თავში

დაიგვიანა თუ არა სასწრაფო დახმარებამ შატილში - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

დაიგვიანა თუ არა სასწრაფო დახმარებამ შატილში - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება
დაიგვიანა თუ არა სასწრაფო დახმარებამ შატილში - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, შატილში მომხდარი ტრაგედიის დროს სასწრაფო დახმარების ჯგუფები გამოძახებიდან ზუსტად 2 წუთში გავიდნენ დასახმარებლად. 

მათი ცნობით, ადგილზე მისულმა ჯგუფებმა სასწრაფოდ დაიწყეს სამი დაშავებულის თბილისში ტრანსპორტირება. მათი განცხადებით, ეკიპაჟები მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილებულია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მუდმივად უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის დახმარების დროულად მიწოდებას. 

"უპირველეს ყოვლისა, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, მთელ საქართველოს. გვინდა, გამოვეხმაეროთ გაჟღერებულ ინფორმაციას აღნიშნულ შემთხვევაზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების დაგვიანების შესახებ. ცალსახად ვაცხადებთ, რომ გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟები ცენტრში გამოძახების დაფიქსირებისთანავე იქნა მობილიზებული. კერძოდ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში გამოძახება 17:13 სთ-ზე დაფიქსირდა, რის შემდგომაც ეკიპაჟები ზუსტად 2 წუთში, 17:15 სთ-ზე გაემართნენ შემთვევის ადგილისკენ. სამწუხაროდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ადგილზე დახვდა პაციენტები, რომლებსაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდათ. ეკიპაჟებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამი მძიმედ დაშავებულის სამედიცინო ტრანსპორტირება და ისინი თბილისში, შესაბამის კლინიკაში გადაიყვანეს. აქვე, გვინდა, გამოვეხმაუროთ მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების ხელმისაწვდომობის საკითხს და აღვნიშნოთ, რომ ეკიპაჟები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, განაწილებულია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით. შესაბამისად, როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისე ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, სამედიცინო ეკიპაჟების განაწილება შეესაბამება გამოძახებათა რაოდენობას და არის საკმარისი. რაც შეეხება საკურორტო სეზონებს, ცენტრი, გამოძახების მატებასთან ერთად, პერმანენტულად ათავსებს დამატებით ეკიპაჟებს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის საკურორტო ზონებზე. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მუდმივად უზრუნველყოფს ქვეყანაში მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისის დროულ მიწოდებას" - ნათქვამია განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system