თავში

7 აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა

7 აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა
7 აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 7 აპრილს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა უკავშირდება 1948 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების თარიღს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად ირჩევს პრიორიტეტულ თემას და ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

მიმდინარე წელს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის მთავარ თემას წარმოადგენს - ბებიქალებისა და ექთნების მხარდაჭერა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ხაზს უსვამს ექთნებისა და ბებიქალების საქმიანობის მნიშვნელობას და შეახსენებს მსოფლიო ლიდერებს მათ როლზე ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. დღეს სამედიცინო პერსონალი COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებიან და უზრუნველყოფენ მკურნალობისა და მზრუნველობის მაღალ ხარისხს, მუდმივ კავშირში არიან პაციენტებთან, მონაწილეობენ მონაცემთა შეგროვების პროცესში კლინიკური კვლევების წარმოებისათვის.

2020 წლის თემა ხაზს უსვამს ექთნებისა და ბებიაქალების როლს არსებულ მდგომარეობაში გლობალურ დონეზე. ჯანმო და მისი პარტნიორი ორგანიზაციები მუშაობენ რეკომენდაციებზე ექთნებისა და ბებიაქალების გაძლიერების მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანია ეროვნულ და გლობალურ დონეზე არსებული გამოწვევების, მათ შორის უნივერსალური ჯანდაცვის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის, გადამდები და არაგადამდები დაავადებების, მათ შორის ფსიქიკური ჯანრთელობის, საგანგებო მდგომარეობებისადმი მზადყოფნისა და სწრაფი რეაგირების, პაციენტთა უსაფრთხოებისა და კომპლექსური, ადამიანზე ორიენტირებული მომსახურების და ა.შ. მისაღწევად.

ჯანმო მოუწოდებს წევრ ქვეყნებს უზრუნველყონ ექთნებისა და ბებიაქალების გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებში სათანადო სამედიცინო მომსახურების მიღებას.

თანამედროვე ექთნის პროფესიას საფუძველი ჩაუყარა ფლორენს ნაიტინგეილმა (1820-1910), რომელმაც 1860 წელს ლონდონში, წმ. ტომასის სახელობის საავადმყოფოში გახსნა პირველი სკოლა ექთნებისთვის. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ყირიმის ომის დროს მედდებისათვის ტრენინგების ჩატარებით, დაჭრილი სამხედროების ორგანიზებული მოვლის სისტემის ჩამოყალიბებით.

ნაიტინგეილის ღვაწლი სათანადოდ არის დაფასებული: დამწყები ექთნები „ნაიტინგეილის ფიცს“ დებენ, ხოლო „ფლორენს ნაიტინგეილის მედალი“ უმაღლესი ჯილდოა ექთნებისთვის.

ფლორენს ნაიტინგელის დაბადების დღე - 12 მაისი დადგენილია ექთნების საერთაშორისო დღედ.

ფაქტები

მსოფლიოში ჯანდაცვის და სოციალური სფეროში დასაქმებული პერსონალის 70% ქალები არიან. მათ დიდ ნაწილს წარმოადგენენ ექთნები და ბებიაქალები.

ექთნები და ბებიაქალები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ პაციენტთა მოვლის პროცესში. მათ შორის ეპიდაფეთქებების, სტიქიური მოვლენებისა და კოფლიქტების დროს.

„ჯანმრთელობა ყველასათვის“ მიდგომა დამოკიდებულია მაღალკვალიფიციურ, ტრენირებულ ექთნებსა და სხვა საშუალო სამედიცინო პერსონალზე, რომლებიც იღებენ საქმიანობის ადეკვატურ შრომით ანაზღაურებას და დაფასებას.

ექთნებისა და ბებიაქალების პაციენტებისადმი დამოკიდებულება დამყარებულია ნდობაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი როლი ეპიდაფეთქებების, სტიქიური მოვლენებისა და კონფლიქტების დროს.

ბებიაქალთა რესურსების გაძლიერებაში ჩადებული მეტი ინვესტირება დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და ოჯახის დაგეგმვაში, ხელს შეუწყობს დედათა, ახალშობილთა სიკვდილობისა და მკვდრადშობადობის 80%-ით შემცირებას; ბებიაქალების მეთვალყურეობის გაძლიერებით, ორსულობიდან პოსტნატალური პერიოდის დასრულებამდე, შესაძლებელია ნაადრევი მშობიარობის თითქმის მეოთხედით შემცირება.

ქვეყნების უმრავლესობაში ექთნებისა და ბებიაქალების უსაფრთხოება არ არის სათანადოდ დაცული.

მნიშვნელოვანია ინვესტიციების განხორციელება ხუთი მიმართულებით:

ინვესტიციების გაძლიერება ექთნებისა და ბებიაქალთა განათლების სფეროში

მეტი სერტიფიცირებული ექთნის დასაქმება

ინვესტიცია ექთნებსა და ბებიაქალებში ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით

ბებიაქალებისა და ექთნების როლის გაძლიერებაზე პირველადი ჯანდაცვის რგოლში

ექთნებისა და ბებიაქალების საქმიანობის მხარდაჭერა ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის მიმართულებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system