თავში

"მანქანამ გადამისწრო და ცოტა წინ გაჩერდა" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

"მანქანამ გადამისწრო და ცოტა წინ გაჩერდა" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე
მანქანამ გადამისწრო და ცოტა წინ გაჩერდა - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ფსიქოლოგი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სეირნობისას თავსგადამხდარ ამბებზე წერს.

"საღამოს შვიდზე წამომიარა, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, კარტოფილივით რომ ვდევარ ხან სკამზე და ხანაც დივანზე, გავისეირნო უნდა ამ ულამაზეს სოლოლაკში და დავაკვირდე ფეხით სეირნობისას რა ფიქრებს ვიფიქრებმეთქი.

გამოვეწყვე კომფორტულად და გავუდექი გზას. გერგეთის ქუჩას რომ გავცდი, მანქანამ გადამისწრო და ცოტა წინ გაჩერდა. რომ ჩავუარე, "რაო, ლამაზო" - მესმის ისეთი ხმით, ბრედლი კუპერი ლეიდი გაგას რომ ეკითხება, როგორ გრძნობ თავს, როგორ, ამ გიჟ მსოფლიოშიო, შალა, შალა შალალოუო. მიმოვიხედე, არავინაა ირგვლივ, ჩემს მეტი, არც ლამაზი და არც უფრო ლამაზი. მე მითხარი ლამაზომეთქი? - თვალი გავუსწორე ბიჭს საჭესთან.

შენ გაიხარე მეუთხარი, შენმა მშობელმა დედამ გაიხაროს, გამზრდელმა მამამაც, შენმა დაწყებითი კლასის პედაგოგმა და შენი ბაღის აღმზრდელმა, ბებიამაც გაიხაროს....... - პარაკლისი ცოცხალთათვის მარტოდმარტომ ჩავამთავრე, ის უკანმოუხედავად გაქროლდა რადგან. ნახევარი სახის მიხედვით მსჯელობა როგორ შეიძლებამეთქი, ჩავილაპარაკე პირბადეში, მაგრამ რაღა დროს. 

როგორც ჩანს, ზურგხედი უფრო ლამაზი მაქვს, ვიდრე თვალწარბი. 

გავაგრძელე გზა, ასე ნახევრად მოწონებულმა და ნახევრად დაწუნებულმა, მაგრამ კმაყოფილმა მაინც და არსენას ქუჩაზე ვხედავ ძველი და ლამაზი შენობის ნიშაში კოპლებიანი კაბით გოგო ზის, საოცრება. რაც მივიღე, ის გავეცი და ისე ლამაზად ზიხარ, ფოტოს გადაღება მინდოდა და ჩუმად არ ვიკადრემეთქი, ვუთხარი. უი, როგორ მეცნობით, თქვენ მგონი ცნობილი ფოტოგრაფი ხართო, გაუხარდა. მსოფლიოში ყველაზე ცუდი ფოტოგრაფი ვარ, მაგრამ შინაგანი კამერა მაქვს საუკეთესო, მილიონობით კადრს ვინახავმეთქი, ვუპასუხე და გავაგრძელე გზა და დავტოვე ნახევრად გახარებული უაპარატო ფოტოგრაფის გაცნობის გამო, რომელიც მხოლოდ თავისთვის "იღებს" ფოტოებს. 

მერე ულამაზეს ეკლესიას ჩავუარე, ახალგაზრდა მღვდელი იჯდა მერხზე, ნამდვილი მღვდელი ოღონდ, კეთილი. ერთმანეთი ვიცანით, დამლოცა და გამიხარდა.

ასე ჩავედი რუსთაველზე. იქ პაპიროსით სულის მოსათქმელად და ადამიანების მშვენიერების აღსაქმელად რომ ჩამოვსკუპდი, ქალი მოვიდა, ყვავილებიანი ბლუზკა ეცვა და ყვავილებს ყიდდა. რა კარგი გოგო ხარო, რომ ვიყიდე. შენცმეთქი. მე ფბ-ზეც გამომაქვეყნეს, იციო? ბებო რომელიც ყვავილებს ყიდის, ასე ეწერაო. ხო.. სილამაზეს ავრცელებთმეთქი. ვილაპარაკეთ კიდევ და წამოვედი. 

გამოვიარე ელექტრონული მუსიკის დერეფანი, სადაც მოზარდები რომ გადიოდნენ, კანქვეშ კუნთები უცეკვავდათ, მეც ამეცეკვა ცოტა. გამოვიარე ქართული რომანსის, მერე ელექტროვიოლინოს დერეფნები და სოლოლაკისკენ ამოვუხვიე ისევ და ისე დავიღალე, ყვავილებიც მამძიმებდა უკვე და ვიფიქრე, რომელიმე მანქანის საქარე მინაზე დავტოვებ, პატრონს გაუხარდებამეთქი. ასეც მოვიქეცი, მაგრამ გავიარე კიდევ კარგად გზა და ჭკვიანი ელზა დამემართა, - ის მანქანა ვინმე კაცის არ იყოს, იმ ვინმე კაცს ეჭვიანობა არ სჭირდეს, ცოლი არ ჰყავდეს და ხვალ მორიგი ფემიციდის ამბავი არ შევიტყომეთქი. 

მივტრიალდი უკან და ავიღე ისევ ჩემი ყვავილები და ამ დროს ჩემი ოქროს ფრენდი და ოქროს არტისტი, უნიჭიერესი მიხეილ აბრამიშვილი შემხვდა, ულამაზეს დედასთან ერთად და მის დედას იმდენი სითბო ჰქონდა და იმდენი სიკეთე, რომ ჩემთვისაც ჰქონდა და ისე საკმარისი ჰქონდა, რომ თავიდან ბოლომდე გავთბი. ნახევრად არა, მთლიანად.

ხოდა კიდევ ვისეირნებ, აუცილებლად. თქვენც ისეირნეთ, ძალიან კარგი ყოფილა", - წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system