თავში

თბილისის ზღვაზე უკანონო დაერთებისთვის კომპანია დააჯარიმეს

კომპანია დააჯარიმეს
თბილისის ზღვაზე უკანონო დაერთებისთვის კომპანია დააჯარიმეს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის ზღვაზე ადგილი აქვს უკანონო დაერთებებს და მუნიციპალიტეტმა მსგავსი ფაქტების აღმოფხვრაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დედაქალაქში სასმელ წყალს პრობლემა არ აქვს.

„სამწუხაროდ, თბილისის ზღვაში არის ადგილები, სადაც ხდება ფეკალიების ჩადინება, სანიაღვრე ქსელები პირდაპირ არის დაერთებული, რაც ძალიან მძიმე ფაქტია. წინა სხდომაზე აღნიშნული საკითხის შესწავლა მუნიციპალურ ინსპექციას დავავალეთ, რასაც ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე კურირებს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ სასმელ წყალს არანაირი პრობლემა არ აქვს. ამასთან დაკავშირებით, კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერმაც“ (GWP ) გააკეთა განცხადება. ყოველდღიურ რეჟიმში და დღეში რამდენჯერმე ხდება სინჯების აღება, ფილტრაცია და წყალი, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას მიეწოდება, აკმაყოფილებს იმ ნორმებს, რომელიც სტანდარტით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვიცე-მერის განცხადებით უკანონო დაერთების ფაქტზე უკვე გამოვლინდა ერთი იურიდიული პირი, რომელიც უკვე დაჯარიმდა.

„გასულ კვირას, მთავრობის სხდომაზე ვთქვით, რომ ფიზიკურ სამუშაოებს ვიწყებდით. დაწყების პირველივე დღეს მოხდა ერთი კონკრეტული გამოვლინება, რაც, სავარაუდოდ, იყო მასშტაბური ჩადინებები. ამას მოჰყვა მყისიერი რეაგირება. პირველ რიგში, დარღვევის აღმოფხვრა მოხდა. კონკრეტულ სუბიექტს ჯარიმა გამოვუწერეთ. ეს არის იურიდიული პირი და მის სახელწოდებას შეგნებულად არ ვასახელებ. ეს მასალები, რაც ჩვენ მოკვლევის ფარგლებში შევადგინეთ, გადაგზავნილია გარემოს დაცვის სამინისტროში, სადაც გარემოზე მიყენებულ ზიანს დაითვლიან და აღნიშნულ პირს საკმაოდ სოლიდური სანქცია უნდა დაეკისროს", - განაცხადა ხმალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით კი, პრობლემები, რომლებიც დღეს თბილისის ზღვაზე უკანონო დაერთებებთან დაკავშირებით არსებობს, გამოწვეულია იმ არასწორი და ქაოტური განაშენიანებით, რაც დედაქალაქში წლების განმავლობაში ხდებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system