თავში

მარტვილში დაშავებული ჟურნალისტი სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს

მარტვილში დაშავებული ჟურნალისტი სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს
მარტვილში დაშავებული ჟურნალისტი სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს

მარტვილში, ეპარქიის რეზიდენციის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული POST TV-ს ჟურნალისტი, სოსო ხოფერია, სამკურნალოდ, გვიან ღამით, თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებული ჟურნალისტი წელის მეოთხე მალის მოტეხილობით მკურნალობას "ნიუ ჰოსპიტალში" განაგრძობს.

როგორც POST TV-ის რეგიონულმა პროდიუსერმა report.ge-სთან საუბარში განაცხადა, ამ დროისთვის ჟურნალისტს გამოკვლევა უტარდება, რათა გაარკვიონ აქვს თუ არა ზურგის ტვინი დაზიანებული.

"ამ ეტაპზე იმყოფება გადაუდებელ მიმღებში, "ნიუჰოსპიტალში", MRI-ზე ჰყავთ აყვანილი და უტარდება კვლევა, რომ გაიგონ როგორია მისი ხერხემლის მდგომარეობა, ხომ არ არის ზურგის ტვინის დაზიანება. ამ ეტაპზე მხოლოდ ამას მეუბნებიან, ჯერ არ იციან არის თუ არა საოპერაციო და ამასთან დაკავშირებით ექიმები ჯერ არაფერს ამბობენ",- განუცხადა ზვიად რუაძემ report.ge-სთან საუბარში. 

როგორც "TV პირველის" ჟურნალისტი პაპუნა შუშანია report.ge-სთან საუბარში აცხადებს მის გარდა დაშავებულებს შორის მისი ოპერატორი ალეკო ხაზალია, POST TV-ის ჟურნალისტი სოსო ხოფერია, "რუსთავის-2-ის" ოპერატორი დათო კონჯარია და "ფორმულას" ოპერატორი იაგო ვეკუა არიან.

თავად პაპუნა შუშანიას ტვინის შერყევა და მოტეხილობა აღენიშნება.

"დღეს კარგად ვგრძნობ თავს, ტვინის შერყევა და ფეხის მოტეხილობა მაქვს. წუხელ დავტოვე საავადმყოფო, პანდემიის პირობებში მაინც მომართვიანობა არის მაღალი და რადგან მე მძიმე პაციენტი არ ვიყავი, ფორმა შემავსებინეს და ჩემი განცხადების საფუძველზე დავტოვე საავადმყოფო. ბინაზე ვაგრძელებ მკურნალობას. დაშავებულებს შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში POST TV-ის ჟურნალისტი სოსო ხოფერიაა, რომელიც თბილისში გადაიყვანეს სამკურნალოდ და შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს",- განაცხადა პაპუნა შუშანიამ report.ge-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, გუშინ ჭყონდიდის ეპარქიაში 10-მდე ადამიანი მეორე სართულიდან გადავარდა, დაშავებულებს შორის ხუთი მედიაორგანიზაციის წარმომადგენელია, მათ სხვადასხვა მოტეხილობა და ტვინის შერყევა აღენიშნებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system