თავში

ხვალიდან საქართველოში რესტორნები იხსნება - რა რეგულაციები იმოქმედებს

ხვალიდან საქართველოში რესტორნები იხსნება - რა რეგულაციები იმოქმედებს
ხვალიდან საქართველოში რესტორნები იხსნება - რა რეგულაციები იმოქმედებს

1-ლი ივნისიდან საქართველოში მუშაობა ღია ტიპის კაფეებმა და რესტორნებმა განაახლა, ხვალიდან კი დახურული სივრცის მქონე რესტორნები გაიხსნება.

ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა.

კერძოდ, სექტორისთვის შემუშავებული გაიდლაინების მიხედვით, ობიექტებს ეკისრებათ ვალდებულება, შესასვლელშივე ჩაატარონ პერსონალისა და მომხმარებლის თერმო ან ვიდეოსკრინინგი; შესასვლელში განათავსონ დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

პერიოდულად (არანაკლებ სამსაათიანი ინტერვალით) გაანიავონ დახურული სივრცეები/სათავსები;
პერსონალი უზრუნველყონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, თავსაბურავი, ხელთათმანი, პირბადე, დამცავი ფარი ან სათვალე) და დააწესონ კონტროლი მათ გამოყენებაზე:
გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის განათავსონ დახურული კონტეინერები;

გაზრდილი სიხშირით გაირეცხოს და დეზინფიცირდეს ის ზედაპირები და ინვენტარი, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან;

სტუმრებისთვის გამოიყენონ ბეჭდური (ერთჯერადი) ან ელექტრონული მენიუ, უპირატესობა მიანიჭონ უნაღდო ანგარიშსწორებას (ბარათი);

გაკონტროლდეს პერსონალისა და მომხმარებელთა რაოდენობა და სოციალური დისტანცია;

მომხმარებელთან პირდაპირი კონტაქტის თავიდან არიდების მიზნით სალაროსთან მოეწყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი;

ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყონ წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით ან გამოიყოს მოსაცდელი ადგილი. უპირატესობა ენიჭება უნაღდო ანგარიშსწორებას.

რეკომენდებულია, რომ სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუ იქნას შეთავაზებული, ხოლო ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან უნდა განთავსდეს ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის საჭირო სადეზინფექციო საშუალებები.

სექტორისთვის შემუშავებული გაიდლაინების მიხედვით, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება.

მოთხოვნის მიხედვით, ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1-მეტრიანი დისტანცია და ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2,25მ2-ს. დახურული სივრცეები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ვენტილაციით, ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არ არის, შესაძლებელია ხელოვნური ვენტილაციის გამოყენება, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით.

რეკომენდებულია მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლების გამოყენება და აუცილებელი მოთხოვნაა დასუფთავების ზომების გამკაცრება საერთო სივრცეებში, როგორიცაა, საპირფარეშოები, დერეფნები, დარბაზები, ლიფტები და სხვა, დასუფთავებისთვის დაწესდა პერიოდული 2-საათიანი რეჟიმი.

რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგს სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system