თავში

თენგიზ ცერცვაძე კვლევის შედეგებს აქვეყნებს

თენგიზ ცერცვაძე კვლევის შედეგებს აქვეყნებს
თენგიზ ცერცვაძე კვლევის შედეგებს აქვეყნებს

თბილისის შიდსის და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, თბილისის ზრდასრული მოსახლეობის მესამედს კორონავირუსი გადატანილი აქვს. 

"ჩვენ შევისწავლეთ COVID-19-ის გამოუვლენელი შემთხვევების პრევალენტობა (გავრცელება) ქ. თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში, სისხლში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრის გზით, რომელიც წარმოდგენას გვაძლევს, თუ მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი COVID-19 ისე, რომ თვითონ ამის შესახებ არ იცის და აქვს COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიტეტი.

ეს მონაცემები შევადარეთ COVID გადატანილი (ლაბორატორიულად დადასტურებული) პაციენტების რაოდენობას.

კვლევა ჩატარდა ა.წ. მარტში. კვლევაში მონაწილეობდა 903 პირი ქ. თბილისის ყველა რაიონიდან, რომელთაც არ ჰქონდათ გადატანილი დადასტურებული COVID-19. მიღებული შედეგები გადაანგარიშებულ იქნა ქ. თბილისის მთელ მოსახლეობაზე. კვლევის შედეგებმა გვიჩვენა შემდეგი:

ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობა შეადგენს 859 ათას პირს. მათგან ოფიციალური მონაცემებით ლაბორატორიულად დადასტურებული COVID-19 ა.წ. 10 მარტისთვის გადატანილი ჰქონდა 100 641 პირს, რაც შეადგენს ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის საერთო რაოდენობის 11,7%-ს.

ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულები გამოვლენილ იქნა 204 520 პირში (გამოუვლენლად გადატანილი COVID-19), რაც შეადგენს ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის საერთო რაოდენობის 23,8%-ს. შესაბამისად გამოუვლენელი COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 2-ჯერ აღემატება გამოვლენილი (ლაბორატორიულად დადასტურებული) შემთხვევების რაოდენობას.

ჯამში ა.წ. 10 მარტისთვის COVID-19 გადატანილი ჰქონდა (ვინც იცოდა და ვინც არ იცოდა) 305 161 პირს, რაც შეადგენს ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 35,5%-ს. ანუ, ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით მესამედს გადატანილი აქვს COVID-19 (მათგან 101 641 პირმა ამის შესახებ იცის, ხოლო 204 520-მა არ იცის). შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქ. თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში ე.წ. იმუნური ფენა შეადგენს ამ მოსახლეობის დაახლოებით მესამედს (გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა COVID-19 გადატანილს შესაძლოა არ ჰქონდეს COVID-19-ის საწინააღდმეგო ანტისხეულები).

ანალოგიური კვლევა ქ. თბილისის მასშტაბით ჩვენ ადრეც ორჯერ გვაქვს ჩატარებული - 2020 წლის მაისში და 2020 წლის ნოემბერში. მაშინ კვლევის შედეგები ასეთი იყო: 2020 წლის მაისში გამოუვლენელი COVID-19 გადატანილი პირების რაოდენობა შეადგენდა ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 1%-ს, ხოლო 2020 წლის ნოემბერში - 9.1%-ს" - წერს ცერცვაძე სოციალურ ქსელში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system