თავში

ექიმის პირველი კომენტარი რუსთავში 18 წლის გოგოს გარდაცვალებაზე

ექიმის პირველი კომენტარი რუსთავში 18 წლის გოგოს გარდაცვალებაზე
ექიმის პირველი კომენტარი რუსთავში 18 წლის გოგოს გარდაცვალებაზე

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 18 წლის გოგო გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ცხვირზე ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, თუმცა ის ოპერაციის დაწყებამდე დაიღუპა. ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ.

როგორც საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე დავით გოგოძე აცხადებს, პაციენტს ანესთეზიის გაკეთებისთანავე მძიმე ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ახალგაზრდა ქალს გული გაუჩერდა.

მისივე თქმით, პაციენტს წინასწარ სინჯი გაუკეთდა და ამის შესახებ ოჯახიც ინფორმირებული იყო. სინჯზე მას რეაქცია არ ჰქონია.

„სამწუხარო შემთხვევა მოხდა, გარდაიცვალა 19 წლის გოგონა. გეგმურ ოპერაციაზე იყო. ოპერაციის დაწყებამდე, ანესთეზიის შეყვანისთანავე განვითარდა მძიმე ანაფილაქსიური შოკი. მიუხედავად დიდი მცდელობისა, მისი გამოყვანა ვერ მოხერხდა. ოპერაცია დაწყებული არ იყო. რა თქმა უნდა, წინასწარ სინჯი გაკეთდა. ოჯახის წევრებმაც იციან, რომ გაკეთდა, თავადაც ნახეს, რეაქცია არ ჰქონდა. სინჯის შედეგებს ვაჩვენებთ ხოლმე ყოველთვის ოჯახის წევრებს. არ არსებობს გარანტია, რომ შოკი არ განვითარდება. ეს გარანტია რომ იყოს, აღნიშნული დაავადება საერთოდ არ იარსებებდა. დაწყებაში ან მიმდინარეობაში ექიმის გადაცდომას ვერ ვხედავ. დიდხანს გაგრძელდა რეანიმაცია, შედეგიც იყო შუალედში, მაგრამ ვეღარ გაძლო ორგანიზმმა და საბოლოოდ გული გაჩერდა. უშუალოდ „ნოვოკაინის“ შეყვანაზე დაეწყო შოკი, პირველივე წვეთიდან. დაახლოებით 10 საათის განმავლობაში გრძელდებოდა ეს ყოველივე. გარდაცვალება დაახლოებით 12 საათზე დაფიქსირდა“, – განაცხადა დავით გოგოძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system