თავში

ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა "TV პირველი" დატოვეს

ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა "TV პირველი" დატოვეს
ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა TV პირველი დატოვეს

ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა TV პირველი დატოვეს. ამის შესახებ განცხადება მათ გადაცემა "პოლიტმეტრის" დასასრულს გააკეთეს.

" ეს იყო "პოლიტმეტრის" ბოლო გადაცემა "TV პირველზე".  როდესაც პირველად ამ შენობაში შემოვედი, მაშინ "TV პირველი" არც არსებობდა, მაშინ ეს არხი ჯერ კიდევ სრპოტული იყო. აქ გავატარე ჩემი ცხოვრების 5 წელი, ამდენი არცერთ ტელევიზიაში არ მიმუშავია და ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი. აქ ჩვენ, ყველამ ერთად შევქმენით საინტერესო სივრცე და გარემო. ვიყავით გავლენების მიღმა, მოვლენების შუაგულში. მედია სტანდარტი, ეს იყო ნიშა, რომლითაც "TV პირველმა" საკუთარი თავი იპოვა და დაიმკვიდრა. 

შენებას დიდი ხანი უნდა, ნგრევას ერთი დღე ჰყოფნის, ნდობას მოპოვება უნდა, დაკარგვა ადვილია - ეს სულ გვახსოვდა ამ წლების განმავლობაში, როცა სხვებთან ერთად აქ ვმუშაობდით მთელი 5 წელი, და ამ პრინციპებთ ვმუშაობდით სწორედ. რა და როგორ გამოგვდიოდა, ეს თქვენი შესაფასებელია, ახლაც და მომავალშიც. თანამშრომლობის რესურსი კი, როგორც აღმოჩნდა, ამოწურულია, კერძო არხსაც, ბუნებრივია, აქვს უფლება ისე გააგრძელოს მუშაობა, როგორც მიაჩნია საჭიროდ, ჩვენც ვიყენებთ უფლებას, მივიღოთ ეს გადაწყვეტილება" - განაცხადა ვახო სანაიამ. 

მისი თქმით, ტელევიზიას ტოვებს გადაცემის სარედაქციო შემადგენლობა -  პროდიუსერები და ჟურნალისტები.

ნინო ჟიჟილაშვილის თქმით, მათ ტელეკომპანიაში ბევრი რამ აღარ მოსწონთ, თუმცა ვერაფერს ცვლიან. ჟურნალისტის განცხადებით, გადაცემა "პოლიტმეტრის" ხილვას მაყურებელი კვლავ შეძლებს სხვა არხზე. 

"პოლიტმეტრი" დღეს ამით ასრულებს მუშაობას. მიზეზი არხის განვითარების პროცესია. ჩვენი ხედვები აღარ ემთხვევა არხის მენეჯმენტის ხედვებს. ამ წასვლას არ ახლავს თან პერსონალური საკითხები. აქ საუბარია მხოლოდ საქმეზე და ფუნდამენტურ განსხვავებებზე. "TV პირველზე" ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ მხოლოდ ჟურნალისტები. არხის ეთერში გასვლის დღიდან ჩართულნი ვიყავით თითოეულ გადაწყვეტილებაში, რაც აქ მიიღებოდა და ხდებოდა, მათ შორის სახელისუფლებო შეტევების მოგერიებაში, რაც საკმარისად იყო. ჩვენ ამ არხზე თითოეულ ნაბიჯზე ვიღებდით პასუხისმგებლობას, რაც ახლა აღარ გამოგვდის. უბრალოდ, მარტივად და გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ არ მოგვწონს ის, რაც ჟურნალისტური სტანდარტის, გემოვნების და ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით "TV პირველზე" ხდება. არ მოგვწონს და ვერც ვერაფერს ვცვლით. მოკლედ, დღეს, 5 წლის თავზე ჩვენი გზები იყოფა. და რა თქმა უნდა მადლობა მადლობა ეკუთვნის ყველას, ვინც ეს არხი შექმნა და მოგვცა გავლენების და ყოველგვარი ჩარევის მიღმა, ამ წუთამდე, მუშაობის უფლება. პირველ რიგში, ამ არხის დამფუძნებელს, ვატო წერეთელს. მადლობა თითოეულ ჩვენს კოლეგას, მეგობრებს, რომლებიც ახლა, ამ სტუდიაში კამერებს უკან არიან, სააპარატოში არიან, ნიუსრუმში არიან, შენობაში არიან, დიღმის სტუდიაში მუშაობენ. ვისთან ერთადაც ჩვენ 5 წელი ვიმუშავეთ. მადლობა მათ და მადლობა თქვენ - მაყურებელს, ჩვენ მიმართ ლოიალურებსაც და კრიტიკულებსაც. იმედი გვაქვს, რომ თუკი დაინტერესდებით "პოლიტმეტრს" მოძებნით, ამას აუცილებლად შეძლებთ. პულტზე აუცილებლად გვიპოვით სადმე. თუ სად, ამას შეგატყობინებთ მალე" - განაცხადა ნინო ჟიჟილაშვილმა. 

ვახო სანაიას და ნინო ჟიჟილაშვილის წასვლის შესახებ ინფორმაცია, მას შემდეგ ვრცელდებოდა, რაც ამ არხზე „მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი, ნოდარ მელაძე დაინიშნა მთავარ პროდიუსერად. მელაძის მისვლამდე საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჟიჟილაშვილი იყო, რომელმაც აღნიშნულ პოზიციაზე უარი არხზე მელაძის მისვლის შემდეგ განაცხადა. 

ჟიჟილაშვილსა და სანაიას გადაცემა კვირაში სამჯერ, ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მიჰყავდათ. ჟიჟილაშვილიც და სანაიაც „TV პირველზე" 5 წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system