თავში

ბრალდებული ანესთეზიოლოგი მიმართვას ავრცელებს

ბრალდებული ანესთეზიოლოგი მიმართვას ავრცელებს
ბრალდებული ანესთეზიოლოგი მიმართვას ავრცელებს

ექიმი ანესთეზიოლოგი მარიამ ხოჭოლავა პროკურატურის მიერ, მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს. განცხადება თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც მარიამ ხოჭოლავა აცხადებს, ის 25 წელზე მეტია აქტიურად ეწევა ლიცენზირებულ, დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას.

„მინდა განცხადებით გამოვეხმაურო გუშინ, 4 აგვისტოს, საქართველოს პროკურატურის მიერ, ჩემ მიმართ, წარდგენილ უსაფუძვლო ბრალდებებს, უკანონო საექიმო საქმიანობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ ვეთანხმები პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს და იმედი მაქვს, მალე სასამართლოს მიერ მიღებული იქნება ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება. ასევე, მინდა გამოვეხმაურო ტელევიზიით არასწორად გავრცელებულ სრულიად უსაფუძვლო და აბსურდულ ბრალდებას, იმის თაობაზე, რომ თითქოს გამოძიებისგან თავის არიდების მიზნით, განზრახ დავტოვე ქვეყანა და „გავიქეცი“ იტალიაში. უნდა აღინიშნოს, რომ 25 წელზე მეტია აქტიურად ვეწევი ლიცენზირებულ, დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას ანესთეზია-რეანიმაციის მიმართულებით, საიდანაც ათი წელი ვმუშაობდი, შესაბამისი ლიცენზიის ფარგლებში, ანესთეზიოლოგად საქართველოში და ბოლო 15 წელიწადია ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ იტალიაში, ბერგამოს საუნივერსიტეტო კლინიკაში, რამაც განაპირობა, განვითარებული მოვლენების დროს, ჩემი ქვეყანაში არ ყოფნა. შესაბამისად, ვაცხადებ, რომ გაჟღერებული ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მეტიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობდი საგამოძიებო ორგანოებთან და სიმართლის დადგენის მიზნით, მომავალშიც მზად ვარ თანამშრომლობისთვის“, – აცხადებს ხოჭოლავა.

სამსახურებრივი გულგრილობის, თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი და ექიმი 4 აგვისტოს დააკავეს.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, „იმის გათვალისწინებით, რომ მ.ხ-მ საქართველოს ტერიტორია დატოვა და უარს აცხადებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”.

შეგახსენებთ, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს. პაციენტი ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

პროკურატურის ცნობით, ექიმმა ვ.ყ-მ პაციენტი და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ პაციენტისათვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში გადააგზავნეს და სწორედ მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც ასევე იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ. თუმცა, აღნიშნული ოპერაცია ექიმმა ვ.ყ.-მ თავად გაუკეთა პაციენტს, ისე რომ მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით ,,ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, ასევე მან ოპერაციაზე დაიხმარა მ.ხ. რომელსაც ასევე არ გააჩნდა სახელმწიფო და/ან დროებითი სერტიფიკატი არც ერთ სპეციალობაში და იგი საავადმყოფოში ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა. ოპერაციის შემდეგ ნ.ც.-ს ტკივილები განუახლდა, რის გამოც პაციენტმა აღნიშნულ საავადმყოფოს ისევ მიმართა. ვ.ყ-მ დაიყოლია პაციენტი და მისი ოჯახის წევრები განმეორებითი ოპერაციის ჩატარებაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია იყო და რომ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები თავად ჩაატარებდნენ. ნ.ც.-ს განმეორებითი ოპერაცია გაუკეთდა და ისევე როგორც პირველი ოპერაცია იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა ჩაატარეს. ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ კლინიკის ხელმძღვანელმა ჯეროვნად არ შეასრულა სამსახურეობრივი ვალდებულება. მას და ორ ექიმს, რომლებმაც ოპერაცია ჩაატარეს, პატიმრობა ემუქრებათ.

საქართველოს პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.

დაკავებული ექიმების სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system