თავში

რატომ გამოკითხეს არასრულწლოვანი, რომელმაც შემდეგ თვითმკვლელობა სცადა - შსს კომენტარს აკეთებს

რატომ გამოკითხეს არასრულწლოვანი, რომელმაც შემდეგ თვითმკვლელობა სცადა - შსს კომენტარს აკეთებს
რატომ გამოკითხეს არასრულწლოვანი, რომელმაც შემდეგ თვითმკვლელობა სცადა - შსს კომენტარს აკეთებს

არასრულწლოვანის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს აკეთებენ. report.ge-მ უწყებაში იმ საქმის დეტალების გარკვევა სცადა, რის გამოც საგამოძიებო უწყებამ 15 წლის ბიჭი გამოკითხა.

,,10 დეკემბერს 112“-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. 

თბილისში, „მწვანე სკოლის“ შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე. 

შეტყობინება 112- ში სკოლის უსაფრთხოების მენეჯერმა გააკეთა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები. სკოლის უსაფრთხოების მენეჯერი, ამავე სკოლის მოსწავლე. პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა. 

მეორე დღეს, 11 დეკემბერს, არასრულწლოვანი, დამატებითი გამოკითხვის მიზნით, მშობლის ინიციატივთ, მშობელთან ერთად კვლავ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა მოზრდმა უარი განაცხადა გამოკითხვაზე და დაახლოებით 40 წუთის შემდეგ მშობელთან ერთად დატოვა პოლიციის განყოფილება.

მშობლის გარეშე არასრულწლოვანის გამოკითხვა არც პირველ და არც მეორე დღეს არ მომხდარა. მოზარდის დედას პოლიციის განყოფილებაში პოლიციელების მიმართ პრეტენზია არ გამოუხატავს. 

მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით 11 დეკემბერს დიდუბე ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო. გენერალურ ინსპექციაში შეტყობინება 12 დეკემბერს შევიდა და პოლიციის თანამშრომელი ზეწოლაში დაადანაშაულეს. აღნიშნული შეტყობინება გენერალურმა ინსპექციამ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს გადასცა. 

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება", - განუცხადეს report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, დიღმის მასივში 15 წლის ბიჭმა თვითმკვლელობა სცადა. ის ერთ-ერთი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადახტა. მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, თვითმკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობა გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system