თავში

როგორ ვაკონტროლოთ კოვიდი სახლში?

როგორ ვაკონტროლოთ კოვიდი სახლში?
როგორ ვაკონტროლოთ კოვიდი სახლში?

 ბევრი ადამიანი კოვიდპანდემიას სახლის პირობებში ებრძვის. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროტოკოლის თანახმად, კორონავირუსის ინფექციის მსუბუქ შემთხვევად ითვლება ზემო სასუნთქი გზების გაურთულებელი რესპირაციული ვირუსული ინფექცია. მსუბუქი დაავადების დროს პაციენტებს შესაძლოა, აღენიშნებოდეთ არასპეციფიკური სიმპტომები, როგორებიცაა - ცხელება, მოთენთილობა, ხველა, სისუსტე, კუნთების ტკივილი, ყელის ტკივილი, ქოშინი, ცხვირის გაჭედვა ან თავის ტკივილი, ყნოსვისა და გემოს დაქვეითება. იშვიათად, სიმპტომები შესაძლოა, გამოვლინდეს - დიარეით, გულისრევით ან პირღებინებით.

ალექსანდრე გოგინავა, ექიმი ინფექციონისტი: 

„თუ ინფიცირებული პირი ექიმს ვერ დაუკავშირდა, უნდა იკონტროლოს ტემპერატურა, რადგან დაავადების მძიმე მიმდინარეობისას ავადმყოფების 99 პროცენტს მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. ამიტომ თუ პაციენტი სახლშია და აქვს მაღალი ტემპერატურა, როგორმე ტემპერატურის კორექცია უნდა მოახდინოს, უნდა მიიღოს სიცხის დამწევი საშუალებები. მაღალი სიცხის დროს, ანტიბიოტიკისგან განსხვავებით, შესაძლებელია, ექიმთან შეუთანხმებლად დალიოს პარაცეტამოლი ან იბუპროფენი და დაირეგულიროს ტემპერატურა. უნდა იყოს ფიზიკურად აქტიური, არ ვგულისხმობ დიდ დატვირთვებს, მაგრამ არ უნდა იწვეს მუდმივად, პირიქით, უნდა იმოძრაოს, გამოაღოს ფანჯარა, ხშირად გაანიავოს ოთახი, რომ სუფთა ჰაერმა იტრიალოს. მუცელზე დაწვეს, ზურგზე - ნაკლებად. მიიღოს სითხეები ადეკვატურად. თუ ოფლიანობა აქვს, ორგანიზამის სითხით შევსება აუცილებელია. ძირითადად, დალიოს ოთახის ტემპერატურის წყალი. თუ წყალს ვერ სვამს, შეიძლება მიიღოს ჩაი და მინერალური წყალი, მაგრამ მაინც უნდა ეცადოს, რომ ჩვეულებრივი წყალი სვას. ასევე, მნიშვნელოვანია განწყობა, რადგან, ზოგადად, სტრესი, შიში, პანიკა ხელს უწყობს დაავადების პროგრესირებას. ასევე, უნდა ეცადოს, მეტ-ნაკლებად მშვიდი გარემო შეიქმნას და სიმშვიდე შეინარჩუნოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ავადმყოფმა ყურადღება მიაქციოს სუნთქვას - ხშირად უნდა აკეთოს ღრმად ჩასუნთქვები და ამოსუნთქვები.

ანტიბიოტიკებს - კატეგორიული „არა“!

ალექსანდრე გოგინავა, ექიმი-ინფექციონისტი: 

