თავში

8 და 15 თებერვლიდან საქართველოში შეზღუდვები იხსნება

8 და 15 თებერვლიდან საქართველოში შეზღუდვები იხსნება
8 და 15 თებერვლიდან საქართველოში შეზღუდვები იხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 8 და 15 თებერვლიდან საქართველოში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების გეგმის შესახებ ისაუბრა.

მისივე განმარტებით, შეზღუდვების შემსუბუქების შესაძლებლობას არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება იძლევა. 

პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა შეზღუდვების დაწესების შემდგომ წესები დაიცვან.

„რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ციფრები საკმაოდ იმედისმომცემია. ჩვენ ვთქვით, რომ შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქების საკითხი ფასდებოდა, იმ შემთხვევაში, თუ პოზიტიური დინამიკა იქნებოდა შენარჩუნებული. ინფიცირების და დადებითობის ყოველდღიური მაჩვენებელი უკვე ჩამოვიდა ოთხ პროცენტზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას თამამად, მაგრამ ფრთხილად გავაგრძელოთ შეზღუდვების შემსუბუქება. თუმცა, ყველას უნდა გვახსოვდეს ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ წესები დავიცვათ. არაგონივრული, სწრაფი შეზღუდვების მოხსნა არის პირდაპირი გზა ამ შეზღუდვების თავიდან დაწესების. ვიზრუნოთ ინფექციის მართვით მიღწეულ შედეგზე, რომ გაზაფხულის ბოლოს,ზაფხულის დასაწყისში კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი ეკონომიკას, ტურიზმს. 

მსჯელობის შედეგად, ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან ამოქმედდება მუნუციპალური ტრანსპორტი სრული მასშტაბით. 

გარდა ამისა, 8 თებერვლიდან ამოქმედდება ბაზრობები. 

ერთი კვირის შემდეგ, 15 თებერვლიდან ჩვენი შვილები გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახში. ეს გულისხმობს იმას, რომ თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ბავშვები სკოლაში, სასწავლო კლასებში გააგრძელებენ სწავლას, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი.

ასევე, 15-დან კვების ობიექტები, მათ შორის, რესტორნები შეძლებენ ამოქმედდნენ ღია სივრცეში. 

თუმცა, შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას. შემდგომი შემსუბუქება განხილული იქნება ერთი კვირის თავზე“, – განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system