თავში

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის 9 მოქალაქე შეიყვანეს

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის 9 მოქალაქე შეიყვანეს
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის 9 მოქალაქე შეიყვანეს

რამდენიმე წუთის წინ, გუდაურიდან თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში, ვირუსის სიმპტომებით, ჩინეთის 9 მოქალაქე შეიყვანეს, მათ შორის 2 ბავშვია, რომელთაც მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდათ. 

როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბავშვებს კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსებენ.

,,მოიყვანეს უკვე ჩინეთის 9 მოქალაქე, მათგან ორს - ტყუპებს, როგორც გვითხრეს, 6 თუ 7 წლის ბავშვებს აღენიშნებათ ტემპერატურის მომატება. ვინაიდან, აღენიშნებათ ტემპერატურის მომატება და არიან ჩინეთიდან, ეს ბავშვები მიჩნეული არიან შესაძლო შემთხვევად კორონავირუსით ინფექციის. მათ მოვათავსებთ ბოქსირებულ განყოფილებაში. ჩაუტარდებათ ყველა სათანადო გამოკვლევა. თუ გამოირიცხა კორონავირუსით ინფექცია, მათ ჩაუტარდებათ მენეჯმენტი, როგორც ჩვეულებრივ მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციის პაციენტებს და გამოჯანმრთელების შემდეგ გავწერთ კლინიკიდან, ხოლო თუ დადასტურდა ინფექცია, რისი ალბათობაც ნაკლებია, წინასწარი მონაცემებით, ვფიქრობთ, ამ ბავშვებს ეს არ ექნებათ, მაშინ ჩაიტარებენ მკურნალობის სრულ კურსს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღესვე, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის ქვეყანაში შესაძლო გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების თვალსაზრისით ეფექტური ნაბიჯები გადადგა.

პრემიერის თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში გამოვლინდება მსგავსი ვირუსი, ჯანდაცვის სისტემა დღეს სრულად არის მზად, შესაბამისად და ეფექტურად უპასუხოს ამ გამოწვევას.

„ჯანდაცვის სამინისტრო არის ამ მიმართულებით მაკოორდინირებელი ორგანო, სხვა უწყებებიც და შესაბამის უწყებებს მინდა ვთხოვო, რომ სრულად კოორდინირებული შესაბამისი ქმედებები ჰქონდეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან. ჩვენ მივიღეთ პირველ რიგში გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს დროებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტას და შესაბამისად, ეს იყო ყველაზე ქმედითი ნაბიჯი, რომელიც დღეს შეგვეძლო გადაგვედგა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო, საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 7711-მდე გაიზარდა და დაღუპულთა რაოდენობამ 170-ს მიაღწია.

1370 დაინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა. კარანტინში იმყოფება 60000 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system