თავში

ყარაბაღის აღდგენაში, შესაძლოა, ქართული კომპანიებიც ჩაერთონ - ზურაბ ბატიაშვილი

ყარაბაღის აღდგენაში, შესაძლოა, ქართული კომპანიებიც ჩაერთონ - ზურაბ ბატიაშვილი
ყარაბაღის აღდგენაში, შესაძლოა, ქართული კომპანიებიც ჩაერთონ - ზურაბ ბატიაშვილი

 შარშან ამ დროს, განახლდა კონფლიქტი ყარაბაღში, რომელსაც მაშინ ახლოდან ვადევნებდი თვალს და შეძლებისდაგვარადაც ვაშუქებდი.

ამიტომ, სიამოვნებით დავთანხმდი აზერბაიჯანის საელჩოს შემოთავაზებას ჩემი თვალით მენახა კონფლიქტიდან წლის თავზე ყარაბაღსა და მის გარშემო არსებული მდგომარეობა.

ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება საინტერესო იქნება საქართველოსთვისაც, რომელსაც მსგავსი პრობლემა აქვს ტერიტორიულ მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით,- თქვა report.ge-სთან მოკლე ინტერვიუს დროს აღმოსავლეთმცოდნემ, რონდელის ცენტრის მკვლევარმა, ზურაბ ბატიაშვილმა.

- ცოტა ხნის წინ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ინიციატივით თქვენ და ქართველ ჟურნალისტთა ჯგუფი ყარაბაღში იმყოფებოდით.

რა ვითარებაა ყარაბაღში აზერბაიჯან-სომხეთს შორის მეორე ომის დასრულების შემდეგ და როგორ გამოიყურება ყარაბაღის მეორე ომის შედეგები ?

აზერბაიჯანმა კონტროლი დაიბრუნა 9 რაიონზე. ჩვენ ვიმყოფებოდით 6 რაიონში (შუშა, აღდამი, ჯებრაილი, ფიზული, ზენგილანი და ჰადრუთი).

პირველი, რასაც ადამიანი ყარაბაღში შესვლისთანავე ამჩნევს, ეს არის განაღმვითი სამუშაოები (ეს საკითხი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მის გარეშე ფერხდება აღდგენითი სამუშაოები, რაც აზერბაიჯანისთვის ამ მომენტში პრიორიტეტული საკითხია).

პირველი, რაც ადამიანს ყარაბაღის ყოფილი ფრონტის ხაზთან მიახლოებისას თვალში გხვდება, ეს სანგრებისა და ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გრანდიოზული სისტემებია.

მისი სიგრძე 200 კმ-მდეა და ზოგან 8-12 ასეთი პარალელური ხაზი მიჰყვება ყოფილ ფრონტის ხაზს. ეს ადგილები სრულად დანაღმულია როგორც ტანკსაწინააღმდეგო, ისე ფეხოსნების საწინააღმდეგო ნაღმებით. ბევრია კონფლიქტის დროს ნასროლი, მაგრამ აუფეთქებელი ჭურვებიც, რაც ასევე საფრთხის შემცველია.

დანაღმულია ამ ხაზების უკან ტერიტორიებიც. მაგალითად, ცნობილია, რომ მხოლოდ აღდამის რაიონში 98 000 ასეთი ნაღმია მიწაში ჩადებული. საერთო ჯამში ვარაუდობენ, რომ მილიონამდე ნაღმია ჩადებული ყარაბაღში. აღდამში მხოლოდ გზებია განაღმული და გზიდან გადადგმული ერთი ნაბიჯიც კი შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ. მხოლოდ აღდამში 42 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ასეთ ნაღმებს ომის შემდეგ.

ამიტომ, ყოფილი ფრონტის ხაზის გადაკვეთის უფლებას რიგით მოქალაქეებს არ აძლევენ. ამისთვის მოწყობილია სპეციალური საკონტროლო-გამშვები პუნქტები ყოფილი ფრონტის ხაზებთან.

აზერბაიჯანში განსაკუთრებით ემადლიერებიან საქართველოს, რომლის შუამავლობითაც სომხურმა მხარემ მათ გადასცათ დანაღმული ველების რუკები, მაგრამ ხშირად ეს რუკებიც არაზუსტია. ძალიან ბევრი ახალი ნაღმი სპონტანურად ჩაიდო სომხური მხარის მიერ შარშანდელი უკანდახევის შედეგად და ბუნებრივია, ისინი არსადაა აღნუსხული.

ჯებრაილის რაიონში, ისევე, როგორც ბევრგან, გაჰყავთ ახალი ავტოსტრადები. მაგრამ სამშენებლო ტექნიკას წინ მიუძღვებიან განმაღმველები, რომლებიც აქტიურად წმენდენ ტერიტორიებს.

ადამიანი უემოციოდ ვერ უყურებ ათეულ ათასობით დანგრეულ სახლს. ყველა მათგანში ალბათ თაობები ცხოვრობდნენ და ყველას თავისი ისტორია აქვს. ზოგან (მაგალითად, ქალაქებში ფიზულისა და აღდამში, ასევე ათეულობით სოფელში) ძველი შენობებისგან მხოლოდ ქვების გროვებიღაა დარჩენილი.

