თავში

ეს იყო საზარელი სანახაობა - რას იხსენებს დეკანოზი თამაზ ლომიძე

ეს იყო საზარელი სანახაობა - რას იხსენებს დეკანოზი თამაზ ლომიძე
ეს იყო საზარელი სანახაობა - რას იხსენებს დეკანოზი თამაზ ლომიძე

მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრი, დეკანოზი თამაზ ლომიძე მარიამობის დღესასწაულზე სიონის საკათედრო ტაძარში გადაღებულ კადრებს ეხმაურება, სადაც მრევლი ნაკურთხ პროდუტს ყოველგვარი დისტანციის დაცვის გარეშე ინაწილებდა.

"სიონის კადრებმა ერთი ანალოგიური შემთხვევა გამახსენა 90-იანი წლებიდან. რომელიღაც დიდი დღესასწაული იყო სიონში. გაჭირვებაა ისეთი ქვეყანაში, მხოლოდ იმ დღის სარჩოზე რომ ფიქრობს კაცი. სიონის სტიქაროსნებს დაგვავალა პატრიარქმა, ტომრებიდან შაქრის ფხვნილი გადაგვეყარა 2-2 კილოდ ცელოფნის პარკებში და წირვის შემდეგ დაგვერიგებინა მრევლისთვის სიონის ეზოში. შეიძლება ახლა ვინმე იმ სტიქაროსნებიდან კითხულობს ამას და დამიდასტურებს, რომ ასე იყო. მოვამზადეთ შაქრის პარკები, დაველოდეთ წირვის დამთავრებას, დავიწყეთ სატვირთო მანქანიდან ამ პარკების დარიგება და ცოტა ხანში იძულებულნი გავხდით შეგვეწყვიტა დარიგება, დაგვეკეტა მანქანა და გავცლოდით იქაურობას. რატომ? წარმოუდგენელი რამ დატრიალდა იქ; შაქარი ძალიან ბევრი იყო მომზადებული. აბსოლუტურად ყველას ეყოფოდა, მაგრამ, ხალხი გაგიჟებული და გამხეცებული უბრალოდ არ აცლიდა ერთმანეთს პარკების გამორთმევას. ერთი რომ მოკიდებდა ხელს, იმწუთას მეორე და მესამეც სტაცებდა ხოლმე ხელს და გლეჯდნენ პარკებს. შაქარს ძირს ყრიდნენ, ფეხით თელავდნენ და ერთმანეთს არ აცლიდნენ წაღებას. ჩვენ მთელი ხმით ვყვიროდით, რომ საკმარისი გვაქვს, ყველას ეყოფა დღის ბოლომდეც რომ მიგვიწიოს აქ ყოფნაო, მაგრამ აღარაფერი ეყურებოდათ, ერთი სული ჰქონდათ იმ შაქრის პარკისთვის ეტაცათ ხელი და გამოეგლიჯათ ხელიდან. ეს იყო საზარელი და უსაზღვროდ სამწუხარო სანახავი თუ როგორ შეიძლება დაკარგოს ადამიანმა სახე და დაბრმავდეს და დაყრუვდეს საღი აზრისთვის. ახლა ბევრი მეტყვის: ეჰ, უჭირს მამაო ხალხს და რა ქნასო. მართალია, უჭირს, მაგრამ უფრო არ გაუჭირდებოდათ ახლა იმათ, გაშმაგებულებმა, ერთმანეთის ქიშპით ხელში რომ დაგვაგლიჯეს ის პარკები და საბოლოოდ ვერაფერი წაიღეს სახლში? რაც არ უნდა გვიჭირდეს, არ უნდა გადავაბიჯოთ ადამიანური ღირსების ზღვარს, თორემ ვეღარასოდეს ამოვალთ გაჭირვებიდან. სწორედ ჩვენს უღირსებას იყენებს შინაური თუ გარეული ბოროტისმსურველი საკუთარი მიზნის მისაღწევად.

გუშინ, სიონში, გალობის ფონზე მაგიდებს მისეული ხალხის კადრები რომ ვნახე, იგივე მწუხარება დამეუფლა"- წერს დეკანოზი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system