თავში

როგორ მოვიქცეთ, თუ კორონავირუსის სიმპტომები გამოგვივლინდა? - ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის გზამკვლევი

როგორ მოვიქცეთ, თუ კორონავირუსის სიმპტომები გამოგვივლინდა? - ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის გზამკვლევი
როგორ მოვიქცეთ, თუ კორონავირუსის სიმპტომები გამოგვივლინდა? - ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის გზამკვლევი

ამერიკაში მომუშავე ქართველმა ექიმებმა – ნანა გეგეჭკორმა და ზურაბ გურულმა კორონავირუსის არაფორმალური გზამკვლევი შეიმუშავეს, რომელიც ვირუსის მართვის შესახებ ვრცელ ინფორმაციას იძლევა.

ექიმების განმარტებით, ფეისბუქის ეს ჩანაწერი არ წარმოადგენს პროფესიული სამედიცინო რჩევის, დიაგნოზის ან მკურნალობის შემცვლელს. ინფორმაცია, რომელიც ამ პოსტშია მოცემული, არის მხოლოდ საგანმანათლებლო და საინფორმაციო ხასიათის. 

როგორ ვიქცევით, თუ კოვიდ-ინფექციის სიმპტომები გამოგვივლინდა?

პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ ყველა დაავადებული ტესტირებას ან ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს! ტესტირება კრიტიკულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ის არსებითად ცვლის მკურნალობის ან ქცევის ტაქტიკას. მსუბუქად მიმდინარე დაავადებას სახლის პირობებში სპეციფიკური მკურნალობა არ სჭირდება. შესაბამისად, სახლში დარჩენილების ტესტირება მხოლოდ გამცნობთ, რომ თქვენ ნამდვილად კოვიდ-ინფიცირებული ხართ და მეტს არაფერს ცვლის.

კიდევ ერთხელ: მსუბუქად ან სულაც ასიმპტომატურად დაავადებული არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას ან სპეციფიკურ მკურნალობას! ასე დაიცავთ თავს ახალი ინფექციისგან და დაიცავთ ჯანდაცვის სისტემას გადატვირთვისგან! ჯანდაცვის სისტემის არამიზნობრივი გადატვირთვა გაზრდის სიკვდილიანობას კრიტიკულ პაციენტებში, გამოიწვევს სამედიცინო პერსონალის გამოფიტვას და დაინფიცირების მაღალ მაჩვენებელს.

ცხადია, ეს არ გულისხმობს, რომ თავი უნდა მოარიდოთ სამედიცინო დაწესებულებებს და არ ითხოვოთ დახმარება მაშინ, როცა ის აუცილებელია!

თუ თქვენ არ განეკუთვნებით მაღალი რისკის ჯგუფს და დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებთ. კრიტიკულად აუცილებელია გვესმოდეს, რომ არასათანადო მკურნალობამ შეიძლება სერიოზულად დაგაზიანოთ. უსიმპტომო და მსუბუქ ფორმებს, რისკების არქონის შემთხვევაში, არ სჭირდება არც ანტიბიოტიკი და არც ეგრეთ წოდებული ‘“სისხლის გამათხელებლები“.

აუცილებელია იზოლაცია მინიმუმ 10 დღით, ან მანამ, სანამ ტემპერატურა ნორმალურს აღემატება. ამერიკული სტანდარტების მიხედვით ნორმალურ ტემპერატურად კოვიდ-ინფიცირებულისთვის ითვლება <37 C.

მკურნალობა კი მხოლოდ სიმპტომატური გჭირდებათ. რას გულისხმობს სიმპტომატური მკურნალობა? სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი (ასეთად შეიძლება პარაცეტამოლის, ტალინოლის, იბუპროფენის, ნუროფენის ან ამ ჯგუფებიდან სხვა დასახელების პრეპარატების გამოყენება), საკმარისი რაოდენობით ნებისმიერი, არატკბილი სითხე (თბილი, ცივი ორივე სასარგებლოა; არ არის საჭირო ქაფქაფა ცხელი).

დაიწყეთ სიმპტომების აღრიცხვა. დღეში რამდენჯერმე გაიზომეთ სიცხე, თუ საშუალება გაქვთ, არტერიული წნევა, გულისცემის და სუნთქვის სიხშირე. სასურველია იქონიოთ პულსოქსიმეტრი. თუ ხელი არ მიგიწვდებათ, არ იდარდოთ, ამის გარეშეც გახვალთ ფონს.

ავარჯიშეთ სასუნთქი სისტემა. უმარტივესია ბუშტის გაბერვა დღეში რამდენჯერმე. თუ სპირომეტრზე მიგიწვდებათ ხელი, ეს ვარჯიში უფრო სახალისო ხდება. სუნთქვითი ვარჯიშები განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნება. ვარჯიშის მთავარი პრინციპია მაქსიმალურად დიდი მოცულობის ჰაერის ჩასუნთქვა და ნელი, გახანგრძლივებული ამოსუნთქვა, მოკუმული ტუჩებით წინააღმდეგობის შექმნით. ეს დაეხმარება თქვენს ფილტვებს, რომ ყველა ალვეოლა საკმარისად გაიშალოს და მაქსიმალური რაოდენობის ჟანგბადი გაიცვალოს კაპილარულ ქსელში.

