თავში

გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

დღეს 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა დაიწყება და 10 დეკემბერს დასრულდება. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, წელსაც პირველი ტური ელექტრონულად ჩატარდება. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ტესტირება ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან გაიარონ. ამისათვის მათ უნდა გამოიყენონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge განთავსებული ბმული შესაბამისი განრიგის მიხედვით.

„სისტემა მთელი დღის განმავლობაში, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე იქნება გახსნილი და მოსწავლე შეძლებს მისთვის სასურველ დროს დაიწყოს ტესტზე მუშაობა. მიღებულ ქულას ოლიმპიადაში მონაწილე ტესტირების დასრულებისთანავე დაინახავს. მეორე ტურში გადასულთა რეიტინგული სიები კი სკოლებს მიეწოდებათ სპეციალური პროგრამის საშუალებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, წელს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი 31 900-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა.

„მინდა ყველა მონაწილეს ვუსურვო წარმატება და ვუთხრა, რომ თქვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მინდა ვურჩიო, ტესტირების დაწყებამდე აუცილებლად გაეცნონ ინსტრუქციას - ეს ინფორმაცია უკვე განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე“,-განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება და მისი მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება, ასევე იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე მონაწილეობას საქართველოს სახელით მიიღებენ.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სასწავლო ოლიმპიადას დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სავალდებულო საგნებში ატარებს. სურვილის შემთხვევაში მასში ჩართვის საშუალება საბაზო საფეხურის მოსწავლეებსაც აქვთ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system