თავში

ნოდარ მამისაშვილი გარდაიცვალა

ნოდარ მამისაშვილი გარდაიცვალა
ნოდარ მამისაშვილი გარდაიცვალა

"გარდაიცვალა კონსერვატორიის ემერიტუსი, უდიდესი ქართველი კომპოზიტორი, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, დიდი მოაზროვნე და საზოგადო მოღვაწე ნოდარ მამისაშვილი", - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.

"ნოდარ მამისაშვილის პიროვნება უნიკალურია თავისი მრავალმხრივობით და სისტემური აზროვნებით. ნოდარ მამისაშვილი ათეულობით სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორია. მან პირველად მსოფლიოში შექმნა 9 საეკლესიო ზარის რეზონანსული განაწილების აკუსტიკური სქემა, რომლის მიხედვითაც მოხდა წმ. სამების ტაძარში ზარების განაწილება სამრეკვლო სივრცეში. რაც მნიშვნელოვანია, ქართული სამგალობლო ჰარმონიიდან მან გამოყო ძირითადი ფუძე - ტონები და გადაიტანა 9 ზარის ხმოვანებაში. ასევე მოახდინა ზარების დიფერენციაცია ფუნქციების მიხედვით: 2 მოხმობის ზარი, 2 მიმტევებლობის, 2 სამგალობლო, 1 მონანიების, ლოცვის, 1 დიდების ზარი.

როგორც კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი მრავალ ჟანრს შეეხო, მათ შორის ოპერის, ბალეტის, სიმფონიური , საორგანო, საგუნდო მუსიკის. იგი ავტორია საბავშვო ოპერის "ბაქია - ბაჭია", ბალეტის "სამი გასაღები", 7 სიმფონიის, ნაწარმოებებისა სიმფონიური და კამერული ორკესტრებისთვის, ინსტრუმენტული კონცერტების, საგუნდო, საგუნდო-სიმფონიური, იგი ასევე არაერთი კამერული ნაწარმოების შემქმნელია. ნოდარ მამისაშვილი მოღვაწეობს გამოყენებითი მუსიკის სფეროშიც. დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისა და მხატვრული ფილმებისათვის. აღსანიშნაბია მისი ",ტანდემი" ქართველ რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილთან, ამ თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ფილმები "დიდი მწვანე ველი" და "ცხელი ზაფხულის სამი დღე", სადაც მუსიკა გვხიბლავს თავისი გულწრფელობით. ნოდარ მამისაშვილის შემოქმედება ღრმად ეროვნული და ამავდროულად ინტერნაციონალური და ზოგადსაკაცობრიო. იგი ეროვნული საწყისის ისეთ ღრმა შრეებს ეხება , რომლებიც ხანდახან არცთუ ადვილი შესამჩნევი და აღსაქმელია.

კონსერვატორიის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, მოსწავლეებს და საქართველოს მუსიკალურ საზოგადოებას ამ დიდ დანაკარგს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system