თავში

განათლების მინისტრის მიმართვა

განათლების მინისტრის მიმართვა
განათლების მინისტრის მიმართვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველკურსელთა მისასალმებელ ონლაინ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და სტუდენტების პირველ ნაკადს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

„ძვირფასო სტუდენტებო, მინდა მთელი გულით მოგილოცოთ სტუდენტობა განსაკუთრებულ უნივერსიტეტში – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში! თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თქვენ გახდით მართლაც გამორჩეული უნივერსიტეტის აკადემიური ცხოვრების ნაწილი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ჭეშმარიტად მსოფლიო დონის საგანმანათლებლო კერა, სადაც საშუალება გექნებათ, მიიღოთ უმაღლესი დონის განათლება. როგორც იცით, უნივერსიტეტის იდეის ავტორი გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ამ დონის, ამ მასშტაბის უნივერსიტეტი ვერ იარსებებდა, რომ არა მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსებით საქართველოში შეიქმნა განათლებისა და მეცნიერების ძალიან მნიშვნელოვანი ჰაბი.

თქვენ მართლაც ბედნიერება გხვდათ წილად. თქვენი პროფესორები, გარდა იმისა, რომ არიან ბრწყინვალე მასწავლებლები, ასევე არიან მსოფლიოში ცნობილი მკვლევრები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე პირველი კურსიდან გექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთოთ სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში, რაც, რასაკვირველია, თქვენს სტუდენტურ ცხოვრებას გაამდიდრებს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტობა ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელსაც უნივერსიტეტი შემოგთავაზებთ. თქვენს ცხოვრებაში იწყება საინტერესო ეტაპი. დარწმუნებული ვარ, წარმატებული სტუდენტური წლები გექნებათ.დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ სწავლის დასრულების შემდეგ კონკურენტუნარიანები იქნებით უკვე მსოფლიო ასპარეზზე“ - განაცხადა მინისტრმა. 

მიხეილ ჩხენკელმა სტუდენტებს მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი წარუდგინა, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს და ახლა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ჩართულობა KIU-ს აკადემიურ ცხოვრებაში უაღრესად მნიშვნელოვანია და უნივერსიტეტს ახალ განზომილებას შესძენს.

მიხეილ ჩხენკელმა ისიც განმარტა, რომ KIU-ს აკადემიური პროგრამები შექმნილია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების ბაზაზე. შესაბამისად, ქართველ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, მიიღონ განათლება სწორედ იმ პროგრამებით, რომლითაც მათი თანატოლები სწავლობენ მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტში – მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ KIU-ს სტუდენტებს ქართველ პროფესორებთან ერთად ლექციებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები წაუკითხავენ.

მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევით პროცესზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის ბაზაზე იფუნქციონირებს ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც სიმსივნის მკურნალობასთან ერთად სამეცნიერო კვლევითი პროცესი წარიმართება მედიცინის, კერძოდ, ონკოლოგიის, ასევე, ბირთვული ფიზიკისა და სამედიცინო ფიზიკის მიმართულებით.

განათლების სამინისტროს ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უკვე დასრულდა განვითარების პირველი ეტაპი და იგი მზადაა პირველი ნაკადის სტუდენტების მისაღებად. პანდემიის პირობებში KIU ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით განათავსებს სტუდენტებს საცხოვრებელ კამპუსებში.

წელს KIU-ს სტუდენტი 246 აბიტურიენტი გახდა, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შეძლეს უნივერსიტეტის მიერ დაწესებული მაღალი ბარიერის გადალახვა. სწავლა უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system