თავში

"ეგონათ, ინფექცია შემოპარულმა გერმანულმა გემმა გაავრცელა" - ზურაბ გურული

"ეგონათ, ინფექცია შემოპარულმა გერმანულმა გემმა გაავრცელა" - ზურაბ გურული
ეგონათ, ინფექცია შემოპარულმა გერმანულმა გემმა გაავრცელა - ზურაბ გურული

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული კორონავირუსის შესახებ საზოგადოებაში გავრცელებულ მითებს ეხმაურება. ექიმი წერს, რომ ბევრი მითი, რაც პანდემიასთანაა დაკავშირებული, ძალიან ჰგავს ე.წ. ესპანური გრიპის დროს გავრცელებულ თეორიებს, რომელიც ევროპაში აქტიურად ვრცელდებოდა. 

ზურა გურულის თქმით, საქართველოში პანდემიასთან დაკავშირებით არსებული მითებმა ფეხი უკვე მძლავრად მოიკიდა და მათ წინააღმდეგ მხოლოდ მეცნიერული დასაბუთება არ არსის საკმარისი. 

"1918 წლის „ესპანურ გრიპს“ ესპანელები ფრანგულს უწოდებდნენ; ბრაზილიელები გერმანულს, სენეგალელები - ბრაზილიურს, ხოლო პოლონელები კი „ბოლშევიკურს“. 

ბოსტონში კარგა ხანი სერიოზულად ეგონათ, რომ ინფექცია ნავსადგურში ჩუმად შემოპარულმა გერმანულმა გემმა გაავრცელა, „თვითმხილველიც“ კი ჰყავდათ, ვიღაც მოხუცი ქალი, რომელმაც „საკუთარი თვალით იხილა“ როგორ ჩამოწვა ტოქსიკური ღრუბელი ნავსადგურიდან ქალაქზე. ბრაზილიელებსაც ჰქონდათ ანალოგიური მითი; იქაც გერმანელები ფიგურირებდნენ, ოღონდ „ღრუბელი“ ბრაზილიურ ვერსიაში გერმანული წყალქვეშა ნავებიდან „გავრცელდა“ მთელ მსოფლიოში. 

გერმანია მაშინდელი მსოფლიოსათვის დაახლოებით იგივე როლს თამაშობდა, რასაც ჩინეთი დღეს, დესტრუქციულ-აგრესიულს. ასე დაბრალდა „ბაიერის“ ასპირინს გაზრდილი სიკვდილიანობა პანდემიის დროს. გერმანელი ფარმაკოლოგები წამლავენ მსოფლიოსო; არადა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მაშინდელი ექიმები ასპირინს ტოქსიკური დოზებით ნიშნავდნენ, დღეში 8-30 გრამს, რაც ზოგიერთ ადამიანში ჰიპერვენტილაციას და ფილტვების შეშუპებას იწვევდა. ცხადია, არაერთი ადამიანი შეეწირა გრიპის დროს ასპირინით გამოწვეულ ფილტვების დაზიანებას. 

ერთადერთი მითი, რომლის პარალელი ვერ ვიპოვე 1918 წლის პანდემიურ მითოლოგიაში, არის „კოვიდი არ არსებობს“. დანარჩენი მითები ძირითადად აგებული იყო ე.წ. მტრის ხატზე. ვისაც ვინ სძულდა, იმას აბრალებდა პანდემიით გამოწვეულ ყველა პრობლემას. ასეა ახლაც. ქართულ საზოგადოებაში ისეთი მრავალფეროვანი სიძულვილი მძვინვარებს ამჟამად, რომ შესაფერის ასახვას ჰპოვებს პანდემიასთან დამოკიდებულებაშიც. ეს სიძულვილი იმდენად ყოვლისმომცველია, ელემენტარულ ლოგიკასაც აკარგვინებს ადამიანებს და სრულ დისოციაციას ქმნის რეალობასთან. ადამიანები ცოცხლად გაგუდვით მტანჯველ სიკვდილს არჩევენ ვაქცინის გამოყენებას. არადა, პარადოქსია. ისინი უფრო ენდობიან ქართული სამედიცინო სისტემის შესაძლებლობებს, ვიდრე მსოფლიო სამედიცინო ელიტის მიერ შექმნილ მძლავრ პრეპარატს, რომელმაც უკვე მილიონობით სიცოცხლე იხსნა. თუმცა ეს ფაქტი ალოგიკური ნამდვილად არ არის ქართული სოციუმისათვის, თუ მათ პოლიტიკურ პრეფერენციებთან გავატარებთ პარალელს", - დაწერა ზურა გურულმა Facebook-ზე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system