დანგრეულია გზებიც. ზოგან საბჭოთა პერიოდიდან დარჩენილი ასფალტის კვალი შეიმჩნევა. ზოგან ისიც აღარაა. ზოგან კი უბრალოდ გამქრალია ძველი გზები.

განადგურებულია ინფრასტრუქტურაც. არ არის ელექტროენერგია, გაზი, არ მუშაობს მობილური კავშირგაბმულობა.

როგორია თქვენი შთაბეჭდილებები იმაზე, თუ რა ხდება ახლა იმ ტერიტორიებზე, რომელიც აზერბაიჯანმა დაიბრუნა?

 აზერბაიჯანმა სწრაფი ტემპით დაიწყო აღდგენითი სამუშაოები. შეიძლება ითქვას, რომ ყარაბაღის ის ტერიტორიები, რომლებიც ნაღმებისგან გაიწმინდა, დიდ სამშენებლო მოედნადაა ქცეული. იგება ახალი გზები, კეთდება კომუნიკაციები, შენდება შენობები და ა.შ. აზერბაიჯანული მხარე ვარაუდობს, რომ ყარაბაღის სრულად აღდგენას 50 მლრდ აშშ დოლარი დასჭირდება და ეს პროცესი არაერთი წელი გაგრძელდება. ეს სოლიდური თანხები ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანს გააჩნია, რასაც ხარჯავს კიდეც ამ მიზნით.

აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს წინასწარ დამტკიცებული გეგმის მიხედვით.

აღნიშნულ სამუშაოებს ადგილზე კოორდინაციას უწევენ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ დანიშნული სპეციალური წარმომადგენლები კონკრეტულ რაიონებში (რამდენიმე მათგანს შევხვდით კიდეც).

საკუთარი თვალით ვნახეთ, რომ ეს სამუშაოები მიმდინარეობს 24-საათიან რეჟიმში.

თითქმის დასრულებულია შუშასთან მისასვლელი ახალი გზის მშენებლობა, გრძელდება ქალაქ ჯებრაილთან და ქალაქ აღდამთან დამაკავშირებელი ავტობანების მშენებლობა.

განსაკუთრებით სწრაფად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები ქალაქ შუშაში. ქალაქში უკვე არის 2 ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობებისა და სახლების აღდგენა (სხვა ადგილებისგან განსხვავებით, აქ შენობები დაზიანდა, თუმცა, მათი უმეტესობა არ დანგრეულა), შენდება რესტორნები, გაყავთ კომუნიკაციები, მიმდინარეობს ისტორიული ძეგლების რესტავრაცია (მათ შორის, დავინახეთ, რომ ხარაჩოებშია ცნობილი ყაზანჩეცოცის ეკლესია, რომელიც მეორე ომის დროს დაზიანდა).

მოვინახულეთ აზერბაიჯანული საოპერო მუსიკის ფუძემდებლის ბულბულის (რომელიც ცნობილი აზერბაიჯანელი მომღერლის ფოლად ბულბულოღლუს მამა იყო) აღდგენილი სახლ-მუზეუმი. ამ მუზეუმში გამოფენილია თბილისთან დაკავშირებული ექსპონატებიც, რადგან იგი ერთი პერიოდი თბილისშიც ცხოვრობდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ამ რაიონში გვითხრა, რომ აღდგენითი სამუშაოები 1,5-2 წელი გაგრძელდება და ამის შემდეგ შეეძლებათ დევნილებს დაბრუნება. ამ მომენტისთვის ქალაქში მხოლოდ სამხედროები და აღდგენით სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანები ცხოვრობენ.

ფიზულის რაიონში სრულდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა, რომელშიც უკვე შესრულდა საცდელი ფრენები (ეს აეროპორტიც მოვინახულეთ).

ჩვენ გვქონდა საშუალება მოგვენახულებინა აღდამი, უფრო სწორედ რაც მისგანაა დარჩენილი. ხოლო დარჩენილი ძირითადად ქვების გროვებია. ნგრევის მასშტაბით აღდამს ხიროსიმასაც ადარებენ ხოლმე.

რადგან აღდამი სრულად დანგრეულია, მის ადგილზე აშენდება 100 000-იანი სრულიად ახალი სუპერთანამედროვე ქალაქი. გეგმა უკვე დამტკიცებულია და მშენებლობა დაიწყება ტერიტორიის განაღმისთანავე.

რამდენადაც ამ ტერიტორიებზე უამრავი სამუშაოებია ჩასატარებელი და ყველაფრის გაკეთებას ერთდროულად ვერ აუდიან, მოწვეული ჰყავთ მეგობარი ქვეყნების სამშენებლო კომპანიები.

როგორც აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზე გვითხრეს, უკვე შედგა აზერბაიჯანისა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრების საუბარი იმ მიზნით, რომ ქართული კომპანიებიც ჩაერთონ ქალაქ აღდამის სამშენებლო პროცესში.

აღდამის რაიონში აპირებენ ვენახებისა და მეღვინეობის დარგის აღდგენასაც და ამ მიმართულებითაც სჭირდებათ ქართული მხარის ჩართულობა.

ასე რომ, სრულიად რეალურია ამ აღდგენით პროცესში ქართული კომპანიების ჩართვაც, რაც, რა თქმა უნდა, მომგებიანი იქნება როგორც უშუალოდ მათთვის, ისე - ზოგადად მთელი ქვეყნისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system