თავში

მსოფლიო ბანკი წელს ეკონომიკის 6%-იან ვარდნას, გაისად კი 4%-იან ზრდას პროგნოზირებს

ეკონომიკის 6%-იან ვარდნას, გაისად კი 4%-იან ზრდას პროგნოზირებს
მსოფლიო ბანკი წელს ეკონომიკის 6%-იან ვარდნას, გაისად კი 4%-იან ზრდას პროგნოზირებს

მსოფლიო ბანკმა "ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური ბიულეტენის 2020 წლის შემოდგომის გამოცემა“ გაასაჯაროვა, რომელშიც საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებული პროგნოზებიც არის მოცემული.

დოკუმენტი დღეს გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ რეგიონის განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდა 4.4 პროცენტით შემცირდება, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე მძიმე ეკონომიკურ ვარდნას წარმოადგენს.

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მატება 2021 წლიდან, 1.1-დან 3.3 პროცენტამდე დიაპაზონშია მოსალოდნელი. 

მსოფლიო ბანკი განმარტავს, რომ აღდგენის ტემპი დამოკიდებული იქნება კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ხანგრძლივობაზე, ვაქცინის ხელმისაწვდომობასა და განაწილებაზე, ასევე, გლობალური ვაჭრობისა და ინვესტიციების გაუმჯობესების ხარისხზე. 

"პანდემიის გაუარესების შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდა რეგიონში შესაძლოა მოსალოდნელზე სუსტი აღმოჩნდეს“, – აღნიშნულია მსოფლიო ბანკის ინფორმაციაში.

ბანკის ექსპერტების რეკომენდაციით, ქვეყნები ეკონომიკების პოსტპანდემიური მდგრადი აღდგენისთვის უნდა მოემზადონ.

„გამოწვევებით აღსავსე ასეთ რთულ პერიოდში ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა უშუალო კრიზისი უნდა დაძლიონ და პოსტპანდემიური მდგრადი აღდგენისთვის მოემზადონ. ეს ნიშნავს მართვის გაძლიერებას, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, ინოვაციის და ციფრული განვითარების განმტკიცებას. კრიტიკულად არსებითი იქნება მნიშვნელოვანი და მდგრადი ინვესტიცია ხარისხიან განათლებაში და ჯანდაცვაში“, – აღნიშნა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ანა ბიერდემ.

მსოფლიო ბანკის ცნობით, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესია 2020 წელს სიღარიბეს სავარაუდოდ რეგიონის ყველა ქვეყანაში გააღრმავებს.

ანგარიშის შეფასებების მიხედვით, დღეში 3.20 აშშ დოლარის ოდენობის სიღარიბის ზღვარის შემთხვევაში,სიღარიბეში დამატებით შესაძლოა 2.2 მილიონი ადამიანი აღმოჩნდეს, ხოლო დღეში 5.5 აშშ დოლარის ოდენობის სიღარიბის ზღვარის შემთხვევაში (რომელიც ჩვეულებრივ საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში გამოიყენება) კი ექვსი მილიონი ადამიანი.

"საქართველოში ეკონომიკის მკვეთრი ვარდნა შენელდა ფისკალური მხარდაჭერით, კრედიტების სტაბილური ზრდით და ფულადი გზავნილების აღდგენით. მიუხედავად ამისა, 2020 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სავარაუდოდ 6 პროცენტით შემცირდება, რაც ასახავს პანდემიის დასაწყისში მობილობაზე დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს, სამუშაო ადგილების შემცირებას, ისევე როგორც საერთაშორისო ტურიზმზე დაწესებულ შეზღუდვებს, რომელიც პანდემიამდე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რვა პროცენტს შეადგენდა. ზემოქმედება ასევე მწვავე იქნება სოციალური თვალსაზრისით, 2020 წელს საქართველოს დაახლოებით 160,000 მოქალაქე შეიძლება სიღარიბეში აღმოჩნდეს, ხოლო 400,000 ადამიანს შემოსავალი შეუმცირდეს. სავარაუდოდ, ეკონომიკის ზრდა 2021 წელს ოთხ პროცენტს მიაღწევს, რამდენადაც პანდემიასთან დაკავშირებული შოკები გაიფანტება და ტურიზმი აღდგენას დაიწყებს მომხმარებლებისა და ბიზნესის თავდაჯერებულობის მატებასთან ერთად“, – აცხადებენ მსოფლიო ბანკში.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ძალისხმევა COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის ეკონომიკური და სოციალური შედეგების დაძლევის მიმართ მტკიცეა და შესაძლებელი გახდა პანდემიამდე ეკონომიკის გონივრული მართვით, თუმცა გასაკეთებელი კვლავაც ბევრია სიღარიბის სავარაუდო ზრდაზე რეაგირების თვალსაზრისით. 

"მსოფლიო ბანკი ჩართული იყო COVID-19-ის მიმართ საქართველოს მთავრობის საპასუხო ღონისძიებებში ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებების მხარდაჭერის კუთხით. და ახლაც, კერძო სექტორისთვის დაგეგმილი დახმარებითა და ბიუჯეტის მიზნობრივი მხარდაჭერით, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში“, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system