თავში

რუსთავი ქალაქის დღესასწაულს აღნიშნავს

რუსთავი ქალაქის დღესასწაულს აღნიშნავს
რუსთავი ქალაქის დღესასწაულს აღნიშნავს

რუსთავი დღეს ქალაქის დღესასწაულს აღნიშნავს. როგორც report.ge-ის რუსთავის მერიიდან აცნობეს, ,,რუსთავქალაქობა 2019’’ -ის აღსანიშნავი ღონისძიებები, ტრადიციული მარათონით გაიხსნა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებებსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას მიეძღვნა.

სპორტულ აქტივობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. დიდების ხეივანში, საპრიზო ადგილების მფლობელებს, თასი, მედლები და სიმბოლური საჩუქრები, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ვეფხვია ჩალაბაშვილმა გადასცეს.

დღესვე ,,რუსთავქალაქობის’’ ფარგლებში, საბიბლიოთეკო გაერთიანების განახლებული მე-3 ფილიალი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. 

მოგვიანებით, მეგობრობის გამზირზე სადღესასწაულო კონცერტი, რუსთავის საჯარო სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია, ფერების ფესტივალი, დრამერების შოუ და ჯგუფ ,,რეზო და ბავშვების“ კონცერტი გაიმართა. ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ, 112 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანს, საჯარო სკოლის წარჩინებით დამთავრება მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

,,რუსთავქალაქობის“ დღესასწაულს, რუსთაველები წელს მეოცედ აღნიშნავენ. ღონისძიებების ორგანიზატორი ქალაქ რუსთავის მერია და ,,სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრია“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system