- სამწუხარო რეალობაა, კოვიდინფექციის ბინაზე მართვის დროს ხშირად ჩვენი მოქალაქეები თვითნებურად იღებენ გარკვეულ მედიკამენტებს, ანტიბიოტიკებს, რაც დამყარებულია მეზობლის რჩევაზე - „ასე დამინიშნა მე ექიმმა და მოდი, შენც დალიე“. თვითნებურად იღებენ სისხლის გამათხელებლებს, რაც ყოვლად დაუშვებელია. კატეგორიული არა - ანტიბიოტიკებს! ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული: პირველი, კორონავირუსი ვირუსული ინფექციაა და განსაკუთრებით პირველი ერთი კვირა არანაირი სპეციფიკური მკურნალობა არ სჭირდება. ვირუსს ანტიბიოტიკი არ სჭირდება. ანტიბიოტიკი უნდა მიიღონ მხოლოდ მათ, ვისაც აქვს გართულება, რომელიც, ძირითადად, თავს იჩენს დაავადების მეორე კვირაში, ყოველთვის - არა; მეორე - ანტიბიოტიკის ტყუილად გამოიყენება გამოიწვევს ბევრ ცუდ ცვლილებას ორგანიზმში და დააზიანებს სხვადასხვა ორგანოს; მესამე - ანტიბიოტიკის არასწორად დალევამ პირიქით, შეიძლება ხელი შეუწყოს მდგომარეობის გაუარესებას. ტყუილად მიღებული ანტიბიოტიკი საზიანოა ორგანიზმისთვის, ღვიძლისთვის, თირკმელებისთვის, სისხლისთვის. ამით, ასევე, ხელს შეუწყობთ რეზისტენტობის გაზრდას, სხვადასხვა ბაქტერია რომ გახდეს რეზისტენტული და არ დაემორჩილოს ანტიბიოტიკურ თერაპიას. შეიძლება პაციენტს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება აწუხებდეს და საჭირო იყოს ნაადრევი ჩარევა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ჩარევა მხოლოდ სპეციალისტთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. ექიმმა უნდა შეაფასოს მდგომარეობა - ან სატელეფონო კონსულტაციით, ან გააკეთებინოს ამბულატორიული კვლევები და შედეგების მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება, მოხდეს თუ არა ანტიბიოტიკის - ეს იქნება სისხლის გამათხელებელი სტეროიდი თუ სხვა ნებისმიერი საშუალების - დანიშვნა. სხვანაირად ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ. ცალსახად ვამბობ, ბინაზე პაციენტის მართვა უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. კარგად მესმის, რომ ხშირად ექიმთან კომუნიკაციის პრობლემაა გადატვირთულობის გამო, მაგრამ ჩემი, როგორც ინფექციონისტის, რჩევაა - იქნებ მოახერხოთ კომპეტენტურ ექიმთან დაკავშირება და თვითნებურად არ დაიწყოთ მკურნალობა. თვითნებური მკურნალობა პაციენტების 99 პროცენტისთვის მავნებელია და არანაირი შედეგი არ მოაქვს.

როგორ მივხვდე, რომ მდგომარეობა მირთულდება?

მდგომარეობის დამძიმება რომ არ გამოგეპაროთ, სისტემატურად უნდა იზომოთ სიცხე, დააკვირდეთ სუნთქვის სიხშირეს, ტემპერატურის რეაგირებას მედიკამენტებზე. 

ალექსანდრე გოგინავა, ექიმი-ინფექციონისტი:

- სატურაციის გასაზომად პულსოქსიმეტრი გამოიყენება, რომელიც თითზე მაგრდება და მის ეკრანზე ჩნდება სატურაციის და, ასევე, პულსის მაჩვენებელი. თუ პაციენტს არ აქვს ეს საზომი, კარგი იქნება, რომ ვინმემ ათხოვოს და გაიზომოს სატურაცია, რადგან ეს არის ერთ- ერთი ყველაზე ინფორმაციული და კარგი საშუალება მდგომარეობის შესაფასებლად. სახლის პირობებში აუცილებელია: სუნთქვისა და ტემპერატურის კონტროლი, რამდენად ახერხებს ავადმყოფი ტემპერატურის მართვას ბინაზე, ხომ არ არის უმართავი ცხელება? თუ ორგანიზამი სისხლის დამწევებს არ ემორჩილება, ეს ნიშნავს, რომ სიცხე უმართავია. თუ ხშირი სუნთქვა წამოვიდა, მაგალითად, თუ სუნთქვა გახშირებულია და, მოსვენებულ მდგომარეობაში, 24-ზე, 25-ზე მეტია, სატურაცია კი 90-ზე ქვევითაა, ან აქვს დისკომფორტი გულმკერდის არეში, - ეს არის ერთ-ერთი საგანგაშო სიგნალი და პაციენტს აუცილებლად სჭირდება სამედიცინო პერსონალის ჩარევა. რაღა თქმა უნდა, ზემოჩამოთვლილი სიმპტომები პაციენტის ჰოსპიტალში გადაყვანის აუცილებლობაზე მიანიშნებს. საკმაოდ საყურადღებოა, ასევე, ცნობიერების დაბინდვა, ე. წ. ენცელოპათია. თუ პაციენტი ძილიანობს, აქვს სილურჯე ტუჩის არეში. როცა პაციენტს აქვს ისეთი ქრონიკული დაავადება, რომლის მართვაც ბინაზე შეუძლებელია, ასეთ დროსაც უნდა ეცადოს ადამიანი, რაც შეიძლება მალე გადავიდეს სტაციონარში. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ბინაზე კოვიდის მართვა სრულიად შესაძლებელია და ხშირად არანაირი სპეციფიკური მკურნალობა - იქნება ეს ანტიბიოტიკი თუ სხვა რამ, არ სჭირდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system