თავში

სიცრუეა - "ონის კასკადი" ჰესების მშენებლობაზე განცხადებას ავრცელებს

სიცრუეა - "ონის კასკადი" ჰესების მშენებლობაზე განცხადებას ავრცელებს
სიცრუეა - ონის კასკადი ჰესების მშენებლობაზე განცხადებას ავრცელებს

ონის ჰესების კასკადთან დაკავშირებით მედიაში გასულ ინფორმაციას სს „ონი კასკადი“ განცხადებით პასუხობს.

სააქციო საზოგადოებაში აცხადებენ, რომ არც მათ და არც პროექტის ინვესტორ კომპანიებს ინფორმაციის გადასამოწმებლად და პოზიციის დასაფიქსირებლად არავინ დაკავშირებია.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ 2020 წლის 10 მაისს, გადაცემა „Post Factum”-სა და „მთავარ აქცენტებში“ გასულ სიუჟეტს, „ონის ჰესების კასკადის“ პროექტთან დაკავშირებით: პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ სიუჟეტის ეთერში გასვლამდე ტელეკომპანია „მთავარი არხი“ არ დაკავშირებია არც პროექტის განმახორციელებელ კომპანია სს „ონი კასკადს“ და არც პროექტის ინვესტორ კომპანიებს ინფორმაციის გადასამოწმებლად და პოზიციის დასაფიქსირებლად. შესაბამისად, სიუჟეტი მოიცავს ძალიან ბევრ უზუსტობას და ხშირ შემთხვევაში არაერთ სიცრუეს პროექტის გარემოზე ზემოქმედებისა თუ საფრთხეების შესახებ. ასევე, სიუჟეტში არ იქნა აღნიშნული პროექტის ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი მხარეები და ის სარგებელი, რასაც პროექტი სთავაზობს ადგილობრივ მოსახლეობას და სრულიად საქართველოს.
ქვემოთ მოკლედ არის ჩამოთვლილი ის ძირითადი არაზუსტი და ცრუ ინფორმაცია, რაც გავრცელდა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეშვეობით „ონის ჰესების კასკადის“ პროექტთან დაკავშირებით:

სიცრუეა, რომ პანდემიის დროს გაიცა მშენებლობის ნებართვა. პროექტზე მშენებლობის ნებართვა ჯერ გაცემული არ არის. 2020 წლის 17 მარტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოსცა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, რაც არის მშენებლობის ნებართვის პროცედურის ერთ-ერთი ნაწილი. მშენებლობის ნებართვის მიღებამდე დარჩენილია კიდევ რიგი პროცესების გავლა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სიცრუეა, რომ პროექტზე არ ყოფილა ჩატარებული საჯარო განხილვა. გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაცია პირველად სამინისტროს წარედგინა 2017 წლის დეკემბერში, ხოლო ოფიციალური საჯარო განხილვა ჩატარდა 2018 წლის 19 თებერვალს, რასაც დაესწრო 200-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლე და მედიის წარმომადგენელი. აქედან დაწყებული 2 წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში, აქტიურად მიმდინარეობდა კომუნიკაცია, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან, ასევე პროექტში ჩართულ სხვადასხვა მხარესთან. ამ ხნის მანძილზე დამუშავდა ასეულობით დოკუმენტი, გათვალისწინებულ იქნა უამრავი შენიშვნა და არაერთი შეხვედრა წარიმართა პროექტში ჩართულ ექსპერტებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილების მიღების ვადა, კანონის მიხედვით, იწურებოდა 2020 წლის 18 მარტს. სახელმწიფოსა და კომპანიის მხრიდან მოხდა კანონით მინიჭებული ვადის მაქსიმალურად გამოყენება, იმისთვის რომ სრულფასოვნად შესწავლილიყო პროექტი და ყველა შენიშვნის გათვალისწინება მაქსიმალურად მომხდარიყო. შესაბამისად, მიუღებელია ის მოსაზრება, რომ თითქოს პროექტი ამ ხნის მანძილზე თაროზე იყო შემოდებული და პანდემიის დადგომას ველოდებოდით ამდენი ხანი.

სიცრუეა ის, რომ თითქოს იჩეხება 25 ჰა ტყე და ნადგურდება ადგილობრივი ეკოსისტემა. პროექტის ფარგლებში იჭრება მხოლოდ 1,064 მ³ მერქნული რესურსი, რომელიც ძირითადად მოიცავს მდინარე რიონის ხეობაში და ჭალებში არსებულ მცენარეებს (მაგ. თხმელა), რასაც მდ. რიონი ადიდების დროს ისედაც აზიანებს. ასევე, ცნობისთვის, ონის რაიონში წელიწადში იჭრება დაახლოებით 5,000-მდე მ³ ხე გათბობის მიზნით.

