თავში

მეწარმის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ახლებურად განისაზღვრა

მეწარმის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ახლებურად განისაზღვრა
მეწარმის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ახლებურად განისაზღვრა

"დამბინძურებელი იხდის, შესაბამისად, ის ბიზნეს სუბიექტები, რომლებიც შესაძლოა აბინძურებდნენ გარემოს, უნდა ფლობდნენ ფინანსურ გარანტიებს, რომ ასეთი ზიანის წარმოქმნის შემთხვევაში ჩატარდეს გამოსასწორებელი ღონისძიებები," - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

"გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონი მეწარმე სუბიექტებისთვის ახლებურად განსაზღვრავს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის საკითხებს, როგორც ეს ევროკავშირში არის დარეგულირებული. 

„ასევე გათვალისწინებულია გარემოსდაცვითი შესაბამისი პროგრამის შექმნა, რომელშიც აკუმულირდება თანხები, რაც ისტორიული ზიანის აღმოფხვრის დაფინანსების საშუალებას მოგვცემს. განსაზღვრულია პროცესი, თუ როგორ უნდა იმართებოდეს გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმების წარდგენა, მათ შორის საზოგადოების ჩართულობა და რომელი სუბიექტები მონაწილეობენ ამაში სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ არ ვართ ორიენტირებული მონეტარულ პასუხისმგებლობაზე, ჩვენი ამოცანაა, რომ თუ ეს შესაძლებელია, გარემოს ზიანის გამოსწორება პირვანდელი ფორმით მოხდეს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, დღეს მოქმედი კანონმდებლობა, მთლიანად აგებულია გარემოსთვის მიყენებული ზიანისათვის მონეტარულ პასუხისმგებლობაზე.

გარემოსთვის მიყენებული ზიანის სანაცვლოდ გადახდილი თანხა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში და მას არა აქვს განსაზღვრული მიზნობრიობა, მოხმარდეს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფს დაზიანებული გარემოს აღდგენას.

მოქმედი რეგულაციისგან განსხვავებით, ახალ კანონპროექტს შემოაქვს სრულიად ახალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მექანიზმი, რაც გულისხმობს ზიანის ანაზღაურებას არა თანხობრივად, არამედ ითვალისწინებს ზიანის შემცირება/აღმოფხვრის ღონისძიებების გატარებას. პირი, რომელმაც მიაყენა ზიანი გარემოს, თავად არის ვალდებული გასწიოს ხარჯი და გამოასწოროს ზიანის შედეგები.

კანონპროექტის მოქმედება და შემცირება/აღმოფხვრის ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება გავრცელდება გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის შემთხვევებზე, ხოლო უმნიშვნელო ზიანის შემთხვევაში, ოდენობის განსაზღვრა მოხდება „გარემოზე მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხები მიემართება სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე.

აღნიშნულ ანგარიშზე აკუმულირებული თანხები მოხმარდება დაზიანებული გარემოს აღდგენას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system