თავში

"მოეკიდეთ ბავშვებს პასუხისმგებლობით" - იაგო ფრანგიშვილი იაშვილის კლინიკას მიმართავს

"მოეკიდეთ ბავშვებს პასუხისმგებლობით" - იაგო ფრანგიშვილი იაშვილის კლინიკას მიმართავს
მოეკიდეთ ბავშვებს პასუხისმგებლობით - იაგო ფრანგიშვილი იაშვილის კლინიკას მიმართავს

გერმანიაში მცხოვრები ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მედიკოსი იაშვილის სახელობის კლინიკას მიმართავს:

"ძალიან პირდაპირ, ყოველგვარი რევერანსების გარეშე მივმართავ თბილისის იაშვილის კლინიკას.

მოეკიდეთ ბავშვებს და მის ოჯახებს პასუხისმგებლობით, ეს ელემენტარული რამაა.

რას ვგულისხმობ? როცა ორშაბათს დაადგენთ მაგალითად ასე "80% ლეიკემიააო", ან ზუსტად ეუბნებით, რომ აქვს "ლეიკემია" და ეგრევე მიაყოლებთ:

"ამ კვირაშივე უნდა წახვიდეთ თურქეთში, თუკი ბავშვის გადარჩენა გინდათო..."

აი, ეს არაა ადამიანური მოპყრობა, ეს არაექიმურიცაა, ეს არაა არც სამედიცინო პროფესიონალიზმი.

ჩემი სამედიცინო დახელოვნება 1997 წელს დავიწყე ჰამბურგის ეპენდორფის კლინიკაში პროფესორ ჰოსფელდთან, დიდი ჰემატოონკოლოგი იყო.

შემდეგი ჰემატოონკოლოგიური დახელოვნება გავიარე პროფესორ კლეებერგთან და პლაცთან ასევე ჰამბურგში.

მერე ესენის საუნივერსიტეტო კლინიკაში 2 წელი.

ჩემი საექიმო ბიოგრაფიის 25 წლიდან 6 წელი დიდ ჰემატოონკოლოგიურ კლინიკებში გავატარე.

ჰემატოონკოლოგია გახლავთ მედიცინის ყველაზე უფრო გლობალიზირებული, სტრუქტურირებული, სტანდარტიზირებული და გამოკვლეული სფერო.

ვერ ნახავთ სიტუაციას, როცა დიაგნოზის დასმისას ეუბნები, რომ "თუ ახლა არ დაიწყე მკურნალობა რამდენიმე დღეში სადღაც დიდ კლინიკაში, დაიღუპები" - არ არსებობს ასეთი სიტუაცია თეორიულადაც.

ჰემატოლოგიის სტანდარტიზირების და გლობალურად მისაწვდომი პროტოკოლების წყალობით გადაუდებელი თერაპიის დაწყების კრიტერიუმები არსებობს და ეს შეიძლება ყველგან, თუკი ასეთი რამ მართლა საჭიროა. თანაც, იცით რომ, მათ ვისაც აგზავნით თურქეთში, იქ მათ უწევთ კვირაობით ლოდინი ფულის შეგროვებაზე, დაახლოებით 30.000 დოლარი გახდა უკვე თერაპიის ერთი კურსის გავლა და უფულოდ იქ არავინ მკურნალობს.

ამიტომაც, ის ბავშვები, თქვენ რომ ორშაბათს დაუსვით დიაგნოზი და უთხარით, პარასკევამდე უკვე თურქეთში უნდა იყოთო, კი არიან თურქეთში პარასკევს, მაგრამ, იქ, გაუსაძლის ფინანსურ პირობებში უწევთ რამდენიმე კვირა ცხოვრება და ლოდინი, ვიდრე ვინმე რაიმე თერაპიას დაიწყებდეს.

ეს იცით თქვენ, იაშვილის კლინიკაში, დარწმუნებული ვარ, რომ იცით, რადგან აი ამ ახალი წლის დამდეგიდან, უკვე ორმა მშობელმა და ერთმა ოჯახის ნათესავმა მომწერა თურქეთში გაშვებულ ბავშვებზე.

