თავში

ისეთ ქალაქში მინდა ცხოვრება, როგორც მამაჩემს ჰქონდა ნათქვამი - მიხეილ რამიშვილი

ისეთ ქალაქში მინდა ცხოვრება, როგორც მამაჩემს ჰქონდა ნათქვამი - მიხეილ რამიშვილი
ისეთ ქალაქში მინდა ცხოვრება, როგორც მამაჩემს ჰქონდა ნათქვამი - მიხეილ რამიშვილი

ისეთ ქალაქში მინდა ცხოვრება და ისეთი მინდა დედაქალაქი იყოს, როგორც მამაჩემს ჰქონდა ნათქვამი - "ყველა შენ გეტრფის ჩემო თბილისო, ქვეყანას შენი ნახვა სწყურია",-  ასე განმარტა ადვოკატმა მიხელ რამიშვილმა საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზი report.ge-სთან საუბარში.  

"ძალიან დიდი ხანია ვაკვირდები რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და მითუმეტეს, დედაქალაქში. მივიღე გადაწყვეტილება, რომ რა მდგომარეობაშიც არის ქალაქი, შევცვალო. ვხედავთ, ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მარტო თავიანთ კეთილდღეობაზე. გადავწყვიტე რომ ეს აღარ არსებობდეს და თანასწორობა დაბრუნდეს, დედაქალაქი დაემსგავსოს იმას, რაც მართლა უნდა არსებობდეს, არ იყოს ეს სოციალური მდგომარეობა და აღარ იყოს მარტო სიტყვიერი დაპირება. ისეთ ქალაქში მინდა ცხოვრება და ისეთი მინდა დედაქალაქი იყოს, როგორც მამაჩემს ჰქონდა ნათქვამი - "ყველა შენ გეტრფის ჩემო თბილისო, ქვეყანას შენი ნახვა სწყურია", აი ასეთი წყურვილი მინდა დაბრუნდეს და დედაქალაქი დაემსგავსოს ისეთ ქალაქს, სადაც არ იქნება ორიენტირება ერთეულების სიმდიდრეზე, ყველა იქნებ სოციალურად ჯანსაღი, იქნება ლამაზი ცხოვრება და იქნება ყველა უზრუნველყოფილი, აი ასეთი დედაქალაქი მინდა დაბრუნდეს და დავაბრუნო, თუ მომეცემა ამის საშუალება და თუ იქნება მოსახლეობის მიერ გადაწყვეტილება მიღებული",- განაცხადა რამიშვილმა report.ge-სთან საუბარში.

კითხვაზე შესაძლოა თუ არა დაუკავშირდეს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, რამიშვილმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისინი პირადი ინტერესების ნაცვლად წინ ადამიანთა ინტერესებს დააყენებენ.

"ყველა პარტიის უკან ადამიანები არიან და ყველა პარტია ადამიანებისგან შედგება. მაგრამ მე ერთი რაღაც შემიძლია გითხრათ - ჩემს პრინციპებს და შეხედულებებს არასდროს არაფერზე არ გავყიდი. თუ ვინმეს სურვილი ექნება, რომ ამ ყველაფერს კარგი ნაბიჯით რაღაც შემატოს, დიდი სიამოვნებით, მაგრამ ვიღაცამ  რომ თავის ინტერესები ყველა პრინციპზე წინ დააყენოს, მასთან არანაირი ურთიერთობა მე არ მექნება. 2017 წელს ჩემმა მეგობრებმაც შემომთავაზეს მონაწილეობა მიმეღო არჩევნებში, მაგრამ მაშინ "ციანიდის' საქმე მქონდა აღებული, მაშინ უარი ვთქვი იმიტომ, რომ საქმეს ვერ ვუღალატებდი. მე ყოველთვის პრინციპების დამცველი ვარ და შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ყველასთან შემიძლია საერთო ენა გამოვნახო, მაგრამ საერთო ენა მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების უპირატეს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. მე არასდროს და ვერასდროს ვერ ვიქნები გარკვეული ჯგუფის მსახურებაში, ვემსახურები მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანობას და ხალხის უპირატეს ინტერესებს. არ შემიძლია იმ ქალაქში ცხოვრება, სადაც თვალცრემლიანი და ძალიან დაჩაგრული საზოგადოება დადის. მინდა ისეთ ქალაქში ცხოვრება, სადაც ცხოვრობენ მომღიმარი სახით მოსიარულე მცხოვრებლები. ამ დროს ყველასთან შემიძლია საერთო ენა მოვნახო. სხვა შემთხვევაში მე დამოუკიდებლად ვიქნები ყოველთვის",- განაცხადა მიხელი რამიშვილმა  report.ge-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, ე.წ ციანიდისა და თამარ ბაჩალიაშვილის გახმაურებული საქმეების ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა რომ თბილისის მერობის არჩევნებში მონაწილეობას მიღებს.  მიხეილ რამიშვილი ცნობილი ქართველი შემსრულებლის, ოთარ რამიშვილის შვილია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system