თავში

რას შეცვლის შშმ პირთა შესახებ ახალი კანონი

რას შეცვლის შშმ პირთა შესახებ ახალი კანონი
რას შეცვლის შშმ პირთა შესახებ ახალი კანონი

შშმ პირთა შესახებ კანონი, რომელსაც არა მხოლოდ შშმ პირთა თემი, არამედ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ათეულობით წლის განმავლობაში ელოდა, გამოქვეყნებულია – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

საქართველოს პირველად ექნება ერთიანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს შშმ პირთა უფლებების რეალიზების კონკრეტულ მექანიზმებს. შშმ პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებას კანონი, პირველ რიგში, სახელმწიფოს აკისრებს. აქვე განისაზღვრება სხვადასხვა უწყების ვალდებულებები, მოამზადონ დროში გაწერილი სამოქმედო გეგმები შესაბამის სფეროში კანონის ეფექტური აღსრულებისათვის.

ახალი კანონი ჩაანაცვლებს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 14 ივნისის კანონს.  

ახალი კანონი 150 000-მდე პირს უნდა შეეხოს. ეს მოწმობს როგორც რეფორმის მწვავე აუცილებლობას, რომელიც დღემდე იდგა ქვეყნის წინაშე, ისე რეფორმის მასშტაბსა და მნიშვნელობას.

კანონით შემდეგი ძირითადი სიახლეებია გათვალისწინებული:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის განსაზღვრისას სამედიცინო მიდგომიდან სოციალურ მოდელზე გადასვლა. ეს არის მიდგომა, რომლის დროსაც პირისათვის მისანიჭებელი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი და მისი ხარისხი, სამედიცინო ჩვენებასთან ერთად, მისი რეალური საჭიროებების შეფასების საფუძველზე განისაზღვრება. ამავე პრინციპით დადგინდება შესაბამისი სოციალური დაცვის გარანტიების მოცულობაც;

კანონს პირველად შემოაქვს „ქართული ჟესტური ენის“, როგორც საქართველოში მცხოვრებ ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანებთან კომუნიკაციის საშუალების, განმარტება და ავალდებულებს სახელმწიფოს, აღიაროს იგი და შექმნას ყველა აუცილებელი წინაპირობა მისი სათანადოდ გამოყენებისათვის იმ პირთა მიერ, ვისაც ამის საჭიროება აქვს;

სამთავრობო დონეზე შეიქმნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი;

კანონი ითვალისწინებს ისეთი ახალი სერვისის შემოტანას, როგორიცაა პერსონალური ასისტენტის მომსახურება. ეს სერვისი მუნიციპალიტეტების მიერ იქნება გაცემული და ხელს შეუწყობს შშმ პირებს დამოუკიდებლად ცხოვრებაში, სერვისის გაცემის დაწყება კი, დამოკიდებული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სერვისის მოცულობის განსაზღვრაზე;

მუნიციპალიტეტებს სხვა ვალდებულებებიც განესაზღვრებათ: მათ ხელი უნდა შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ისეთი ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებშიც ეს პირები თავად იღებენ გადაწყვეტილებებს;

კანონით გათვალისწინებულია ვალდებულება, რომ ქვეყანაში არსებული შენობა-ნაგებობებისა და სერვისების შშმ პირთა საჭიროებებზე მორგება ეტაპობრივად, 15-წლიან ვადაში უნდა განხორციელდეს;

კანონს შემოაქვს „გონივრული მისადაგების“ პრინციპის ცნება, რომელიც თავიდან ააცილებს ქვეყანას არაპროპორციულ ან გადამეტებულ ტვირთს და ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებებისა და თავისუფლებების სხვებთან თანასწორ პირობებში რეალიზებას.

2020 წლის თებერვალში, რეფორმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარედგინა საქართველოს პარლამენტს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system