თავში

ინფექციურმა საავადმყოფომ პაციენტების მიღება შეაჩერა

ინფექციურმა საავადმყოფომ პაციენტების მიღება შეაჩერა
ინფექციურმა საავადმყოფომ პაციენტების მიღება შეაჩერა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ადასტურებს, რომ კლინიკამ კოვიდითა და შიდსით ინფიცირებული პაციენტების მიღება შეაჩერა.

ამასთან, ცერცვაძე განმარტავს, რომ ჯერჯერობით გრძელდება პაციენტების ამბულატორიული მიღება, რადგან აღნიშნული კატეგორიის პაციენტების მომსახურების შეწყვეტა დიდ რყევებს გამოიწვევდა. 

თენგიზ ცერცვაძე გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არ არსებობას უკავშირდება და აღნიშნულის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროს არაერთგზის ეცნობა.

„დიახ, ვადასტურებთ, ჩვენ იძულებული ვიყავით, დღეიდან შეგვეწყვიტა „კოვიდ-19“-ით პაციენტებისა და აივ შიდსით სტაციონარული ავადმყოფების მიღება ელემენტარული, აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო. ამავე დროს, ჩვენ ამის შესახებ არაერთგზის ვაცნობეთ სამინისტროს. ისიც ვაცნობეთ, რომ ჯერჯერობით ვაგრძელებთ აივ შიდსით ამბულატორიული პაციენტების მიღებას, რადგან ამ კატეგორიის პაციენტების მომსახურების შეწყვეტა გამოიწვევდა ძალიან დიდ რყევებს. გაცილებით მეტს, ვიდრე სტაციონარული ავადმყოფების მიღების შეწყვეტა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრის დღევანდელ განცხადებებს არ ეთანხმება.

„რაც შეეხება ქალბატონი მინისტრის ფორმულირებას და პასუხს კორესპოდენტის შეკითხვაზე, ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამას, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მისი პასუხი არ შეესაბამება სიმართლეს და ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში შევხვდეთ ქალბატონ მინისტრს და მასთან ერთად განვიხილოთ ეს საკითხი.

რეალურად საქმე შემდეგშია – ინფექციური პათოლოგიის ცენტრს რომ მუშაობა უწევდა ექსტრემალურად მძიმე, კრიტიკულ პირობებში, ამას არც ის უარყოფს, ეს ყველამ იცის. ისიც მართალია, რომ შვიდი წლის ლოდინის შემდეგ, არსებობს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ჩვენ გადმოგვცენ ახალი შენობა, არსებობს მზაობა, რომ ამ ახალ შენობაში, რომელიც არ არის დამთავრებული, სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, გაკეთდეს შესაბამისი სარემონტო სამუშაოები, ის მოვიდეს შესაბამისობაში ინფექციური პროფილის კლინიკასთან. მაგრამ, ამას დასჭირდება სულ მცირე ერთი წელი, შეიძლება მეტიც. ამ ერთი წლის განმავლობაში, ბუნებრივია, აუცილებელია, ჩვენს ცენტრს მისი დღევანდელი განთავსების ადგილზე ჰქონდეს რაღაცა მინიმალური, სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობები პაციენტების მომსახურებისთვის.

რომ არაფერი ვთქვათ უკიდურესად ცუდ, პაციენტისთვის მიუღებელ კონდიციებზე, რა მდგომარეობაშიც არის კლინიკის ინფრასტრუქტურა, ესეც არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია, იყოს გამართული ისეთი სტრუქტურები, როგორიც არის ვენტილაცია, სავალდებულო ვენტილაცია, ჟანგაბდის მიწოდების სისტემა, კომპიუტერული ტომოგრაფიის, რომელიც შეძენილი გვაქვს უკვე წელიწადნახევარია, დასაწყობებულია და ფუჭდება, მისი განთავსებისთვის შესაბამისი ოთახის მომზადება. ეს ყველაფერი არის არა რაღაც ფუფუნება, არამედ სასიცოცლოდ მნიშვნელოვანი, გადაუდებელი სამუშაოები, რომელიც ცენტრს დღესვე სჭირდება.

ჩვენ ამის შესახებ უკვე ერთი წელია, არაერთგზის მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს, განსაკუთრებით ინტენსიური იყო ჩვენი მიმართვები ბოლო თვეებში და განსაკუთრებით ინტენსიურად ბოლო ერთი თვის მანძილზე, სადაც ვთხოვდით მას, დაგვხმარებოდა გადაუდებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარებაში. მხედველობაში მაქვს საჭირო სახსრების გამოყოფა. ჩვენი მოთხოვნები, გადაუდებელი სამუშოებისთვის საჭირო სახსრების შესახებ იყო მინიმალური, ძალიან მცირე სახსრები იყო საჭირო, შედარებით მცირე, სადღაც 300 000 ლარის ფარგლებში. თვითონ სამინისტროს რეგულირების სამსახურმა ჩვენი მიმართვების საფუძველზე, ორჯერ შეამოწმა ჩვენთან არსებული სიტუაცია, ერთხელ იანვარ-თებერვალში, მეორედ 22 ივნისს და დაადასტურა ის ვითარება, რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება აუცილებელია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

გარდა ამისა, ცერცვაძე ამბობს, რომ თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ, მისივე რეგულირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ინფექციურ საავადმყოფოს სავალდებულო სავენტილაციო სისტემის არქონის გამო, სასამართლოში უჩივლა.

„თებერვალში თვითონ სამინისტრომ, მისივე რეგულირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, სასამართლოში გვიჩივლა. კურიოზული შემთხვევაა, სასამართლოში გვიჩივლა, რომ ცენტრს არ ჰქონდა სავალდებულო სავენტილაციო სისტემა. ანუ, სამინისტრომ სასამართლოში გვიჩივლა იმ ხარვეზისთვის, რომელი ხარვეზის გამოსწორებას ჩვენ მანამდეც და შემდეგაც თვითონ სამინისტროს ვთხოვდით“, – განაცხადა ცერცვაძემ.

გარდა ამისა, ცერცვაძე მკრეხელობას უწოდებს ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას, რომელიც სოციალური სააგენტოს ორი თვით ადრე გაფრთხილების გარეშე, კლინიკის მიერ პროგრამის დატოვების გამო, კანონით გათვალისწინებულ 10-პროცენტიან ჯარიმას უკავშირდება.

„რაც შეეხება იმას, თუ ჩვენ პროგრამის დატოვება გვინდა, ორი თვით ადრე უნდა მიგვემართა, დავჯარიმდებოდით 10 პროცენტით და რაღაც, არ მინდა, რაიმე მკვახე სიტყვა გამოვიყენო, ეს მკრეხელობაა. მკრეხელობაა ჩვენი აქეთ დადანაშაულება. ჩვენ პროგრამის დატოვება კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა, დაგვეხმარონ ამ პროგრამის შესრულებაში, ელემენტარული, მინიმალური პირობების შექმნაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ასეთ მდგომარეობაში რომ ვართ, იძულებული რომ ვართ, შევწყვიტოთ მომსახურება, ამაში ერთი პროცენტი არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მთლიანად, 100 პროცენტით ჯანდაცვის სამინისტროს, შესაძლოა, სხვა სტრუქტურების, შპს „ავერსის“ და სხვების პასუხისგებლობაა. ამას მე ძალიან იოლად დავამტკიცებ ნებისმიერ დროს და ნებისმეირ ფორმატში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system