თავში

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე სტუდენტების პროტესტს ეხმაურება

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე სტუდენტების პროტესტს ეხმაურება
განათლების კომიტეტის თავმჯდომარე სტუდენტების პროტესტს ეხმაურება

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გენადი მარგველაშვილი უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მობილობით გადმოსვლის მსურველი სტუდენტების პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სტუდენტები ეროვნული გამოცდების ჩაბარების ვალდებულების შესახებ წელწიდაზე მეტია ინფორმირებულები არიან. 

„სტუდენტთა ნაწილი, რომელთაც უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მობილობა სურთ, ბოლო რამდენიმე დღეა პროტესტს გამოხატავენ იმის გამო, რომ საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად უწევთ ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმისათვის, რომ პირმა მოიპოვოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება ვალდებულია ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდები, ხოლო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 09/ნ ბრძანების თანახმად კი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სწავლობენ უცხო ქვეყანაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელებას შეძლებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ზოგადი უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.

სტუდენტები, რომლებიც დღეს აპროტესტებენ საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად, კომპეტენციების დადასტურების მიზნით, ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას, ზემოთ თქმული ვალდებულების თაობაზე წელიწადზე მეტია ინფორმირებულები არიან. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხრიდან მათ მიეწოდათ ინფორმაცია მინისტრის ბრძანების შესახებ, შესაბამისად მათი მოთხოვნა გამოცდის მოხსნასთან დაკავშირებით არასამართლიანია.

აქვე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სახელით მინდა მოვუწოდო იმ პირებს, რომლებიც გეგმავენ უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობას, ყურადღება მიაქციონ სახელმწიფო უწყებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ნუ ენდობიან მხოლოდ იმ შუამავალ ორგანიზაციებს, რომელთაც ნებით თუ უნებლიედ შეცდომაში შეჰყავთ სტუდენტები.

და ბოლოს, მინდა სტუდენტებს ხვალინდელ გამოცდაზე წარმატებები ვუსურვო“ - აღნიშნავს მარგველაშვილი.  

შეგახსენებთ, ქართველი სტუდენტები განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ. ახალგაზრდები, რომლებიც უკრაინის, სომხეთისა და აზერბაიჯანის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ, განათლების სამინისტროს ახალ რეგულაციას აპროტესტებენ.

კერძოდ, სამინისტროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული სამი ქვეყნის უნივერსიტეტების სტუდენტებს, მობილობის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტებში გადმოსასვლელად, უნარჩვევებში გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.   

განათლების სამინისტროსთან აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს. პროტესტს მხარს უჭერს მოძრაობა "შეცვალე", რომლის წევრებიც სამინისტროსთან იმყოფებიან. აქციის მონაწილეები სამინისტროს შენობაში შემსვლელ და გამომსვლელ თანამშრომლებს სტვენითა და შეძახილებით აცილებენ. ისინი ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცველებს სამინისტროს შენობასთან კორდონი აქვთ მოწყობილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system