
ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცენარეული მედიკამენტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ექიმი წერს, კვლევებმა აჩვენა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ,,ვალერიანის" გამოყენება უსაფრთხოა.
უფრო ხანგრძლივმა გამოყენებამ კი, შესაძლოა, გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს.
,,Valerian (ვალერიანი) - საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცენარეული "პრეპარატი" (მაგალითად კორსიზში შედის).
ვალერიანის შესახებ მწარმოებლები ირწმუნებიან თითქოს დადასტურებულია შემდეგი - მას აქვს სედატიური (ძილის) და ანქსიოლიტიური (შფოთი, მღელვარების შეჩერების) ეფექტები, თუმცა მეტა-ანალიზმა და კოქრეინის სისტემურმა მიმოხილვამ ეს ვერ დაადასტურეს.
ასევე სხვადასხვა ვებ-საიტებზე შეიძლება ამოვიკითხოთ, რომ ვალერიანი ეფექტურია კანკალის, ეპილეფსიის, ყურადღების დეფიციტი-ჰიპერაქტიურობის დარღვევის, რევმატოიდული ტკივილის, კუნთის სპაზმის, მენსტრუაციული ტკივილის, წყლულების და ჰიპერტენზიის სამკურნალოდ.
მოქმედების მექანიზმი - უცნობია
ეფექტურობა - 11 რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევის მეტა ანალიზმა ვერ აჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავება ვალერიანის ეფექტურობის შესახებ უძილობის დროს პლაცებოსთან შედარებით. ასევე არასაკმარისი მონაცემებია სხვა ეფექტების დასადასტურებლად.
გვერდითი ეფექტები: კვლევებში ვალერიანის გამოყენებამ, რომელიც გრძელდებოდა <28 დღეზე აჩვენა, რომ ის უსაფრთხოა. უფრო ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბენზოდიაზეპინის მსგავსი აბსტინენციის პასუხი. ასევე ხანგრძლივი მოხმარებისას დაფიქსირებულია რამოდენიმე ჰეპატოტოქსიურობის შემთხვევა", - წერს ზაზა თელია სოციალურ ქსელში.