თავში

"ამნესტი ინტერნეიშენალი“ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვს

"ამნესტი ინტერნეიშენალი“ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვს
ამნესტი ინტერნეიშენალი“ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვს

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ რუსეთსა და დე ფაქტო ცხინვალს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია განცხადებაში ასევე საუბარია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე.

„9 ნოემბერს, რუსმა მესაზღვრეებმა და დე ფაქტო მთავრობის უსაფრთხოების ძალებმა საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავეს, როცა ის ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთას ცდილობდა. დე ფაქტო მთავრობამ მას ბრალი დასდო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, რაც ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. როგორც წესი, მოქალაქეებს, რომლებიც არღვევენ ე.წ. საზღვარს, აჯარიმებენ და რამდენიმე დღეში ათავისუფლებენ.

ვაჟა გაფრინდაშვილი არის ერთ-ერთი იმ ოთხი ადამიანიდან, რომლებიც 9-დან 11 ნოემბრამდე ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დააკავეს. სამი მათგანი დააჯარიმეს და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოუშვეს. ვაჟა გაფრინდაშვილს უფრო სერიოზულ ბრალს დებენ, რადგან დე ფაქტო მთავრობა მიიჩნევს, რომ მან განზრახ გადაკვეთა საზღვარი. შოთა ბიძინაშვილმა, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად ცხინვალის იზოლატორში ცხრა დღე გაატარა, მედიასთან განაცხადა, რომ ისინი ცივ და ნესტიან ადგილას ჰყავდათ, სადაც ჰაერი არ იყო. მისივე თქმით, დაკავებისას მას თავი დაუზიანდა, მაგრამ სამედიცინო დახმარებაზე უარი მიიღო, პირველი სამი დღის განმავლობაში კი არ აჭმევდნენ. 

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, წამება ან სხვა სასტიკი, არაჰუმანური, ღირსების შემლახველი მოპყრობა საერთაშორისო სამართლის მიხედვით სრულად არის აკრძალული. ასევე, მსგავსი დაკავებები თვითნებურია, არღვევს პირის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლს. ამ გარემოებაში ორივემ, რუსეთმა და დე ფაქტო ხელმძღვანელობამ უნდა უზრუნველყონ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყონებლივ გათავისუფლდეს, მას მიყენებული მორალური ზარალისთვის დაენიშნოს კომპენსაცია. ასევე, უნდა უზრუნველყონ, რომ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არავინ გახდეს წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი" - აღნიშნულია განცხადებაში.

ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში 9 ნოემბრიდან იმყოფება. საქმე ახალგორის ე.წ.-მა სასამართლომ განიხილა. გაფრინდაშვილთან ერთად დაკავებულ სამ მოქალაქეს სასჯელის სახით გაძევება და ფულადი ჯარიმა შეეფარდა, ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ იზოლატორში გადაიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ის ციხეშია გადაყვანილი. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება გრძელდება.

დე ფაქტო რეჟიმი, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, ვაჟა გაფრინდაშვილი აღნიშნულ ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორში იქაური პაციენტების დასახმარებლად მიდიოდა, რადგან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ისინი ვერ ახერხებენ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

ექიმის დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

პრემიერ-მინისტრი ამბობს,რომ მთავრობა ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ მას რამდენიმე არხით აქვს მიღებული ინფორმაცია, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება.

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა დედაქალაქსა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა"თეთრი ხალათების" აქცია თავიანთი კლინიკების ტერიტორიაზე გამართეს.

დაკავებული ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და უკრაინის საელჩო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system