თუ დაავადება სუნთქვის უკმარისობით მიმდინარეობს, სასარგებლოა პირდაღმა (მუცელზე) ძილი/წოლა. ცხადია, ეს წესი არ ეხებათ ჭარბწონიან ადამიანებს, რადგან მათში პირდაღმა წოლა დიაფრაგმის (მნიშვნელოვანი სასუნთქი კუნთის) მაღლა დგომას უწყობს ხელს და ამცირებს გულმკერდის ღრუს მოცულობას; შესაბამისად, აუარესებს ფილტვების გაშლის შესაძლებლობას.

იმოძრავეთ რამდენსაც შეძლებთ. ბევრს არც ეზო აქვს და არც სოფელი, ამიტომ ოთახში მოუწევს სიარული. გაითვალისწინეთ, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოძრაობა დაგიცავთ ქვემო კიდურების ვენური თრომბოზებისგან, ასევე გააუმჯობესებს სუნთქვას და ზოგად განწყობას. მოძრაობა დაგიცავთ ხანგრძლივი ავადმყოფობის შემთხვევაში დეკონდიცირებისგან, რაც კუნთების ზედმეტი მოდუნებით ხასიათდება და ისედაც მძიმე ზოგადი სისუსტე უფრო გამოხატული ხდება. ასაკის მატებასთან ერთად ადამიანებს ხშირად უჭირთ მოძრაობა სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების გამო, ასეთ შემთხვევაში უბრალოდ სავარძელში ჯდომაც კი სასარგებლოა. თუ ოთახში სიარულს ვერ ახერხებთ, სცადეთ მსუბუქი ვარჯიშები ადგილზე. იძინეთ საკმარისად, ეს დაგეხმარებათ სიმშვიდის შენარჩუნებაში.

ეცადეთ იკვებოთ სრულფასოვნად. სრულფასოვანი კვება გულისხმობს ვიტამინებით და ცილებით მდიდარი საკვების გამოყენებას. კვების რაციონიდან ამოიღეთ ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები. განსაკუთრებით, თუ დიაბეტი გაქვთ.

ნუ შეგეშინდებათ ინფიცირებული ადამიანების. პრევენციის წესების ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში დაავადება ოჯახის შიგნითაც კი არ გადადის. საკვები და პირველადი დახმარების ნივთები შეგიძლიათ კართან დაუტოვოთ ერთმანეთს.

ვინც არ ხართ ინფიცირებული, ზედმიწევნით კარგად დაიმახსოვრეთ თქვენი ნორმალური მდგომარეობა. იგულისხმება ყოველდღიური, ჩვეული მდგომარეობა. ეს დაგეხმარებათ დაავადების სიმპტომების ადვილად ამოცნობაში.

ყურადღებით დააკვირდით ზოგადი მდგომარეობის მინიმალურ ცვლილებასაც კი. დაავადების შემთხვევაში, საკუთარ თავზე მუდმივი დაკვირვება საშუალებას მოგცემთ სწორად ამოიცნოთ კრიტიკული პერიოდები და დროულად ითხოვოთ სამედიცინო დახმარება. თუ ხვდებით, რომ მდგომარეობა საგრძნობლად უარესდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

რა იგულისხმება მდგომარეობის გაუარესებაში?

  • უკიდურესი დაღლილობის შეგრძნება არ გაძლევთ მოძრაობის საშუალებას.
  • გონების ნაწილობრივი ან სრული დაბინდვა, უჩვეულო აგზნება, გამოხატული მოუსვენრობა სხვა სიმპტომებთან ერთად.
  • მაღალი ტემპერატურა არ ემორჩილება მედიკამენტოზურ მკურნალობას.
  • გამოხატული სუნთქვის უკმარისობა.
  • ტკივილი, უჩვეულო სიმძიმის ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში (ტკივილის ხასიათი არ იცვლება მოძრაობისას სუნთქვის ფაზებთან მიმართებაში. ტკივილის გამოწვევა ან დაყუჩება ან ხასიათის ცვლილება შეუძლებელია შეხებით. ტკივილი გადაეცემა ქვედა ყბას, კისერს, ზემო კიდურებს, ბეჭის მიმდებარე ტერიტორიას ან მუცლის ზედა კვადრატს).
  • უჩვეულო ტაქიკარდია (აჩქარებული გულისცემა), ნორმალური გულისცემის სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს 100-ს წუთში მცირედი დატვირთვისას.
  • საკმარისი რაოდენობით საკვებს და სითხეს ვერ ღებულობთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომების გამო.
  • დიარეის და ღებინების ხშირი ეპიზოდები, რამაც შეიძლება სერიოზული დეჰიდრატაცია გამოიწვიოს.
  • ქვემო კიდურების ასიმეტრიული შეშუპება (ასეთ შემთხვევაში ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი უნდა გამოირიცხოს).
  • სუნთქვის გამოხატული უკმარისობა.

გზამკვლევის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system