თავში

ზურაბ გურული: ვიცი, გაითვალისწინებთ

ზურაბ გურული: ვიცი, გაითვალისწინებთ
ზურაბ გურული: ვიცი, გაითვალისწინებთ

ამერიკაში მომუშავე ქართველმა ექიმებმა – ნანა გეგეჭკორმა და ზურაბ გურულმა კორონავირუსის არაფორმალური გზამკვლევი შეიმუშავეს, რომელიც ვირუსის მართვის შესახებ ვრცელ ინფორმაციას იძლევა. 

ამჯერად, ექიმი ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში, კოვიდიან კრიტიკულ პაციენტებში შოკის მართვის გზებზე წერს და კოლეგებს მიმართავს.

,,კოვიდიან კრიტიკულ პაციენტებში ძალიან ხშირია შოკის მოულოდნელი განვითარება. შოკის მექანიზმი ე.წ. დისტრიბუციული კოლაფსია, რაც გამოწვეულია ან თავად ვირუსის ტოქსიკური ზემოქმედებით, ან თანდართული ბაქტერიული პროცესით. ცხადია, ბაქტერიული მექანიზმი დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე ნაკლებ მოსალოდნელია. კოვიდი შოკს განაპირობებს იმუნურ სისტემაზე მკვეთრი ზემოქმედებითა და ციტოკინების მასიური გამოყოფით.

ამ დროს ვაზომოტორული ტონი ძალიან სწრაფად ქრება და შოკიც შესაბამისად დიდი სისწრაფით ვითარდება.

გამოცდილმა რეანიმატოლოგებმა კარგად იციან შოკის მართვის კლასიკური ხერხები. მაინც გავიმეოროთ:

1. ნორეპინეფრინი (ნორადრენალინი) - პირველად ეს პრეპარატი.

2. თუ ნორეპინეფრინი არ „მუშაობს“, მაშინ ეპინეფრინი (ადრენალინი), ან ვაზოპრესინი. ლიტერატურაში მითითებულია, რომ ამ ორი პრეპარატიდან იყენებთ იმას, რომელზეც ხელი მიგიწვდებათ. ჩემს პირად კლინიკურიგამოცდილებაზე დაყრდნობით ვაზოპრესინი უფრო კარგად მუშაობს.

3. დოპამინი არ უნდა (SHOULD NOT!) იქნეს გამოყენებული კოვიდიან პაციენტებში; არც იმ შემთხვევებში, თუ ნორადრენალინი არ გაქვთ.

4. თუ მარტო ნორადრენალინი არ „მუშაობს“, დაუმატეთ ვაზოპრესინი.

ვაზოპრესინი მოქმედებს კატექოლამინებისაგან განსხვავებული მექანიზმით. ამასთან, კატექოლამინებს აქვთ პრო-ანთებითი და პრო-არითმოგენული მექანიზმები; შესაბამისად, ვაზოპრესინი ამ მხრივაც კარგი „იარაღია“ რეფრაქტერული შოკის დროს და თანაც ე.წ. „დამზოგავ ეფექტს“ იძლევა კატექოლამინების დოზის სწრაფი მაქსიმიზაციის ობიექტური საჭიროებისას.

P.S. ვაზოპრესინი საკმაოდ იაფფასიანი პრეპარატია; 20-25 მლ-იანი ბოთლები ღირს დაახლოებით 60 $. ეს სტატუსი დაიწერა იმიტომ, რომ რეანიმაციის განყოფილებებს უნდა მიუწვდებოდეთ ხელი ამ პრეპარატზე და ვიცი გაითვალისწინებთ.

გმადლობთ!

P.P.S. სულ მალე მოვამზადებთ რეანიმაციის „გაიდლაინს“ მე და ნანა გეგეჭკორი", - წერს ზურაბ გურული სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ამერიკაში მომუშავე ქართველმა ექიმებმა – ნანა გეგეჭკორმა და ზურაბ გურულმა კორონავირუსის არაფორმალური გზამკვლევი შეიმუშავეს, რომელიც ვირუსის მართვის შესახებ ვრცელ ინფორმაციას იძლევა. გზამკვლევის სრული ვერსია იხილეთ ლინკზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system