თავში

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე-საპატრიარქო განცხადებას აქვეყნებს

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე-საპატრიარქო განცხადებას აქვეყნებს
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე-საპატრიარქო განცხადებას აქვეყნებს

საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განცხადებას აქვეყნებს. საპატრიარქო, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება და აცხადებს, რომ აუცილებელია ექსპერტიზის დასკვნა, მისთვის რომ ამ საკითხით მანიპულირება შეწყდეს.

„როგორც ცნობილია, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით უკვე შვიდი თვეა, საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია, რომ იგი მძიმედაა ავად და ამ მოტივით ითხოვდნენ შუამდგომლობას ეკლესიისგან და შეწყალებას ხელისუფლებისგან.

მიუხედავად იმისა, რომ მამალაძისგან და მის მხარდამჭერთაგან შანტაჟი და ცილისმწამებლური კამპანია ორ წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს (და ამის პასუხად ჩვენი პოზიცია ბოლოს ა.წ. 26 თებერვლის განცხადებაში დავაფიქსირეთ), ავადმყოფი პატიმრის მიმართ ეკლესია მაინც ვერ დარჩებოდა გულგრილი და გადადგამდა შესაბამის ნაბიჯს, თუ, რა თქმა უნდა, სათანადო საფუძველი იქნებოდა; ვინაიდან დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებობდა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, ამიტომაც საქართველოს საპატრიარქომ არაერთხელ მიმართა როგორც იუსტიციის სამინისტროს, ისე სახალხო დამცველს რეალობის გასარკვევად.

სამწუხაროდ, სახალხო დამცველმა ბუნდოვანი პასუხი მოგვცა, ხოლო იუსტიციის სამინისტროდან სამი კვირის წინ მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის თანხმობა უნდა ყოფილიყო დაზარალებულის მხრიდან.

ეს პასუხი საზოგადოებასთან ურთიერთობის ჩვენი სამსახურის ხელმძღვანელმა თავის გვერდზე გამოაქვეყნა და ველოდებოდით პატიმრობაში მყოფისაგან გამოხმაურებას, რაც არ მომხდარა.

ა.წ. პირველ ოქტომბერს კი გამოქვეყნდა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის ნაწილი, სადაც ნათქვამია რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის „ქცევა ატარებს დაყენებით (სიმულაციურ) ხასიათს“.

ცოტა ხნით ადრე დაიბეჭდა ადვოკატ მიხეილ რამიშვილის წერილი, სადაც იგიც აღნიშნავდა, რომ, კვლევების შედეგებით დეკანოზის მხრიდან ავადმყოფობის სიმულაციას (მოგონებას) აქვს ადგილი, თუმცა არ ეთანხმება ექსპერტების დასკვნას და უნდობლობას უცხადებს მათ.

თუ მამალაძის მხარე ასე მართლაც ფიქრობს, ალბათ, მოითხოვენ მათი ნდობით აღჭურვილი ადგილობრივი ექსპერტების, ან საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას, რისი უფლებაც მათ კანონით აქვთ, მაგრამ თუ აღნიშნული შეფასება სიმულაციის შესახებ ეჭვქვეშ ვერ დადგება, სიტუაცია რადიკალურად იცვლება და მამა გიორგის და მის დამცველთა ქმედება სულ სხვა კუთხით წარმოჩინდება, რაც მათ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას დააკისრებს.

ვფიქრობთ, აუცილებელია ექსპერტთა დასკვნა სრულად იქნას საზოგადოებისთვის მიწოდებული, რათა გაუგებრობას არ ქონდეს ადგილი“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის უფლებადამცველი და ოჯახის წევრები პატიმრის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობენ. ცოტა ხნის წინ განცხადება ერთ-ერთ არხთან თავად მსჯავრდებულმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ის პარალიზებულია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system