თავში

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა

კომუნიკაციებ
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.  

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად,  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს ვახტანგ აბაშიძეს 2020 წლის 16 აპრილს ეწურება უფლებამოსილების ვადა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 100 დღით ადრე მთავრობა იღებს განკარგულებას ღია კონკურსის ჩატარების შესახებ.

შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 იანვრის #1 განკარგულების თანახმად, 2020 წლის 8 იანვრიდან გამოცხადდა ღია კონკურსი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით. ყველას აქვს უფლება, ღია კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში კანდიდატურა დაასახელოს.

კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სამი წლის – მმართველ თანამდებობაზე.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატად პირის რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი საბუთების წარდგენა: მსურველის წერილობითი განცხადება ან წარდგინება, რომელსაც თან ახლავს წარდგენილი პირის თანხმობა; კანდიდატის ერთი ფოტოსურათი; ავტობიოგრაფია; უმაღლესი განათლების (შესაბამისი სპეციალობის) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; არანაკლებ 10 წლის (აქედან სამი წელი მმართველ თანამდებობაზე) მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ხელწერილი, რომ პირი გაეცნო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით დადგენილ ინტერესთა კონფლიქტის პირობებს; სარეკომენდაციო ხასიათის წერილები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ 2020 წლის 6 თებერვლის ჩათვლით მისამართზე – თბილისი, პავლე ინგოროყვას ქ. #7, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბუთების მიღების ვადის ამოწურვიდან 10 დღეში კანდიდატთა სია და მათ მიერ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტები გამოქვეყნდება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე, რის შემდეგაც მთავრობა კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს არანაკლებ სამ კანდიდატურას. პრეზიდენტი აღნიშნულ კანდიდატურებს არჩევის მიზნით, წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან პარლამენტი რეგლამენტით დადგენილი წესით აირჩევს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system