თავში

რას წერს BBC "სამ მუშკეტერზე“

რას წერს BBC "სამ მუშკეტერზე“
რას წერს BBC სამ მუშკეტერზე“

"როგორ დაეხმარა "სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში" - აღნიშნული სათაურით "ბიბისი" ქართველი ეპიდემილოგების შესახებ სტატიას აქვეყნებს.

ბრიტანული მაუწყებლის მიერ გავრცელებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო მოხვდა 15 ქვეყნის სიაში, რომლებსაც ევროკავშირი საკმარისად უსაფრთხოდ მიიჩნევს იმისთვის, რომ საზღვრების გაუხსნას. 

"საქართველო ერთადერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელმაც ეს სტატუსი მოიპოვა.

3,7 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში Covid-19-ის ათასზე ნაკლები შემთხვევაა რეგისტრირებული, გარდაცვლილია 15 ადამიანი.

პანდემიაზე წარმატებული რეაგირების მართვისთვის აქებენ სახელმწიფო მეცნიერთა ჯგუფს, რომლესაც "სამი მუშკეტერი" უწოდეს.

შედარებისთვის, მეზობელ სომხეთში კორონავირუსი მძვინვარებს. ყოველდღიურად ვლინდება Covid-19-ის ასობით ახალი შემთხვევა, საერთო რაოდენობამ კი 26 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვი დაახლოებით 500-ს შეადგენს. მეზობელ აზერბაიჯანში ასევე ყოველდღიურად ასობით ახალი შემთხვევა ვლინდება.

საქართველოში ახალი კორონავიუსის პირველი შემთხვევა თებერვლის ბოლოს დარეგისტრირდა, რაზეც მთავრობის რეაგირება მყისიერი იყო. მარტის შუა რიცხვებში ყველა სკოლა, უნივერსიტეტი არაარსებითი მნიშვნელობის ბიზნესი დაიხურა და შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. 21 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ აიკრძალა ხალხმრავალი შეკრებები და ქალაქის შიგნით გადაადგილება. ამოქმედდა ღამით კომენდანტის საათი,"- წერს "ბიბისი".

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულის, მართლმადიდებელი აღდგომის დროს, ხელისუფლებამ აკრძალა კერძო ტრანსპორტით მოძრაობა და დაკეტა სასაფლაოები.

სტატიის ავტორი წერს, რომ მათ წერილობით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განუცხადა: „ჩვენ გავითვალისწინეთ პანდემიის საფრთხე პირველ დადასტურებულ შემთხვევამდე ერთი თვით ადრე. ჩვენი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, როგორიცაა ჩვენი ადგილმდებარეობა და სიმცირე, ჩვენ ვერ გამოვიყენებდით სხვა ქვეყნების მაგალითებს“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საინფორმაციო კამპანიასა და რეგულარული სიახლეების გამოქვეყნებას უძღვებოდნენ ქვეყნის მთავარი მეცნიერები, საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC). როგორც "ბიბისი" წერს, აღნიშნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორია რუსული დეზინფორმაციის მუდმივი სამიზნეა.

"საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეცნიერებმა დაიმსახურეს დიდი პატივისცემა. სამეულში შედიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე, რომელიც თბილისის ინფექციურ დაავადებათა, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს ხელმძღვანელობს.

კიდევ ერთი პოპულარული ფიგურა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიის სახეა მარინა ეზუგბაია, რომელიც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორია.

საქართველოში კორონავირუსის ტესტირებისთვის 19 ლაბორატორია მუშაობს,"- წერს "ბიბისი".

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ მადლობა გადაუხადა საზოგადოებას მათი მითითებების შესრულებისთვის.

საგანგებო მდგომარეობის დროს წესების დარღვევისთვის მკაცრი ჯარიმები მოქმედებდა, ფიზიკური პირებისთვის ათასი დოლარის ოდენობით, კომპანიებისთვის კი სამი ათასი დოლარის ოდენობით.

"გაფრთხილებები მოწოდებით "დარჩით სახლში" იყო გამოსახული ავტობუსების გაჩერების ციფრულ ტაბლოებზე, ასევე მობილური ოპერატორების მიერ მოქალაქეების ტელეფონებზე. ჩვეულებრივ პოლიტიკური პოლარიზაციის მაღალი დონის მიუხედავად, ქართულმა საზოგადოებამ ფართოდ დაუჭირა მხარი ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქართველების თანამშრომლობამ და ყველა შესაბამისი ინსტრუქციისა და რეკომენდაციის დაცვაში მათმა სამაგალითო სოციალურმა პასუხისმგებლობამ ხელი შეუწყო იმას, რომ ინფექციის მრუდი ყოფილიყო პლატო,"- წერია სტატიაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის გავლენიანმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ გააგრძელა ღვთისმსახურება და უარი თქვა საერთო კოვზის ზიარების წესის შეცვლაზე, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობამ გაითვალისწინა მეცნიერების რჩევა და სახლში დარჩა.

"ამჟამად საქართველოში ბევრი ბიზნესი და რესტორანი კვლავ გაიხსნა. პირბადეების ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეში და მოქმედებს მკაცრი წესები დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით, ასევე შეზღუდვებია ხალხმრავალ შეკრებებზე.

საქართველოს მთავრობა იმედოვნებდა, რომ საერთაშორისო მოგზაურებისთვის საზღვრებს პირველი ივლისიდან გახსნიდა. თუმცა ეს გეგმა გადაიდო. ასე რომ, ქვეყნის ტურიზმის სექტორისთვის მიმდინარე წელს პერსპექტივები არასახარბიელოა,"- წერს "ბიბისი".

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სიფრთხილეს ინარჩუნებს.

"ბიბისის" სტატიაში გამოყენებული აქვს Report.ge- ს ფოტო-კორესპონდენტის მიერ გადაღებული ფოტო, რომელიც სააგენტომ მარინა ეზუგბაიას ერთ-ერთი ბრიფინგის დროს გამოაქვეყნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system