თავში

ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდან გაიზარდა

ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდან გაიზარდა
ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდან გაიზარდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისში აზერბაიჯანიდან საქართველოში გადმოირიცხა 4.73 მილიონი დოლარი, რაც წლიურ ჭრილში ამ მაჩვენებლის 183.03%-იან ზრდაზე მიუთითებს. აზერბაიჯანიდან გზავნილები მთლიანი ფულადი გადმორიცხვების 2.79%-ია.

აზერბაიჯანი ერთადერთი ქვეყანაა, საიდანაც ფულადი გზავნილების წლიური ზრდის ტემპი ასე მაღალია. აზერბაიჯანის შემდეგ გადმორიცხვების წლიური ზრდის მაქსიმუმი დაფიქსირდა უკრაინის შემთხვევაში, საიდანაც მიმდინარე წლის ივნისში გადმოირიცხა 6.52 მილიონი დოლარი, რაც მთლიან ფულადი გზავნილების 3.85%-ია, ხოლო, წინა წელთან შედარებით, ამ ქვეყნიდან გადმორიცხული თანხა გაზრდილია 95.59%-ით.

სამეზობლოდან განხორციელებული ფულადი ტრანზაქციების მოცულობით და გზავნილების მთლიან სტრუქტურაშიც რუსეთი კვლავ ლიდერი რჩება მისი მთლიანი გზავნილების 19.25%-იანი წილით. ჩრდილოელი მეზობლისგან ივნისში საქართველომ მიიღო 32.57 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი, რაც, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 6.36%-იან კლებაზე მეტყველებს.

43.87%-ითაა გაზრდილი ივნისში თურქეთიდან გადმორიცხული თანხის ოდენობა, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით. წელს მეზობელი ქვეყნიდან საქათველოში გადმოირიცხა 10.88 მილიონი დოლარი, რაც მთლიანი ფულადი გზავნილების 6.43 %-ს უტოლდება.

21.23%-ით გაიზარდა სომხეთიდან გადმორიცხული თანხის ოდენობა. მეზობელი ქვეყნიდან ივნისში გადმორიცხულია 1.10 მილიონი დოლარი, რითაც ის გზავნილების მთლიან მოცულობაში 0.65%-იანი წილით ბოლო პოზიციაზეა ფულადი გზავნილების უმსხილეს 18 ქვეყანას შორის.

ცნობისთვის, 2020 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 169.2 მლნ აშშ დოლარი (514.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 17.8%-ით (25.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system