თავში

ეს ბიჭი პირველი არ არის, ვინც მამამ დაიმგზავრა - რას წერს მიკროავტობუსის მძღოლის ქალიშვილი

ეს ბიჭი პირველი არ არის, ვინც მამამ დაიმგზავრა - რას წერს მიკროავტობუსის მძღოლის ქალიშვილი
ეს ბიჭი პირველი არ არის, ვინც მამამ დაიმგზავრა - რას წერს მიკროავტობუსის მძღოლის ქალიშვილი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ სათვალთვალო კამერაზე დაფიქსირებული თეთრი მიკროავტობუსის მძღოლის ქალიშვილის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: 

ქრისტინე ლომაძის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი, მისმა მამამ ნამდვილად ხაშურიდან წამოიყვანა, რომელსაც ხშირად მოჰყავს ადამიანები, თუ თბილისში გამოყოლას სთხოვენ, რადგან ის გადაზიდვებზე მუშაობს და გვიან ღამით მაინც უწევს დედაქალაქში გამგზავრება.

“ორი ძალიან სტრესული და გაუგებარი დღე, როგორც იქნა, დასრულდა.

დარწმუნებული ვარ, ყველამ ბევრჯერ ნახეთ “ მთავარი არხის” რეპორტაჟი, კერძოდ , ნიკა გვარამიას განცხადებები, სადაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ახალ “სკანდალურ” დეტალებზე საუბრობს.

ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ჩვენს ქვეყანაში, და მათ შორის ჩემთვისაც ( ამ კონკრეტულ შემთხვევამდე ) “მთავარი არხი” ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ბევრ ადამიანს დღემდე ღრმად სჯერა და სწამს იმის, რასაც კონკრეტულ არხზე, კონკრეტულ გადაცემებში ამბობენ.

სწორედ ამიტომ, ვწერ ახლა ამ პოსტს, რომ ჩემი მხრივ, ჩემ მეგობრებს მაინც გაგაგებინოთ სიმართლე. ის რასაც ნიკა გვარამია ამ სიუჟეტში საუბრობს არის წმინდა წყლის ცილისწამება.

ეს მიკროავტობუსი ეკუთვნის მამაჩემს. ვინც მე და ჩემ ოჯახს იცნობთ, ყველამ იცით, რომ მამაჩემი უკვე წლებია ქუთაისი-თბილისის რეისს ასრულებს (ტვირთი გადააქვს) თითქმის ყოველ ღამე და საშუალოდ ზუსტად იმ დროს ჩამოდის თბილისში.

მამაჩემი, რომელიც მთელი ცხოვრება დღეს და ღამეს ასწორებს პატიოსანი შრომით და არასდროს არავისთვის ცუდი არ გაუკეთებია, ბატონმა გვარამიამ გამოიყვანა გარდაცვლილი ბავშვის “გვამის გადამზიდად”. მსგავსი ცილისწამება სცდება აბსოლუტურად ყველა ზღვარს.

რაც შეეხება აღნიშნულ პიროვნებას, რომელიც მამაჩემის მანქანიდან გადმოდის, არის ბიჭი, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ აქვს ამ საქმესთან. აღნიშნული ბიჭი მამამ ხაშურში ჩაისვა და დიდუბეში ჩამოსვა.

ამ ბიჭის და ვინმე ამირხანაშვილის საუბარი კი ტელეფონზე დარეკვის თხოვნით შემოიფარგლება. ეს ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, რომელიღაც ადვოკატმა და გარდაცვლილი ბიჭის ბიძამ თქვა. ასევე თავად მაგ ბიჭმა გარკვევით თქვა ინტერვიუში.

ეს ბიჭი პირველი არ არის, ვინც მამამ დაიმგზავრა, ყოველთვის თუ ადგილი აქვს და ვინმე წაყვანას სთხოვს უარს არ ეუბნება. ამ შემთხვევაში კი სიკეთის კეთება საშინელი ცილისწამებით შემოუბრუნდა.

აბსოლუტურად ყველაფერი გამოიძიეს ამ კონკრეტულ საქმეზე, ყველა კამერა ამოიღო გამოძიებამ და ყველა მოწმე დაიკითხა, ამიტომ ეჭვები და კითხვები აღარ არსებობს. თუმცა ბატონი გვარამია აშკარაა ისევ ცილისწამებითაა დაკავებული.”- წერს ქრისტინე ლომაძე.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ, როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი თეთრ პერანგში გამოწყობილ, მიკროავტობუსიდან ჩამოსულ პირს და მას 4 წუთის განმავლობაში ესაუბრება.

გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოითხა ჭიათურის მკვიდრი ლაშა ლურსმანაშვილის, რომელმაც მედიასთან დაადასტურა, რომ თავად არის ის თეთრპერანგიანი პირი, რომელიც გავრცელებულ კადრებში ფიგურირებს.

პირი, რომელიც შაქარაშვილის გაუჩინარების ღამეს, შაქარაშვილის მეგობარსა და საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, გური ამირხანაშვილს დიდუბეში შეხვდა, აცხადებს, რომ ამირხანაშვილს არ იცნობს.

მისი თქმით, თბილისში პირად საქმეზე ჩამოვიდა და არასწორ ადგილას მოხვდა, ამირხანაშვილმა კი მას დარეკვა სთხოვა.

"ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. ერთადერთს გეტყვით: ჩამოვედი ღამე ჩემ პირად საქმეზე, მოვხვდი არასწორ ადგილას, არასწორ დროს. ამირხანაშვილს არავის ვიცნობ. უბრალოდ, ადამიანმა დარეკვა მთხოვა, დასარეკი არ მქონდა", - განაცხადა ლურსმანაშვილმა.

ის საგამოძიებო უწყების კითხვებს თითქმის, 4 საათის განმავლობაში პასუხობდა.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის ედებათ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ თუ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი "თეთრპერანგიან" პირს. კადრებში ასევე ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც სწორედ აღნიშნული პირი ჩამოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system