თავში

თბილისის ავტობუსებში მომსახურების წესები იცვლება

თბილისის ავტობუსებში მომსახურების წესები იცვლება
თბილისის ავტობუსებში მომსახურების წესები იცვლება

თბილისის ავტობუსებში გარკვეული მომსახურების წესები იცვლება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

კალაძის თქმით, მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და უსაფრთხოების დისტანციის დაცვა.

„საზოგადოებამ იცის, რომ ყოველდღიურად ხდება თბილისის მეტროს და ავტობუსების დეზინფექცია და მაქსიმალურად არის დაცული ჰიგიენის ნორმები. ასევე, ხვალიდან თბილისის ავტობუსებში შეიცვლება გარკვეული მომსახურების წესები. მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და უსაფრთხოების დისტანციის დაცვა. მოქალაქეები ისარგებლებენ ავტობუსის მხოლოდ უკანა კარებით და მძღოლთან უშუალო შეხებაში აღარ იქნებიან. ეს აუცილებელი ღონისძიებაა, ავტობუსის მძღოლების უსაფრთხოების დაცვისთვის და შესაბამისად მგზავრების უსაფრთხო მომსახურებისთვის“,- განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გარდა ამისა, ხვალიდან, დროებით შეჩერდება თბილისის სატრანსპორტო სამსახურის კონდუქტორების მუშაობა. კალაძის თქმით, ეს არ შეაფერხებს მათ სახელფასო ანაზღაურებას და ყველა ადამიანი უწყვეტად მიიღებს კუთვნილ სახელფასო თანხებს.

„თბილისის მერია, შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში მუშაობს ვირუსის გავრცელების საფრთხის პრევენციისთვის. თუმცა, ამ გამოწვევის დაძლევას სჭირდება, როგორც სახელმწიფოს გამართული მუშაობა, ისე საზოგადოების კონსოლიდაცია, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დისციპლინა. ქართველებს არაერთხელ დაგვიმტკიცებია, რომ მძიმე მომენტებში შეგვიძლია გაერთიანება და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენა. ამ სიტუაციაში კი, რაც ასევე განსაკუთრებულად მოგვეთხოვება თითოეულ ჩვენგანს, ეს დისციპლინა, თანმიმდევრულობა და რეკომენდაციების ზედმიწევნით გათვალისწინებაა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენ თანამოქალაქეებს, მოერიდოთ სახალხო თავშეყრის ადგილებს, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ქალაქში გადაადგილებას, დაიცვათ რეკომენდაციები და სახელმწიფო, მათ შორის მუნიციპალური სერვისებით ისარგებლოთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. გისურვებთ ჯანმრთელობას“,- განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, ხვალიდან მიკროავტობუსების მომსახურება დროებით ჩერდება.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system