თავში

ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს

ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს
ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე 2021 წელს აჯამებს.

გამყრელიძე, რომლის განცხადებასაც NCDC ავრცელებს, უპირსველეს ყოვლისა კოლეგებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ განვლილი 12 თვე გამოწვევებითა და სირთულეებით იყო სავსე. 

წერილში ის გარდაცვლილი კოლეგების გამო კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას და თანაგრძნობას უცხადებს მათ ოჯახებს. 

ამასთან, გამყრელიძე იმედს გამოთქვამს, რომ ახალ, 2022 წელს მედიცინაში ბევრი გარღვევა იქნება, რომელიც პანდემიას დაასრულებს. 

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს ვაქცინაციისკენ და აცხადებს, რომ პანდემიის დასრულების გზა, სწორედ იმუნიზაციაზე გადის. 

"ძვირფასო კოლეგებო,

ახლოვდება 2021 წლის დასასრული და სანამ ახალი 2022 წელი შემოვა, მინდა კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი გასულ 12 თვეს. საკმაოდ რთული წელი იყო, პანდემია გრძელდება ბევრი სიურპრიზითა და მუდმივად ახალი გამოწვევებით მთელი მსოფლიოსა და მათ შორის საქართველოსთვისაც. ბევრ ადამიანს შეექმნა სხვადასხვა სახის პრობლემა, თუმცა უმეტესად ჯანმრთელობასა და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული. COVID-19-ის გამო სამწუხაროდ იყო პატარა ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი ადამიანური დანაკარგი, მათ შორის ჩვენს კოლეგებშიც და მსურს ღრმა სამძიმარი და თანაგრძნობა გამოვუცხადო თითოეული გარდაცვლილის ოჯახს, ჩვენს ქვეყანასა და სამედიცინო საზოგადოებას.

გასული 12 თვის საქმიანობის შეჯამებით, მინდა თამამად ვთქვა, რომ ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რომ გამოწვევებისთვის გაეძლო და მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით ემსახურა ქვეყნის მოსახლეობისთვის. ჩვენ შევძელით ადაპტირება, კომპეტენციის ფარგლებში რთული საქმიანობის გაგრძელება და განვითარება. მსურს გამოვხატო მადლიერება და აღვნიშნო ჩვენი კოლექტივის, თითეული თქვენთაგანის შრომა, მონდომება და საქმისადმი ერთგულება, რისი მეშვეობითაც ცოდნა, გამოცდილება, რესურსები და დრო დაუთმეთ ჩვენზე დაკისრებული მისიის, ცენტრის ფუნქციების შესრულებას. მადლობა ერთობლივი მუშაობისა და 2021 წლის გამოწვევების გაზიარებისთვის. ასევე მადლობა თქვენი წვლილის შეტანისთვის COVID-პანდემიასთან ბრძოლის საქმეში. ეს ჩვენი ერთობლივი საქმეა და ყოველი მიღწევა თუ წარუმატებლობა ასევე საერთო და საზიაროა.

რეალობაა, რომ დამდეგ წელს მსოფლიო კვლავ პანდემიური რეჟიმით ხვდება. COVID-19-ის შესაძლო ახალი შტამები საფრთხეს უქმნიან მოსახლეობის ჯანმრთელობას, ამძიმებენ პანდემიის მიმდინარეობას და გარკვეულად აბრკოლებენ მისი დასრულებისთვის გაწეულ ძალისხმევას. პაციენტებს კიდევ უფრო შეზღუდული წვდომა აქვთ სამედიცინო სერვისებზე, მათ შორის ქრონიკული დაავადებების მქონეებს, როგორიცაა აივ, ტუბერკულოზი და კიბო. ჯანდაცვის სექტორის გარდა ბევრი გამოწვევა რჩება ეკონომიკის სფეროში, ისევე როგორც განათლების სექტორში და ჩვენი შვილები და შვილიშვილები აწყდებიან პრობლემებს, რომლებიც გავლენას მოახდენენ მათი მთელი ცხოვრების მანძილზე - რომ აღარაფერი ვთქვათ ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეებზე, რასაც ეს პანდემია უფრო მეტად ამძაფრებს. თუმცა ქვეყანა მუდმივად ცდილობს არსებულ გამოწვევებზე სწორ რეაგირებას. ჩვენი ცენტრი, დატვირთული წლის მიუხედავად, კვლავ მზადაა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს თავისი საქმიანობა და შეხვდეს ახალ გამოწვევებს. ჩვენ ყველამ ერთად 2022-ში უნდა ავცრათ ბევრად მეტი ადამიანი, შევასრულოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გლობალური ჯანმრთელობის მთავარი სამიზნეები, რამეთუ პანდემიის დასრულების მთავარი გზა გადის იმუნიზაციაზე. უნდა დავარწმუნოთ თითოეული მოქალაქე რომ ვიცრებით ერთმანეთისთვის, ვიცრებით ჩვენი ქვეყნისთვის - საქართველოსთვის, რათა მაქსიმალურად შევამციროთ კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობა და ავადობის ტვირთი საზოგადოებაზე. ეს მოხდება, თუ საზოგადოება იქნება სოლიდარული და ყველა, ვისაც ჯანმრთელობის მხრივ უკუჩვენება არ აქვს, აიცრება. მჯერა, 2022-ში მედიცინაში იქნება ახალი გარღვევები, მიღწევები, პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული წამლები, ახალი ვაქცინები, ახალი ტექნოლოგიები და მეცნიერების პროგრესი დაამარცხებს პანდემიას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ცენტრი კვლავ სერიოზულ როლს ითამაშებს ამ მოძრაობის/განვითარების პროცესში და ერთად გავიმარჯვებთ ჩვენი მოსახლეობის უკეთესი ჯანმრთელობისთვის.მალე დადგება ახალი 2022 წელი და ჩვენ, ჩვენი გუნდით კიდევ მეტი შესაძლებლობა გვაქვს, რათა აღმოიფხვრას COVID-19-ით გამოწვეული ხარვეზები, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში განხორციელდეს სისტემური გაუმჯობესება და გრძელვადიან პერსპექტივაში გადაიჭრას არსებული გამოწვევები, მათ შორის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის მდგრადობა და გაუმჯობესება და როგორც გადამდები, ასევე არაგადამდები დაავადებების კუთხით, ჯანმრთელობის რისკებზე რეაგირების შესაძლებლობის გაძლიერება. მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ და მოვახდენთ გავლენას არა მარტო პანდემიის მიმდინარეობაზე, არამედ ერთად დავძლევთ სხვა მრავალ გამოწვევას.დაე, დამდეგი 2022 წელი იყოს პანდემიის დასრულების, დიდი სოლიდარობის, თითოეული თქვენთაგანის უკეთესი ჯანმრთელობის, ბედნიერების, ბევრი სიხარულისა და გამარჯვებების მოტანის წელი ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში.

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და შობას! ღრმა პატივისცემითა და საუკეთესო საახალწლო სურვილებით" - ამირან გამყრელიძე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system