სიცრუეა, რომ თითქოს გვირაბები გადის სოფლების თავზე და ხდება მთების აფეთქება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პროექტის ფარგლებში იგეგმება გვირაბების 97%-ის გაყვანა მსოფლიოში აპრობირებული და საქართველოში არაერთხელ გამოცდილი გვირაბგამყვანი მანქანით (TBM) დასახლებული პუნქტებიდან საშუალოდ 2 კმ-ის მოშორებით, რომელიც არ გულისხმობს აფეთქებას და ვიბრაციას.

სიცრუეა, რომ თითქოს პროექტი არ ითვალისწინებს რეგიონის მაღალ სეისმურობას და მიწისძვრის შემთხვევაში საფრთხე ემუქრება ადგილობრივ მოსახლეობას. პროექტი ცალსახად გათვლილია მაღალ სეისმურობაზე. გაკეთებულია დეტალური სეისმური კვლევა წამყვანი ევროპული კომპანიის Studer Engineering GmbH მიერ და ამ კვლევაზე დაყრდნობით მომზადებულია დადებითი დასკვნა საქართველოში აკრედიტებული გეოფიზიკის ასოციაციის მიერ, სადაც ჩართულები იყვნენ წამყვანი პროფესორები. კვლევა თავისი დასკვნით ხელმისაწვდომი იყო და არის საჯაროდ, გზშ დოკუმენტის დანართის სახით. ეს დოკუმენტაცია ასევე შესწავლილია სახელმწიფოს მიერ. ასევე, სათავე ნაგებობასთან, 8 მეტრი სიმაღლის კაშხალში დაგროვილი წყალი ძალიან მცირეა (35,600 მ³) და ონს საფრთხეს საერთოდ არ უქმნის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი სეისმურობის ზონაში საქართველოში აშენებულია მრავალი მნიშვნელოვანი ჰესი (მაგალითად შაორი და ლაჯანური, თავიანთი წყალსაცავებით), თუმცა არცერთ ჰესს ზარალი არ მოუტანია, არც გარემოსთვის და არც ადგილობრივი მოსახლეობისთვის 1991 წელს მომხდარი მძლავრი მიწისძვრის დროს.

სიცრუეა, რომ რიონი დაშრება და ონი გადაიქცევა უდაბნოდ. საერთაშორისო და ადგილობრივი საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით მოხდება ორივე ჰესის სათავე ნაგებობასთან მდინარე რიონიდან წყლის ნაწილის აღება. დარჩენილ წყალს ასევე ემატება რიონის უამრავი შენაკადის ჰიდრო რესურსი, რაც საერთო ჯამში საკმარისზე მეტია წყალმცირობის პერიოდში (ზამთარი) ადგილობრივი ფლორის და ფაუნის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის. ხოლო, წყალუხვობის პერიოდში (გაზაფხული-შემოდგომა), ჰესის მიერ აღებული წყალი თითქმის შეუმჩნეველიც კი იქნება იმდენად ბევრი წყალი მოდის ბუნებრივად მდინარეში.

სიცრუეა, რომ პროექტის გეოლოგია მხოლოდ აეროფოტოს გადაღების საშუალებით გაკეთდა და პროექტი უარყოფითად იმოქმედებს აქტიურ მეწყრულ უბნებზე. პროექტის დამუშავების დროს სამჯერ ჩატარდა დეტალური გეოლოგიური კვლევები, გაიბურღა ყველა მნიშვნელოვანი ადგილი და გაკეთდა ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა. შესწავლილი იქნა პროექტის გავლენის ზონაში არსებული ყველა მეწყრული უბანი და დადგენილ იქნა, რომ პროექტის განხორციელება გამორიცხავს რაიმე სახის უარყოფით გავლენას გეოლოგიურ პროცესებზე. არსებული პროექტის დამუშავება მინდინარეობდა თითქმის 5 წლის მანძილზე. აღნიშნული კვლევები მუდმივად საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო საჯარო განხილვის პერიოდში. თუმცა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეგვიძლია დამატებით მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია.

