თავში

დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება

პროცედურები იცვლება

დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

აღნიშნული ცვლილება საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესს არეგულირებს, 1-ლი ნოემბრიდან შევა ძალაში.

ახალი რეგულაციების მიზანი დაკარგული და გაუქმებული დოკუმენტების ბოროტად გამოყენების პრევენციაა. 

ცვლილებების თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდაცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და მიიღოს მათგან პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა, რომელიც, კანონით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარადგინოს ახალი დოკუმენტის მისაღებად. აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ აღებულ ამ ტიპის ცნობას ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება არ დასჭირდება.

ახალი პასპორტის ასაღებად პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების ცნობა, სხვა დოკუმენტებთან ერთად, საქართველოში მყოფმა მოქალაქემ უნდა წარადგინოს სერვისების განვითარების სააგენტოში, საზოგადოებრივ ცენტრებში ან იუსტიციის სახლებში, საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ კი - საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში.

მოქალაქის მიერ შესაბამისი საბუთების ჩაბარების შემდეგ, სერვისების განვითარების სააგენტო გააუქმებს დაკარგულ (მოპარულ) პასპორტს, მისი გაუქმების შესახებ პერსონალური მონაცემების სტანდარტის დაცვით ინფორმაციას მიაწვდის ინტერპოლს და მოქალაქეზე გასცემს ახალ პასპორტს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system