ჰემატოონკოლოგია არის სტანდარტიზირებული და არცერთ შემთხვევაში, არც ბავშვებში, არაა ძვლის ტვინის გადანერგვა არც "გადაუდებელი პროცედურა" დიაგნოზის დასმისას და არც პირველი თერაპია.

პირველი თერაპია არის ყოველთვის ქიმიოთერაპია ან დასხივება, ან კომბინაცია, ან იზოლირებულად.ეს თერაპიები იმდენად სტანდარტიზირებულია, რომ ყველა ასე თუ ისე კლინიკად წოდებულ ბავშვთა საავადმყოფოს აქვს ყველა რესურსი ეს თერაპიები დაიწყოს მაინც!

და მთავარი რაცაა, პაციენტი იგებს დროს და ოჯახს აქვს საშუალება ირბინოს დაფინასებისათვის.

საქართველოს ხელისუფლებას აქვს აღებული ვალდებულება, რომ ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის თერაპია ასი პროცენტით დააფინანსოს. ეს ვალდებულება არის რეალური და მაღალი პასუხისმგებლობის დასავლეთის ქვეყნების მიმართ. ამიტომაც ნუ დაეხმარებით საქართველოს ხელისუფლებას განერიდოს თავისსავე პასუხისმგებლობას, ავადმყოფ ბავშვებზე დაზოგოს ფული და რაღაც გროშებით მოიმადლიეროს მშობლები, რომლითაც თქვენი უპირველიესი რჩევით და პანიკით თურქეთში გაქცევა გადაუწყვეტიათ.

ეს არაადამიანურია. კიდევ ერთხელ, ყველაზე თანამედროვე და აღიარებული პირველი თერაპია უნდა დაიწყოს საქართველოში და ესაა აუცილებელი, ესაა ადამიანური.

ის, რასაც პირველ თერაპიად და 30.000 დოლარად უკეთებს თურქი კლინიკა, სრული ასი პროცენტით და გაცილებით მეტი ადამიანური, მშობლიური მზურნველობით და სრულიად უფასოდ შეიძლება ჩატარდეს საქართველოში.

ამ პერიოდში ანუ იმ 6 თუ 8 კვირაში, იცი სად დგას პაციენტი და ოჯახსაც აქვს დრო და საშუალება, თუკი საჭირო გახდა, სხვაგან გაარძელოს თერაპია. საერთოდ კი, პრობლემატური საქართველოსი არის სააავადმყოფოს ჰიგიენა.

თვით ძვლის ტვინის გადანერგვაც კი, ტექნიკურად და პროცედურულად არაა ძნელი და ღვიძლის კარის ქირურგია ასჯერ უფრო რთულია ქირურგიულად, ვიდრე ძვლის ტვინის გადანერგვა, ოღონდ პრობლემაა მერე პაციენტის მოვლა.

მერე უნდა საოცრად მკაცრი ჰიგიენური ნორმები, ჰერმეტული და ჰაერის ფილტრებით აღჭურვილი განყოფილება, გულისხმიერი და ადამიანური პერსონალი, რომელსაც გათავისებული აქვს, თუ რა დევს სასწორზე მისი ერთი არასწორი დაცემინების გამო, ცუდად დასუფთავებული პალატის გამო, არაჰერმეტული კარებისა და ფანჯრების გამო.

ამ ყველაფრის ორგანიზება ძალიან მარტივადაა შესაძლებელი, ასე მდიდარ და ასე დიდ ქალაქში, როგორიცაა თბილისი ან ბათუმი. მაგრამ, ახლა არც ამაზეა საუბარი, ახლა საუბარია ელემენტარულ და პირველი ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარებაზე,

ამომწურავ დიაგნოსტიკაზე და პროგნოზის დადგენაზე.

ეს ელემენტარული რამაა და ეს უნდა შეეძლოს საქართველოს ბევრ კლინიკას.

