თავში

ფეხის გულებში გვირტყამდნენ, 2 წელი ქვაზე გვეძინა - რას ყვება ლიბიიდან დაბრუნებული მეზღვაური

ფეხის გულებში გვირტყამდნენ, 2 წელი ქვაზე გვეძინა - რას ყვება ლიბიიდან დაბრუნებული მეზღვაური
ფეხის გულებში გვირტყამდნენ, 2 წელი ქვაზე გვეძინა - რას ყვება ლიბიიდან დაბრუნებული მეზღვაური

ლიბიის საპატიმროდან გათავისუფლებული მეზღვაურები საქართველოში დაბრუნდნენ. 

ერთ-ერთო მეზღვაურის, გენადი კომახიძის თქმით, ლიბიის ციხეში რთულ პირობებში უწევდათ ყოფნა. კომახიძის განმარტებით, ხშირად ფიზიკურად სჯიდნენ და ოჯახთან კომუნიკაციის საშუალებას არ ძლევდნენ. 

"საყოფაცხოვრებო პირობები ძალიან რთული იყო, ქვაზე დაგებული იყო „ადიალები“ და 2 წელი და 4 თვე ასე გვეძინა. მოპყრობა პატიმრების მიმართ, რა თქმა უნდა, არ იყო კარგი. შეზღუდვით ასე აშკარად ვერ შეგვზღუდავდნენ, მაგრამ ეძებდნენ მიზეზს. ფიზიკური დაპირისპირებაც იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი უკან არის და ყველაფერი კარგად არის. ციხის ადმინისტრაციასთან პრობლემები იყო, რადგან მინდოდა დავკავშირებოდი ჩემს ოჯახის წევრებს, მშობლებს. ტელეფონი მინდოდა, რომ კვირაში ერთხელ მათთვის მეთქვა, რომ ცოცხალი ვარ. ამას მიკრძალავდნენ და თუ კრძალავ ტელეფონს, უნდა შექმნა რაღაც პირობები, რომ კვირაში ერთხელ მაინც დაუკავშირდეს პირი სახლს, ახლობლებს. ამას არ აკეთებდნენ და ამის გამო გვქონდა კონფლიქტი. ტელეფონს როცა ნახულობდნენ საქმე ფიზიკურ დასჯამდე მიდიოდა. პირადად მე არ შემხებია ეს ფიზიკური დასჯა. ტელეფონს სად არ ვმალავდით, ეს ტელეფონი, რომ ენახათ „კარცერში“ გადამიყვანდნენ ორი თვით და ფიზიკური დასჯა მოხდებოდა - ფეხებს შეგვიკრავდნენ და ფეხის გულებში გვირტყამდნენ“, - განაცხადა ლიბიიდან დაბრუნებულმა მეზღვაურმა.  

მისი თქმით, სამედიცინო მომსახურებაზე ხელი არ მიუწვდებოდათ, მედიკამენტებს კი თურქეთის საკონსულოს დახმარებით იღებდნენ. 

გათავისუფლებულებული ადვოკატის, ადვოკატ ალი შატუის თქმით, საქმე რთული იყო, თუმცა ქართველი მეზღვაურები გამოძიებას დაეხმარნენ.

„ეს ძალიან დიდი საქმე იყო. მაგრამ მადლობა ღმერთს, წარმატებას მივაღწიეთ. მეზღვაურები მოთმინებით ელოდნენ გათავისუფლებას და ძალიან დაგვეხმარნენ გამოძიებაში. რთული, მაგრამ კარგი სამუშაო გავწიეთ. დაკისრებული იყო დიდი ჯარიმა, მილიონ სამასი ათასი დოლარის ოდენობის, ამიტომ იოლი არ იყო ამ პრობლემის გადაჭრა. სიტუაცია ლიბიაში არ არის სტაბილური, ამიტომ რთული იყო მათთვის თუნდაც საჭმლის გადაცემა ან რაიმე სახის დახმარების გაწევა. ბოლო კვირას, როდესაც გათავისუფლებისთვის ვემზადებოდით, საკმაოდ რთული სიტუაცია იყო, მე თვითონაც მეშინოდა, მაგრამ შეხვდით ერთმანეთს, ერთი ღამე სასტუმროში გავათენეთ და შემდგომ ტრიპოლიდან სტამბოლის გავლით ჩამოვედით თბილისში“, – განაცხადა გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურების ადვოკატმა. 

შეგახსენებთ, 2017 წელს გემის „REX" დაკავებული ეკიპაჟის 11 წევრიდან, სამი საქართველოს მოქალაქე იყო: გემის კაპიტანი გენადი კომახიძე, მეორე თანაშემწე რომან კაკალაძე და მეზღვაური ნუკრი ხოხბა, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებოდნენ ქ. ტაჯურას დამანის ციხეში (Dhaman Prison in Tajura). ამათგან ეკიპაჟის ერთ-ერთი წვერი ნუკრი ხოხბა, 2018 წელს გათავისუფლდა.

ქართველ მეზღვაურებს გამოძიება ნავთობის უკანონო გადაზიდვასა და ლიბიის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შესვლას ედავებოდა, თუმცა მათ ყველა ბარლდება მოეხსნათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system