცირების ყველა შემთხვევაში PCR ტესტები, თუ საუბარია სწრაფ ტესტებზე, რომლებსაც, მისი თქმით, დაბალი სანდოობის გამო, სომხეთში პრაქტიკულად არ ხმარობენ. მინისტრს აინტერესებს ასევე, უტარდებათ თუ არა კორონავირუსზე ტესტირება იმ პირებს, ვისაც ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვთ და შედიან თუ არა სტატისტიკურ მონაცემებში ისინი, რომლებიც პნევმონიისგან გარდაიცვალნენ, მაგრამ COVID-19 დადასტურებული არ ჰქონდათ.

Arminfo-ს ცნობით, საქართველოსა და სომხეთს შორის კორონავირუსის მეთოდოლოგიის განსხვავებაზე საუბრისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულ სისტემაზე ძლიერია:

„საქართველოს ჯანდაცვისა და ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა მკვეთრად განსხვავდება სომხეთის სისტემისგან, თანაც არა კარგი კუთხით. ჩვენი სისტემა უფრო ძლიერია და ეს ფაქტია“, - განაცხადა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

Arminfo-ს თანახმად, არსენ ტოროსიანი დაინტერესდა იმითაც, შეძლებენ თუ არა საქართველო და სხვა ქვეყნები Covod-19-ის გავრცელების არსებული მონაცემების შენარჩუნებას ტურისტული სეზონის გახსნის შემდეგ.

ცნობისთვის, სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 5928 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 2874, გარდაცვლილია - 74.

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 723 ადამიანს, გამოჯანმრთელებულია 495, გარდაცვლილია - 12.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system