სიცრუეა, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, განადგურდება უწერის მინიერალური წყალი. ჩატარებული ჰიდროგეოლოგიური კვლევების საფუძველზე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ონი 1 ჰესის გვირაბი სოფ. უწერიდან დაშორებულია 2.4 კმ-ით, მინიმუმამდეა დაყვანილი მინერალურ წყლებზე პროექტის უარყოფითი ზემოქმედება. შესწავლილია და აღრიცხულია ყველა მინერალური თუ სასმელი წყლის გამოვლინება. მშენებლობის და ოპერირების დროს მოხდება მინერალური და სასმელი წყლების დეტალური მონიტორინგი, რომელსაც ასევე მკაცრად გააკონტროლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. შესაბამისად, მინერალური წყლების დაკარგვის საფრთხე პრაქტიკულად გამორიცხულია.

სიცრუეა, რომ პროექტის გამო მოხდა ონის დაცული ტერიტორიების საზღვრების კორექტირება. ონის ჰესების კასკადის პროექტის გავლენის ზონაში არასდროს ყოფილა დაცული ტერიტორიები. უახლოესი დაცული ტერიტორია (ე.წ. ზურმუხტის ქსელი) პროექტიდან დაშორებულია რამდენიმე კილომეტრით.
ზემოთ მოყვანილი არგუმენტების და მხილებების დასამტკიცებლად ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შეგვიძლია წარვუდგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ასევე გვსურს გამოვეხმაუროთ „მთავარი არხის“ მიერ გაჟღერებულ სხვა მცდარ ინფორმაციას და მათ მიკერძოებულ დამოკიდებულებას ონის კასკადის პროექტთან და ზოგადად ქვეყანაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით:

ერთი მხრივ „მთავარი არხის“ მეშვეობით, ვხედავთ, არაერთ სიუჟეტს, სადაც აღწერილია თუ როგორი დამოკიდებულები ვართ ელექტროენერგიის იმპორტზე რუსეთიდან და მეორე მხრივ, ისინი ცილისმწამებლური და გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ცდილობენ ჩირქი მოცხონ ჰესების მშენებელ კომპანიებს და ხალხი შეიყვანონ შეცდომაში, როგორც ეს ამ ბოლო დღეების მანძილზე დავინახეთ და ადრეც არაერთხელ გვინახავს.
ყველაზე სამწუხარო და გასაკვირი ის არის, რომ ვითომ „ექსპერტები“, ვინც მუდმივად უსაფუძვლოდ აკრიტიკებენ ჰესების მშენებლობას, ზუსტად ის ხალხია, ვინც რუსეთის ენერგოდამოკიდებულებაზე ხელებს ითბობენ და მათი პირდაპირი ინტერესია მაქსიმაურად შეჩერდეს ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგერესურსის გამოყენება. სხვანაირად აბა როგორ უნდა ავხსნათ ის ფაქტი, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ყველა ჰესის პროექტს, უკლებლივ, განურჩევლად სიმძლავრისა, გარემოზე ზემოქმედებისა და სარგებელისა. ეს ის „ექსპერტები“ არიან, ვისი აზრიც მხოლოდ ეხლა გახდა მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი „მთავარი არხისთვის“, მაშინ როდესაც 2010-2011 წლებში მიუხედავად ამ „ექსპერტების“ არანაკლები გაშმაგებული პროტესტისა, მათი შეხედულება ყოველთვის უგულვებელყოფილი იყო. ეს ის „ექსპერტები“ არიან, რომლებსაც 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არცერთხელ ოფიციალურად არ მოუმართავთ ჩვენთვის, არც შენიშვნით და არც თუნდაც კითხვით. უსამართლო იქნება, რომ ესენიც ექსპერტებდად მივიჩნიოთ და ის ათეულობით ნამდვილად გამოცდილი პროფესიონალი, რომლებიც ონის ჰესების კასკადის პროექტის დამუშავებაში და შესწავლაში იღებდა ამ ხნის მანძილზე აქტიურ მონაწილეობას.

