თავში

"ზოგს ალბათ არ სჯერა, მაგრამ ძალიან მძიმე დარტყმაა..." - მაია ბუწაშვილი

"ზოგს ალბათ არ სჯერა, მაგრამ ძალიან მძიმე დარტყმაა..." - მაია ბუწაშვილი
ზოგს ალბათ არ სჯერა, მაგრამ ძალიან მძიმე დარტყმაა... - მაია ბუწაშვილი

ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი გასულ წელს აჯამებს და საზოგადოებას შობა-ახალ წელს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ულოცავს:

"გილოცავთ დამდეგ შობას და ახალ 2022 წელს. 2021 წელი უკვე წარსულს ჩაბარდა და წასულებზე ცუდს არ ამბობენო, უთქვამთ.

თუმცა გვერდს ვერ ავუვლით იმის ხსენებას, რომ ეს წელი კოვიდის გამო ძალიან ბევრისთვის იყო ცრემლიანი, ახლობელი ადამიანის დაკარგვის გამო.

ხშირად ცრემლიანი იყო ექიმებისთვისაც. 

ზოგს ალბათ არ სჯერა, მაგრამ თითოეული დაკარგული სიცოცხლე ექიმების უმრავლესობისთვის ძალიან მძიმე დარტყმაა.

სამწუხაროდ, ექიმების ბრძოლა ბევრჯერ მთავრდებოდა მარცხით. 

სწორი მკურნალობაც და შეცდომებიც ბევრი იყო და გულდაწყვეტილი და განაწყენებული პაციენტებიც, მაგრამ როცა ექიმებზე ვბრაზდებით, ისიც უნდა გაგვახსენდეს, რომ მათ ამ უხილაც მტერთან საბრძოლველად ფაქტიურად ფრონტის წინა ხაზზე ხშირად სრულიად მოუმზადებლებს მოუხდათ შესვლა.

ჩვენი კოლეგებისთვის ბევრი სიხარულიც იყო გამოჯანმრთელებული პაციენტების ღიმილით და მადლობით გამოწვეული.

მადლობა ეკუთვნით 2021 წელს გაწეული შრომისთვის ეპიდემიოლოგებს და ლაბორანტებსაც. 

მათი საქმიანობა შედარებით ჩრდილშია და ალბათ ნაკლებად დაფასებული, ვიდრე ექიმების და ექთნების, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი. 

ბევრი დაპირისპირების წელიც იყო. რობოტები არ ვართ და ერთ აზრზე ვერასოდეს ვიქნებით (და არც უნდა ვიყოთ), მაგრამ იმედია 2022 წელი მაინც გახდება კონსტრუქციული დებატების და ჯანსაღი კამათის და არა განსხვავებული აზრის მქონეებს შორის ჩხუბის და შეურაცხყოფის წელი (რითაც 2021 წელი ნამდვილად აღსანიშნავი იყო). 

იმედია, ამ ქვეყანაში არც 2022 წელს და არც აღარასოდეს ვნახავთ დასახიჩრებულ ჟურნალისტებს თუ სხვა ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლებს; 

არ იქნება ამდენი ძალადობა, არ მოკლავენ ახალგაზრდებს, ოჯახურ ძალადობას არ შეეწირებიან ქალები... ბევრ ოჯახს ახალი სიცოცხლე შეემატა. 

ვულოცავ მათ და ისეთ საქართველოში ცხოვრებას ვუსურვებ, სადაც ერთხელ და სამუდამოდ აღარ გაისმება გულსაკლავი სიტყვები: "აღარ მინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება". 

იმედია საზღვარგარეთ მხოლოდ ტურისტებად ან სასწავლებლად მოუწევთ წასვლა, ოღონდ აუცილებლად მოუნდებათ უკან დაბრუნება. და რაც განსაკუთრებით გვინდა ყველას, იქნებ ოდესმე აქედან სამკურნალოდ აღარ მოუწიოთ ადამიანებს უცხოეთის კლინიკებში წასვლა.

ვულოცავ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს, უსამართლოდ რომ ეუბნებიან ხოლმე, თქვენ რა გენაღვლებათ, აქ მაინც არ ხართო. კი, ენაღვლებათ და ზოგჯერ შორიდან უფრო მწვავედაც განიცდიან აქაურ მოვლენებს. რომ არ ენაღვლებოდეთ, ამხელა დროს და ენერგიას არ ჩადებდნენ (სრულიად უანგაროდ) აქ მყოფების დასახმარებლად. ეს განსაკუთრებით ექიმებს ეხებათ, რომლებიც, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, უზარმაზარ დახმარებას უწევენ ქართველ პაციენტებს დისტანციურად და ამას დანახვა და მადლობის გადახდა ჭირდება.

გისურვებთ, 2022 წელი წინსვლის, ჯანმრთელობის, პანდემიის დასრულების და დასახული მიზნების მაქსიმალურად შესრულების წელი ყოფილიყოს", - წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system