სადიაგნოსტიკო ლაბორატორიები საკმარისზე მეტია, ინტერნაციონალური აფთიაქები კი, სადაც ნებისმიერი წამლის შეკვეთა შეიძლება საკმარისად საკმარისზე მეტია.

და საქართველოში ამას სრულად დააფინანსებს სახელმწიფო და ის საერთაშორის კონსორციუმი, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის დაფინანსების თავდებშია არამარტო ბავშვთა ონკოლოგიის, არამედ ფსიქიატრიისა და ინფექციოლოგიის მიმართულებითაც.

აი ამ სამ თემას მოაწერა ხელი ბატონმა ღარიბაშვილმა, როცა საქართველო გახდა ევროგაერთიანების ასოციირებული ქვეყანა.ეს წესით ყველა ექიმმა უნდა იცოდეს საქართველოში, ეს წესით ყველა კლინიკამ უნდა იცოდეს საქართველოში.

რატომ მიერეკებიან ამ დაპანიკებულ ხალხს თურქეთში, სადაც პირველივე თერაპიაზე, ამ ბაზისურ თერაპიაზე 30.000 დოლარის გადახდა და კვირაობით ლოდინი სჭირდებათ, აი ეს არაფრით არ მესმისდა ბოლოს, ისევ და ისევ ძველი თემა,  უკვე 6 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ვითხოვე და ყველას, დაინტერესებულს და პირადად ავადმყოფის ოჯახებს ვთხოვე, რომ მომაწოდონ წერილობითი პასუხი ჯანდაცვის სამინისტროდან, სადაც წერია, რომ

"აი თქვენს ბავშვს, რომელსაც ექიმების გადაწყვეტილებით ესაჭიროება თერაპია, ვერ დაუფინანსდება სრულიად და მხოლოდ ნაწილს ვაფინანსებთო".

აი ეს წერილობითი მასალა წესით უნდა ჰქონდეს ყველას, ვინც არის დღეს თურქულ კლინიკაში ბავშვით. არა აქვს არცერთს და იცით რატომ?

იმიტომ რომ არც კი იციან, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია დააფინასოს ონკოლოგიური ბავშვის მკურნალობა, ვალდებულია.

ეს ვალდებულება აქვს აღებული ბევრი მოწმის წინაშე და ევროპაში ყოველ ვიზიტზე ამას სიამაყით აღნიშნავენ.

კიდევ ერთხელ მინდა ვცადო და გთხოვოთ, მიმართეთ ჯანდაცას და მოითხოვეთ წერილობითი უარი სრულ დაფინასებაზე, არაა საჭირო მიზეზი,

მისწერეთ ოფიციალური მიმართვა ჯანდაცვას თანხის მითითებით და მოითხოვეთ ასევე ოფიციალური წერილობითი პასუხი.

წესით და რიგით, ეს საქმე არის კლინიკების უპირველესი მოვალეობა.

დასავლეთში ამისათვის სპეციალური სამსახურია შექმნილი საავადმყოფოებში, რომელებიც დაფინასების საქმეს არკვევენ და რომლებმაც იციან არსებული რეგულაციები, იციან საიდან და როგორ უნდა მოხდეს დაფინანსება. ყველა მშობელი ვერ გახდება სამედიცინო სამართლის სპეციალისტი. 

ეს კლინიკის მოვალეობაა.

ყველას ვთხოვ, მოეკიდეთ ამ მოვალეობას პასუხისმგებლობის გრძნობით, დარწმუნებული ვარ, რომ იცით, თუ რამდენი ხანი უწევთ ლოდინი თქვენს მიერ თურქეთში სასწრაფოდ და გადაუდებლად გაგზავნილ ბავშვს, ვიდრე მას თერაპიას დაუწყებდნენ. ის მაინც უთხარით, რომ იმ ფულით, რაც სახლკარის უცებ და საჩქაროდ გაყიდვით ან ბანკის სესხად ჩადებით აიღეს, აი ამ ფულით გერმანიაში წამოვიდნენ, რადგან აქ ავადმყოფ ბავშვს უფულოდ მკურნალობენ", - წერს იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system