სხვათაშორის, უნდა აღინიშნოს, რომ შპს „ფერი“ (სს „ონის კასკადის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კომპანია) 2012 წელს, წინა მთვრობის პერიოდში, დაჯილდოვდა საუკეთესო კომპანიის ტიტულით ქვეყანაში ჰესების მშენებლობაში გაწეული მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ასევე, დარიალი ჰესისთვის მაშინდელმა მთავრობამ 300 ჰა მიწის ნაკვეთი დაცული ტერიტორიებიდან ამოიღო და 1 ლარად გადასცა კომპანიას ჰესის მშენებლობისთვის, რაც ძალიან სწორი პრეცედენტია. იმ დროს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (ეხლანდელი „მთავარი არხი“) ტაშით ხვდებოდა ასეთ ახალ ამბებს და მათ პოზიტიურ სიუჟეტებს უძღვნიდა. ეს მხოლოდ ეხლა გახდა ჰესები ქვეყნის დამაქცევარი და დამანგრეველი. ინფორმაციისთვის, დარიალი ჰესი სწორედ ის პროექტია, სადაც ამ პანდემიის დროს მსოფლიოში უმსხვილესმა, ენერგოგიგანტმა, იაპონურმა კომპანია TEPCO-მ იყიდა წილი და ასეთ დროს, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს საზღვარზე, ქვეყანაში განახორციელა პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. „დარიალი ჰესის“ მშენებლობაში კომპანია Robbins-ის მიერ, ამერიკის საელჩოს აქტიური ჩართულობით, თავის დროზე ჩაიდო ყველაზე დიდი მოცულობის ამერიკული ინვესტიცია საქართველოში.
„მთავარი არხის“ სიუჟეტში გავრცელდა არასწორი ინფორამცია, რომ თითქოს შპს „ფერი“ ჰესებს ასევე აშენებს აჭარაში და სვანეთში. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ შპს „ფერის“ დღემდე არანაირი კავშირი არ აქვს არცერთი ჰესის პროექტთან ხსენებულ რეგიონებში.

ასევე, გვინდა ყველას მოვუწოდოთ თავი შეიკავონ ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ტარიფის თემით სპეკულირებისგან. ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ონის ჰესების კასკადის პროექტის საბოლოო ტარიფი, უახლოეს მომავალში, მშენებლობის ნებართვის პირობებთან ერთად გასაჯაროვდება.
განცხადების ბოლოს, გვსურს, აღვნიშნოთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ონის ჰესების პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განვითარებისთვის და ასევე ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის:

„ონის ჰესების კასკადის პროექტი“ მოიცავს ორ ჰესს: ონი 1 ჰესი და ონი 2 ჰესი. პროექტის ჯამური დადგმული სიმძლავრეა 206.1 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის დაგეგმილი საშუალო წლიური გამომუშავებაა 780 მლნ კვტ.სთ, რაც საქართველოს ელექტროენერგიის წლიური მოხმარების 6%-ზე მეტია. პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობაა $330 მილიონი აშშ დოლარი, რაც განსაკუთრებით დღევანდელ სიტუაციაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის.

„საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“ პროექტის 10% -იანი წილის მფლობელია, ხოლო 90%-იანი წილი კომპანიას, შპს „ფერის“ ეკუთვნის. პროექტის პოზიტიური გავლენა და სოციალ-ეკონომიკური სარგებელი:

  • ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელოვნად გაძლიერება;
    • ზამთრის პერიოდში რამდენიმე ასეული მილიონი კვტ.სთ-ით შემცირებული ელექტროენერგიის იმპორტი;
    • ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ყოველწლიურად გადახდილი ქონების გადასახადი, რაც შეადგენს განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობის 1%-ს. აღნიშნული გადასახადი მშენებლობის პერიოდში ყოველწლიურად გაიზრდება და ონის ჰესების კასკადის ექსპლუატაციაში გაშვებისას ყოველწლიური გადასახადი გაუტოლდება მინიმუმ 8 მილიონ ლარს (რაც 2-ჯერ მეტია მუნიციპალიტეტის დღევანდელ წლიურ ბიუჯეტზე);
  • მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე, ჯამურად, დასაქმებული 300-400 ადგილობრივი მოსახლე;
    • ჰესების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მუდმივად დასაქმებული 100-150 ადგილობრივი მოსახლე;
    • გაზრდილი მოთხოვნა ადგილობრივ საოჯახო ტიპის სასტუმროებზე;
    • გაზრდილი მოთხოვნა ადგილობრივ საკვებ და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე;
    • ონის მუნიციპალიტეტის გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა;
    • მნიშვნელოვანი სოციალური პროექტები ადგილობრივი მოსახლეობისთვის. კომპანიის მიერ ონში უკვე განხორციელდა 300,000 ლარამდე ღირებულების რამდენიმე სოციალური პროექტი (აშენდა 2 სპორტული მოედანი, მოწესრიგდა სოფლების სანიაღვრე არხები და ა.შ.). მშენებლობის პერიოდში, დაგეგმილია, ბევრად მეტი სოციალური პროექტის განხორციელება, რაც პირდაპირ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე.
    გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას და კეთილდღეობას“,
    - ნათქვამია განცხადბაში.
  • ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

    კატეგორიის სხვა ახალი ამბები

    ბოლო სიახლეები

    ბოლო სიახლეები



    orphus_system