თავში

მჯერა, დავამარცხებთ კოვიდს, ვაქცინაცია დაგვაბრუნებს ჩვეულ ცხოვრებაში და პანდემიის რეჟიმიდან გამოგვიყვანს - ანატოლი ბოისა

მჯერა, დავამარცხებთ კოვიდს, ვაქცინაცია დაგვაბრუნებს ჩვეულ ცხოვრებაში და პანდემიის რეჟიმიდან გამოგვიყვანს - ანატოლი ბოისა
მჯერა, დავამარცხებთ კოვიდს, ვაქცინაცია დაგვაბრუნებს ჩვეულ ცხოვრებაში და პანდემიის რეჟიმიდან გამოგვიყვანს - ანატოლი ბოისა

„მეგონა, რომ უფრო აქტიურად გაიკეთებდა ჩვენი მოსახლეობა ვაქცინას, მაგრამ, სამწუხაროდ, მიზერული პროცენტია, მინიმუმ 70% მაინც უნდა იყოს აცრილი, რომ რაიმე შედეგზე ვისაუბროთ. ამიტომ ყველას მოვუწოდებ - ავიცრათ“, - ქართველი კალათბურთელი ანატოლი ბოისა ვაქცინაციის პროცესზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თუ გვინდა დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს, სადაც არანაირი რეგულაცია არ იქნება, მაშინ აუცილებელია, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ყველამ გავიკეთოთ.

მისი თქმით, პანდემია ყველაზე მეტად რთული მისთვის მშობლის ამპლუაში აღმოჩნდა, როდესაც მისი აქტიური შვილი კარანტინის გამო სახლში ჩაიკეტა. ბოისას თქმით, ამან ნეგატიური გავლენა მოახდინა ბავშვის ფსიქიკაზე. მისი შეფასებით, რაც დღეს ხდება, ყველა მშობლისთვის ნაცნობი სიტუაციაა და მსგავსი ვითარების თავიდან ასარიდებლად მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„მე, პირადად, სრულად ვაქცინირებული ვარ, მეორე დოზის გაკეთებიდან 6 თვე არ გასულა და, საჭიროების შემთხვევაში, „ბუსტერსაც“ აუცილებლად გავიკეთებ.

როდესაც მსოფლიო ასეთი პანდემიის წინაშე დგება, ვალდებულები ვართ, ერთმანეთს მოვუფრთხილდეთ, ჩვენს მომავალ თაობას და, ზოგადად, საკუთარ მომავალს გავუფრთხილდეთ და რა საჭიროებასაც მოითხოვს, იმის მიხედვით ვიმოქმედოთ. ვაქცინაცია ახალი ხომ არ არის, რატომ შეიქმნა სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი, ამით ხომ უამრავი ადამიანი გადაარჩინეს.

ახლა, როცა ამ რეალობის წინაშე დადგა არა მარტო საქართველო, მთელი მსოფლიო, ვალდებულები ვართ, რომ ავიცრათ. მეგონა, უფრო აქტიურად გაიკეთებდა ჩვენი მოსახლეობა ვაქცინას, მაგრამ, სამწუხაროდ, მიზერული პროცენტია, მინიმუმ 70% მაინც უნდა იყოს აცრილი, რომ რაიმე შედეგზე ვისაუბროთ. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ავიცრათ.

მართლა მჯერა, რომ დავამარცხებთ კოვიდს, ვაქცინაცია დაგვაბრუნებს ჩვეულ ცხოვრებაში და პანდემიის რეჟიმიდან გამოგვიყვანს. ეს აუცილებელია, რადგან ამ პირობებში ყველაფერი გაჩერებულია. სპორტიც არ არის გამონაკლისი და როდესაც აქტიურ ცხოვრებას ხარ მიჩვეული, ოთხ კედელში ჩაკეტვა ძალიან რთულია, პირველ რიგში - ფსიქოლოგიურად. ჩვენ, სპორტსმენებმა, კი ვიპოვეთ გამოსავალი, თუნდაც ვარჯიშები ონლაინსივრცეში გადავიტანეთ და, ასე თუ ისე, სწორი მიმართულებით ვხარჯავდით ენერგიას. ჩემთვის, როგორც მშობლისთვის, ყველაზე რთული იყო კარანტინის პერიოდი. აქტიური შვილი მყავს, პანდემიამდე სხვადასხვა სპორტზე დადიოდა და ამ ჩაკეტილობამ მასზე ნეგატიური გავლენა მოახდინა.

მარტო მე არ ვარ ასე. ყველას ცხოვრების რუტინა, დინება შეიცვალა. მე, პირადად, და ჩემს ოჯახს არ მოგვწონს სახლში გამოკეტილი ჯდომა. აქტიური ცხოვრების მომხრეები ვართ. მინდა დავუბრუნდეთ ცხოვრების უწინდელ რეჟიმს, სადაც არანაირი შეზღუდვა არ იქნება. არ მინდა, ჯიბეში გამუდმებით სპირტის ქილა მედოს და პირბადეები ვატარო. მინდა, რომ რაც შეიძლება მალე დავამარცხოთ ეს ვირუსი", - განაცხადა ანატოლი ბოისამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system